როდესაც აღმზრდელები ურთიერთობის დროს თვალებში უყურებენ და ელაპარაკებიან ჩვილებს, პატარებს უკეთ უვითარდებათ ენობრივი უნარები.
მეტყველების დაწყებამდე ჩვილები სწავლობენ, როგორ შეიძლება სიტყვების გარეშე სხეულით ურთიერთობა. მაგალითად, ხელში დაჭერისას ან ზურგზე ნაზად ხელების მოსმისას მშვიდდებიან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჩვილებს, რომლებიც თვალით კონტაქტს იყენებდნენ თავიანთ აღმზრდელებთან ურთიერთობისთვის, შემდგომში ჰქონდათ უფრო განვითარებული მეტყველება. 1 წლის ბავშვები, რომლებიც გამოსცემდნენ ბგერებს მათი აღმზრდელების სახის ყურებისას, 2 წლის ასაკში აძლიერებდნენ ლექსიკურ მარაგს იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ხშირად არ ამყარებდნენ თვალით კონტაქტს.
როგორც მშობელს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დასკვნები იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ, როგორ ეკონტაქტებით შვილს. როდესაც თქვენი პატარა ტირის, ხმაურის წყაროსკენ აბრუნებს თავს, გიყურებთ ან ბგერებს გამოსცემს, ის რაღაცის თქმას ცდილობს. უპასუხეთ ამ ნიშნებს ისევე, როგორც საუბარში მონაწილე პირს. გაუხმოვანეთ პატარას ის ინფორმაცია, რომლის მოყოლაც უნდა. „როგორც ჩანს, მანქანის სიგნალმა შეგაშინა”.
თქვენ არ გჭირდებათ მხოლოდ თქვენი ბავშვის ქმედებებზე პასუხის გაცემა, მაგალითად ტირილზე. იმაზე დაკვირვებაც კი, თუ საით იყურება თქვენი ბავშვი, შეიძლება სასარგებლო იყოს. თუ ხედავთ, როგორ უყურებს თქვენი ბავშვი გარეთ ფოთოლს, მიუთითეთ მასზე და უთხარით: ეს არის ფოთოლი. ასევე, იმის დანახვა, თუ როგორ საუბრობს ორი ადამიანი სიტყვებით და ჟესტებით, ჩვილებს ეხმარება მნიშვნელოვანი ენობრივი ცოდნის დაგროვებაში. თუმცა, პირდაპირ კავშირს გაცილებით დიდი სარგებელი მოაქვს.
როდესაც თქვენს პატარას ელაპარაკებით, ხშირად შეხედეთ თვალებში. როგორც მოზრდილ ადამიანებს ვაცნობებთ ამით, რომ მათ საუბარს აქტიურად ვუსმენთ, ასეთივე შეტყობინებას ვუგზავნით ჩვილებს. ასევე, მათ ასე ასწავლით, რომ თვალებით კონტაქტი ურთიერთობის ნაწილია. მაშინაც კი, თუ დაკავებული ხართ და ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებთ, შეხედეთ თვალებში, როცა პატარას ელაპარაკებით ან გეღუღუნებათ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი მეტყველების განვითარებისთვის.
წყარო: www.babycenter.com