პლატფორმა “დედამ იცის” გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მის პრევენციაზე. ჩვენს კითხვებს უპასუხებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ივანე საათაშვილი.
რას მოიცავს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და როგორ ხდება პრევენცია? რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ბავშვს სწორად და რა გავრცელებული მითები და შეხედულებები გვხვდება საზოგადოებაში ამ თემაზე?
ბავშვთა მიმართ ძალადობა ძალიან სენსიტიური, სტრესული და ნეგატიური ემოციით დატვირთული საკითხია. მინდა გესაუბროთ, როგორ ვახდენთ ადრეული ასაკიდან სექსუალური ძალადობის პრევენციას და გაგიზიაროთ პრაქტიკული საკითხები, რომ მხოლოდ განმარტება თეორიულ დებულებებად არ დარჩეს. სექსუალური ძალადობა ნამდვილად სერიოზული პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში და საზოგადოების მხრიდან ტაბუდადებულ თემად რჩება, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ბავშვებს. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის კონტექსტში შემოდის ძალიან ბევრი კულტურული კომპონენტი, რელიგიური ღირებულებები და ა.შ. რეალურად საზოგადოება რასაც იგებს და რაც ჩანს ამ კუთხით ეს არის აისბერგის წვერი, სინამდვილეში კი არცერთი ქვეყნის სტატისტიკა არ გამოხატავს რეალობასთან გამოხატულ სურათსაც კი. ამას ძალიან ბევრი მიზეზი უდევს საფუძვლად, რადგან ძალიან ძნელია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის გამჟღავნება თვითონ ბავშვების მიერ. მეორე მიზეზით თვითონ ოჯახი ცდილობს ასეთმა ამბავმა უხმაუროდ ჩაიაროს, რომ ბავშვს არ მიაწებონ იარლიყები გრძელვადიან პერსპექტივაში. მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ ის ინფორმაციები, რომელიც ჩვენამდე აღწევს, არც თუ ისე მცირე სტატისტიკაა, რადგან ასეთ ამბებს არც თუ ისე იშვიათად ვიგებთ სიუჟეტების სახით ტელევიზიის საშუალებით.
სურათი, რასაც ჩვენ გვიხატავს სატელევიზიო სიუჟეტები ან ზოგადად რაიმე სტატისტიკა, რასაც პოლიცია გვაძლევს ხოლმე, არ ასახავს იმ რეალურ სურათს, რაც არსებობს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის კუთხით. ამბები, რომლებსაც ჩვენ ვიგებთ ტელევიზიით არის ძალიან რადიკალური, შეიძლება ითქვას ბრუტალური შემთხვევები. ბავშვთა მიმართ ძალადობა ძალიან გახშირებულია და ბევრად უფრო ფართო ქოლგა აქვს, რომელიც ძალიან ბევრ ძალადობრივ ქცევას მოიცავს ბავშვთან მიმართებაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს საკითხი დაკავშირებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან და ეს ფაქტორებია: ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ისინი მოქმედებს პიროვნების აღქმაზე და მის ღირებულებებზე. ასეთი განწყობები საზოგადოებაში აყალიბებს მითებს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ და ეს მითები არის ძალიან საშიში რამ, ყველაზე დიდი ბარიერი, რაც ხელს გვიშლის, რომ სწორი და ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ ამ მიმართულებით. არსებული ბარიერები ხელს უშლის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ბავშვის უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი, რომ შესაბამისი პრევენციული მექანიზმები დანერგოს. შევეცდები ჩვენს კულტურაში გაჟღერებულ რამდენიმე მითს შევეხო, რომელიც ძალიან აქტუალურია მშობლებში და საზოგადოებაში.
პირველი მითი, რაც ძალიან დიდი ბარიერი არის ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის – არის „უცხოს“ შიში. მშობლებს და საზოგადოებასაც ჩამოყალიბებული აქვს ასეთი შეხედულება, რომ ბავშვის მიმართ სექსუალური მოძალადე შეიძლება იყოს უცხო ადამიანი და ბავშვებს ადრეულ ასაკშივე ვასწავლით, რომ უცხოს არ უნდა დაელაპარაკოს, უცხოს არაფერი გამოართვას და ჩვენი ეს პრევენციული მექანიზმი, რომ ბავშვს ამას ვასწავლით აგებულია და დამყარებულია მთლიანად “უცხოს” შიშის მითზე. რეალობაში, სტატისტიკურად, როგორც წესი, ბავშვთა მიმართ სექსუალური მოძალადეები არიან ბავშვისთვის ძალიან ნაცნობი ადამიანები – ისინი, ვისაც ბავშვები ენდობიან და ვისთან მარტო დარჩენაც არ ეშინიათ. ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი აღარ ასწავლის შვილს თუ მოსწავლეს, როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი მისთვის ნაცნობი და სანდო ადამიანისგან. ამის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფროსები ძალიან დიდ რესურსს ვდებთ იმაში, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყოს უცხოსგან, მაგრამ რეალური საფრთხე, როგორც ამას სტატისტიკა გვეუბნება, არის ბავშვის ირგვლივ მყოფი ადამიანები, ვისთანაც ის თავს კომფორტულად გრძნობს. ერთ-ერთი მითი ისიც არის, რომ მოძალადე გამოიყურება ძალიან უშნოდ, აცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ძალიან ინფანტილური წარმოდგენა ამაზეც და ეს საფრთხე შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს, ამიტომ გვჭირდება დიდი ინფორმაციული და საპრევენციო რესურსის ჩადება ბავშვში, რადგან ჩვენ ყოველთვის მასთან ვერ ვიქნებით და ბავშვმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად გარკვეული ქცევების განხორციელება, როცა ის თავს ცუდად იგრძნობს.