კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის მკვლევრები დააკვირდნენ COVID-19-ით ინფიცირებული დედების 101 ახალშობილს. თითქმის ყველა დედამ აირჩია ბავშვის ძუძუთი კვება მშობიარობის შემდეგ. მათ მიიღეს რეკომენდაციები ბავშვის კვების წინ დაებანათ მკერდი და ხელები საპნითა და წყლით და ეტარებინათ ნიღაბი. დედების 3/4 იმავე ოთახში დარჩა, სადაც ახალშობილი იწვა 2 მეტრამდე დაშორებით.
ტესტის შედეგების მიხედვით, ახალშობილებიდან მხოლოდ ორი იყო კოვიდდადებითი და მათ არ აღენიშნებოდათ დაავადების ნიშნები (2 კვირის შემდეგაც კი). ზუსტად არ არის ცნობილი მათი დაინფიცირების მიზეზი.
კვლევაზე დაყრდნობით, ავტორებმა JAMA Pediatrics-ში აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19 გადაეცემა დედებიდან ახალშობილებს, თუ სათანადო ჰიგიენა და დისტანციაა დაცული.
რეკომენდაციები იმაზე, თუ რა უნდა ქნას კოვიდდადებითმა ქალმა მშობიარობის შემდეგ, იცვლება. თავდაპირველად, ზოგიერთ კლინიკაში ახალშობილებს 1 კვირამდე აშორებდნენ დედას. თუმცა, ახალი მონაცემების მიხედვით, ამის აუცილებლობა არ არსებობს. თან ჯანდაცვის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ კანის კანთან კონტაქტის და ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე მშობიარობის შემდეგ.
ამერიკის მეან-გინეკოლოგიის კოლეჯი რეკომენდაციას უწევს “საერთო გადაწყვეტილების მიღებას”, რომელშიც მონაწილეობენ პაციენტი, ოჯახი და კლინიკური გუნდი.
მშობიარობის შემდეგ კანის კანთან კონტაქტი ხელს უწყობს დედასა დაახალშობილს შორის ემოციური კავშირის დამყარებას და კარგია ბავშვის განვითარებისთვის. ძუძუთი კვება ძალიან სასარგებლოა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის და მისი დაწყება საჭიროა მშობიარობიდან მალევე, პირველი 1 საათის განმავლობაში. მკვლევრების თქმით, დედის რძე შეიძლება შეიცავდეს ანტისხეულებსაც კი, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებათ.
წყარო: www.babycenter.com