“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ეკატერინე გელაძე. ინტერვიუში წაიკითხავთ, რომელი ასაკიდან შეუძლია დაეუფლოს ბავშვი მეორე ენას და რამდენად ეფექტურად ფლობს მშობლიურ ენას.
გვესაუბრეთ, როდის არის უცხო ენის დაუფლების ოპტიმალური ასაკი ბავშვებში და როგორ გავიგოთ რამდენად ეფექტურად ფლობს ბავშვი მშობლიურ ენას?
აღნიშნული საკითხის ძირითადი მიზანია იმის დადგენა, თუ რა იგულისხმება ორივე მათგანში, ანუ რას მოიცავს მეორე ენა, როგორც ტერმინოლოგია და რა მნიშვნელობის მატარებელია მშობლიური ენა. საინტერესოა, რა გავლენას ახდენს მშობლიური ენის ფლობის ეფექტურობაზე მეორე ენის შესწავლა და რომელი ასაკია ოპტიმალური მეორე ენის შესასწავლად.
დღეს უკვე უცხო ენის შესწავლა არა უბრალოდ სურვილს წარმოადგენს, არამედ ეს ცოდნა ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს როგორც სულიერი, ასევე მატერიალური თვალსაზრისით.
მშობლიურ ენად, როგორც წესი მიჩნეულია ენა, რომელსაც ბავშვობიდან – სამი წლის ასაკამდე ითვისებენ და ის შეისწავლება ბავშვის ზრდის პროცესში, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ. მეორე ენის ათვისება გარკვეულ გარემოსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ის აუცილებელია დასაქმებისათვის, მოგზაურობისათვის ან შეიძლება წარმოადგენდეს სასკოლო პროგრამას და სხვა.
უცხო ენის შესწავლის საკითხი აქტუალური გახდა მცირე ასაკის ბავშვებშიც. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება ხელს უწყობს ბავშვებში მეორე ენის ათვისებას. ხშირად სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც კი უცხოური მულტფილმებისა თუ თამაშების ხარჯზე უნებურად, ყოველგვარი გონებრივი ძალდატანების გარეშე, ეუფლებიან მეორე ენას, აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მათ ჯერ კიდევ მშობლიურ ენაზე მეტყველებაც კი უჭირთ. ორ ენაზე მოსაუბრე ოჯახის წევრები ან კიდევ თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს უწყობს ბავშვს მეორე ენის ათვისებაში, მაგრამ ამავე დროს აფერხებს როგორც მშობლიური ენის ათვისებას, ასევე ზოგადად მისი ექსპრესიული მეტყველების განვითარებას.
რა არის მშობლიური ენა?
მშობლიური ენა ზოგადად განიმარტება, როგორც ადრეულ ბავშვობაში შეთვისებული ენა. ამ განმარტებაში გვხვდება მცირეოდენი ვარიაციები. ამ ვარიაციათაგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი: «მშობლიური ენა არის ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იგი მოცემულ მომენტში ლაპარაკობდეს ამ ენით“. მშობლიური ენის ამგვარ განმარტებას დავამატებდი, რომ ჩემთვის მშობლიური ენა არის ენა, რომელზეც ბავშვი დაბადებისთანავე იწყებს მეტყველებას ყოველგვარი წინასწარი დასწავლის გარეშე, გაუცნობიერებლად. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მშობლიური ენა არ ნიშნავს სახელმწიფო ენას და ეს ორი არის სრულიად განსხვავებული ცნება. ფსიქოლოგიური შეხედულების მიხედვით ადრეულ ბავშვობად ითვლება დაბადებიდან 3 წლამდე პერიოდი. ამ პერიოდში უამრავი სახეცვლილება მიმდინარეობს, როგორც ფიზიკურ ასპექტში, ასევე ბავშვის გონებრივი განვითარების მხრივაც. თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ არსებულ განსხვავებას განვითარებასა, დასწავლას და შეთვისებას შორის.
რა ასაკობრივი თავისებურებები იჩენს თავს მეორე ენის დაუფლების პროცესში?
ჩვენ მიერ ამ თავში დასმულ საკითხზე, თუ რომელი ასაკია ოპტიმალური მეორე ენის შესასწავლად ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და პედაგოგების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და მუდმივი განხილვისა და კრიტიკის საგანია. აქტუალობას არ კარგავს არც ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტ საიტებზე, სადაც ინტენსიურად განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, როგორც ლოგოპედები ისე პედაგოგები და ფსიქოლოგები, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას. ამ შემთხვევაში, ეს საკითხი ფსიქოლოგიის მხრივ გვაინტერესებს, თუმცა ფსიქოლოგების მოსაზრებებშიც არის გარკვეული განსხვავებები მეორე ენის დაუფლების ასაკთან დაკავშირებით. ჟ. პიაჟეს მოსაზრების მიხედვით: „ახალდაბადებული ბავშვი ლინგვისტური თვალსაზრისით წარმოადგენს სუფთა დაფას, ბავშვს აქვს უნარი შეითვისოს ნებისმიერი ენა იმის მიხედვით, თუ რომელ ენობრივ კოლექტივში იზრდება იგი“.
საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ამერიკელ ფილოსოფოს ნოამ ჩომსკის, რომელმაც თქვა, რომ ახალდაბადებული ბავშვი ლინგვისტური თვალსაზრისით არ წარმოადგენს სუფთა დაფას, რადგან მას თან დაჰყვება გარკვეული გენეტიკური პროგრამა. ეს პროგრამა არის ის მეტყველების ნიჭი, რაც ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს და ადამიანს საშუალებას აძლევს დაეუფლოს მშობლიურ ენას. ამრიგად, მშობლიური ენის შესწავლა თანდაყოლილი პროგრამით ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ენას ვერ ისწავლიდა, ისევე როგორც ცხოველი. ჩომსკის მოსაზრებას სრულიად ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ გენეტიკა გარკვეულწილად განსაზღვრავს ადამიანის მეტყველებას. რაც შეეხება ასაკობრივ თავისებურებებს, მეორე ენის დასწავლა უნდა დაიწყოს ჩვილობის პერიოდში. ეს არის დაბადებიდან -3 წლამდე ასაკი. ამ მოსაზრებებს გარკვეული არგუმენტებით ხსნიან. მათ შორის ყველაზე გავრცელებული არის ის სამომავლო პერსპექტივა, რომელიც ადრეულ ასაკში მეორე ენის შესწავლის შედეგად უჩნდება ადამიანს, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ეს ასაკი მოიცავს ზრდასრულობის პერიოდს. აქაც არის ორი მოსაზრება: პირველი ის, რომ ბავშვს ახალი ენის შესწავლა უნდა დავაწყებინოთ მაშინ, როდესაც უკვე ბოლომდე ათვისებული აქვს მშობლიური ენა. ეს ასაკი არის 5-6 წელი.