ბავშვებში უმადობის მიზეზებზე “დედამიცის” ესაუბრება პედიატრი ანა მაღრაძე.
მშობლები ყველაზე ხშირად ბავშვების უმადობის შესახებ ჩივიან. რას უკავშირდება უმადობა ბავშვებში?
მადის დაქვეითების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. გასათვალისწინებელია ის, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ბავშვებს ხშირდ უქვეითდებათ მადა, რაც ფიზიოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული, რადგან, დაბადების პირველ წელთან შედარებით, მცირდება ფიზიოლოგიური ზრდის ტემპი, რის გამოც მცირდება ორგანიზმის ნუტრიენტებზე მოთხოვნილება. ხოლო 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად ეს უკავშირდება კბილების ამოსვლის პროცესს, საკვების ცვლილებას და მყარი საკვების რაციონში დამატებას.
ხშირად უმადობის მიზეზი შეიძლება იყოს ნაკლები ფიზიკური აქტივობა, რაც პანდემიის პირობებში, შეიძლება ითქვას, ცხოვრების წესად იქცა. მეტად სერიოზულ მიზეზებად შეიძლება ჩავთვალოთ ცენტრალური ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი გზების დაავადებები. უმადობა ძალიან ხშირად გვხდება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას, დიარეის ან ყაბზობის, ანგინის, ტონზილიტის მიმდიანარეობისას. მოზარდთა ასაკში კი მადის დაქვეითების მიზეზი ხშირად შეიძლება იყოს ანემია, სტრესი და დეპრესია. უმადობას, შესაძლოა, იწვევდეს ანტიბიოტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი. აგრეთვე, დღის განმავლობაში ხშირ-ხშირი წახემსება, ტკბილეულისა და გაზიანი სასმელის მიღებაც.
არაბალანსირებული კვება შეიძლება თუ არა განვიხილოთ უმადობის ერთ-ერთ მიზეზად და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობაზე?
უმადობის დროს ბავშვი უარს აცხადებს საკვებზე. დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები კი ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მთავარი წყაროა. განსაკუთრებით ზამთარში, საკვები რაციონი ღარიბია ვიტამინებით და მინერალებით, გაზაფხულზე კი იზრდება მოთხოვნა ნუტრიენტების მიმართ, სწორედ ამიტომ ეს პრობლემა თავს იჩენს ისეთ ბავშვებში, რომლებსაც არ უყვართ ხილ-ბოსტნეული და ხორცი, ხშირად აღენიშნებათ ჰიპო და ავიტამინოზი, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ისეთი პრობლემებს, როგორებიცაა: ანემია, კანის სიმშრალე, საერთო სისუსტე და მოთენთილობა, კონცენტრაციის გაუარესება, ყაბზობა, მცირე სხეულის მასა ან ჭარბი წონა, სიმაღლეში ზრდის შეფერხება ან კარიესი. ხშირი ავადობა ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა, რადგან ეს ყველაფერი მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და მას აქვეითებს.
როგორი უნდა იყოს ბავშვის რაციონი?
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის რაციონი იყოს მრავალფეროვანი, ვიზუალურად მიმზიდველი, მდიდარი ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ნახშირწყლებითა და უჯრედისით, რომელთა მთავარი წყაროცაა ხილ-ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული და ბურღულეული.
როგორ ვებრძოლოთ უმადობას ბავშვებში?
უპირველეს ყოვლისა, ბავშვის რაციონში უნდა შეიზღუდოს დიდი რაოდენობით ცხიმის მიღება. ხოლო, შაქარი, მარილი და გაზიანი სასმელი საერთოდ ამოვიღოთ მათი დღის წესრიგიდან. აუცილებლად გასათვალისწინებელია საკვების ულუფა და მიღების ჯერადობა. ეცადეთ, ბავშვს ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი კვების რეჟიმი, იკვებოს ერთსა და იმავე დროს, ულუფების რაოდენობა არ უნდა იყოს მისი ასაკისთვის გათვალისწინებულზე მეტი. კვებიდან-კვებამდე შუალდებში არ მისცეთ ე.წ. სასუსნაოები. სასურველია საკვების მომზადების პროცესში ბავშვის ჩართვა, ასეთ დროს ინტერესი და ნდობა მომზადებული კერძის მიმართ უფრო მაღალია.