უსაფრთხოა ძუძუთი კვება, როცა დედა ავადაა?
დიახ, თუ მეძუძური გაციებულია ან გრიპი აქვს, უსაფრთხოა ძუძუთი კვების გაგრძელება, თუნდაც დედას მაღალი ტემპერატურა ჰქონდეს. დედის რძე კვლავ რჩება თქვენი ბავშვის ყველაზე ჯანსაღ საკვებად, მეტიც – ის იწყებს იმ ანტისხეულების გამომუშავებას, რომელიც დაიცავს ბავშვს იმ დაავადებისგან, რომელიც დედას აქვს. თუ ძალიან შეუძლოდ გრძნობთ თავს, გამოწველილ დედის რძეს იგივე სარგებელი მოაქვს – უბრალოდ შეარჩიეთ ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც მას ბოთლით დაალევინებს თქვენს რძეს.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების დროსაც კი, არსებული კვლევებით მტკიცდება, რომ დედის რძე ჩვილი ბავშვების ყველაზე სასარგებლო საკვებია. თუ სიმპტომები გაქვთ, შეგიძლიათ გამოიწველოთ და გაუგზავნოთ ბავშვს რძე, სანამ არ დაგრთავენ ნებას პირისპირ შეხვდეთ. ეს გადაწყვეტილება მიიღება ექიმთან და ლაქტაციის კონსულტანტთან ერთად.
გადადის დაავადება დედის რძით?
გაციებისა და გრიპის ვირუსები არ გადის დედის რძეში. უფრო სერიოზული დაავადებები, როგორიცაა შიდსი, ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსი ან ბრუცელოზი (იშვიათი ბაქტერიული ინფექცია) არის ძუძუთი კვების უკუჩვენება.
როგორ დავიცვათ ჩვილები ვირუსის გადადებისგან?
ვირუსები არ გადადის დედის რძით, თუმცა ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით, ამიტომ მიიღეთ უსაფრთხოების შემდეგი ზომები:
სთხოვეთ ოჯახის წევრებს, დაგეხმარონ ბავშვის მოვლაში, სანამ ავად ხართ. ეს თქვენც წაგადგებათ ძალების აღდგენასა და დასვენებაში, რათა მალევე დაუბრუნდეთ პატარას.
ატარეთ ნიღაბი, როცა ბავშვთან ხართ. აიფარეთ იდაყვი ან ცხვირსახოცი ცხვირ-პირზე დაცემინების ან დახველების დროს.
დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით ხველისა და ცემინების შემდეგ, განსაკუთრებით გამოსაწველი აპარატით სარგებლობის დროს.
ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებით, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება.
იყავით ყურადღებით: თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს აქვს ცხელება, სუნთქვის პრობლემები, მათ შორის ჩქარი ან ნელი სუნთქვა, ან მივარდნილია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გახსოვდეთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ-ერთი საუკეთესო იარაღია თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. მომავალმა დედებმა უნდა გაიკეთონ გრიპის ვაქცინა ორსულობის პერიოდში ან ლაქტაციის დროს, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ახალშობილი 6 თვემდე, ხოლო ჩვილებში დაშვებულია 6 თვის შემდეგ. სასურველია, თუ აიცრება ყველა, ვინც თქვენს შვილთან იმყოფება – პარტნიორის, ძიძის და ოჯახის წევრების ჩათვლით.
რომელი წამლის მიღება შეგიძლიათ?
უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ ნებისმიერი სახის მედიკამენტის მიღებამდე. სიცხის დამწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი წამლები.
რა დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში?
C ვიტამინით მდიდარი საკვები. ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი, მარწყვი, ნესვი, კივი, მანგო, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, პაპაია, ბროკოლი, წითელი კომბოსტო და ისპანახი ხელს უწყობს თქვენს იმუნურ სისტემას.
თუთიით მდიდარი საკვები. ინდაური, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, კვერცხი, იოგურტი, ხორბლის და შვრიის ფაფა დატვირთულია თუთიით და ასევე ხელს შეუწყობს იმუნიტეტის ამაღლებას.
საკმარისი რაოდენობის წყალი. დალიეთ ბევრი წყალი ან თბილი დამამშვიდებელი სასმელები, რომ თავიდან აირიდოთ გაუწყლოვანება. ეს ხელს შეუწყობს დაავადების უფრო სწრაფად გავლას.
ჩართეთ დამატენიანებელი. მშრალმა ჰაერმა შეიძლება გააუარესოს თქვენი ხველა. სახლში ჰაერის ტენიანობის შენარჩუნება დაგეხმარებათ ხველის შემსუბუქებაში.
გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიურით.
შეიძლება ავადმყოფობამ შეამციროს რძე?
კი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვერ აწოვებთ ძუძუს და არ იწველით. თუმცა, ეს დროებითია და რძე ისევ საკმარისად გექნებათ, როცა ხშირად აწოვებთ და გამოჯანმრთელდებით.
წყარო: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი; www.whattoexpect.com