ზაფხული დადგა, სკოლა დამთავრდა. ბავშვებისთვის თავგადასავლების და მხიარული დღეების დრო მოვიდა, როდესაც ბავშვი ყველაზე თავისუფალი და ბედნიერია. ხშირად, საზაფხულო არდადეგების დროს მშობლები და მასწავლებლები შიშობენ, რომ ამ პერიოდმა შესაძლოა ბავშვი “გააზარმაცოს” და რუტინიდან ამოაგდოს, რის გამოც ისინი ითხოვენ ბავშვმა იმეცადინოს ყოველდღიურად, ისე როგორც სკოლაში. ფსიქოლოგი ელენე ქორიძე გვესაუბრება, რა გავლენას ახდენს ბავშვზე არდადეგების დროს დავალებებით დატვირთვა და როგორი უნდა იყოს პროდუქტიული არდადეგები მისთვის.
მშობლები არდადეგების დროს ხშირად ამეცადინებენ ბავშვებს სასკოლო პროგრამით და მასწავლებლებიც ხშირად ავალდებულებენ ბავშვებს გადაიმეორონ განვლილი მასალა. რამდენად მიზანშეწონილია და რა გავლენას ახდენს ბავშვზე ეს?
მოდი, გავიხსენოთ, როდის ვიყავით ყველაზე ლაღები, ბედნიერები, როდის გვქონდა ახალი აღმოჩენების პერიოდი, თავგადასავლებით დატვირთული დღეები. უმეტეს შემთხვევაში ეს ბავშვობის პერიოდს უკავშირდება, სკოლის დამთავრებას და საზაფხულო არდადეგების დაწყებას. ზაფხულის თვეები ხომ ერთი დიდი თავგადასავალია! დატვირთული წლის შემდეგ კი ბავშვისთვის დიდი შვებაა, რომ ახლა შეუძლია დრო ისე გაატაროს, როგორც თვითონ უნდა და აკეთოს ის, რაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ხშირად მასწავლებლები და მშობლები ფიქრობენ, იმისთვის, რომ ბავშვი “ფორმიდან” ან რეჟიმიდან არ ამოვარდეს, აუცილებელია ზაფხული დავტვირთოთ დავალებებით, ვამეცადინოთ ისე, როგორც სკოლის პერიოდში, ოღონდ სწავლას არ გადაეჩვიონ! ამ საკითხს ყველა მშობელი სხვადასხვაგვარად ეკიდება იმის მიხედვით თუ როგორია მისი აღზრდის სტილი და საკითხისადმი დამოკიდებულება. ზოგი მკაცრად მოითხოვს ბავშვმა ყოველდღე აკეთოს დავალება, ზოგს უჭირს გაკონტროლება, თუმცა ბავშვთან ერთად შფოთავს, რომ “რაღაც არ არის რიგზე”, ზოგი კი საზაფხულო დავალებებს ზაფხულის მიწურულისთვის ინახავს და პრაქტიკულად სკოლის დაწყების წინა დღეებში ბავშვთან ერთად ღელავს, რომ მოასწროს, ზოგს შეიძლება არც კი გაახსენდეს, რომ მის შვილს საზაფხულო დავალება ჰქონდა. ბევრი განსხვავებული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ და შესაბამისად ამ სცენარში ბავშვის რეაქციებიც ბევრნაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, ბავშვები მეცადინეობენ მაშინ, როდესაც მათი თანატოლები ეზოში თამაშობენ და ერთობიან, მეცადინეობენ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უნდათ იყვნენ იქ, სადაც სხვები არიან, ან დაკისრებულ საზაფხულო დავალებას გულს ვერ უდებენ, რადგან გართობა და თანატოლებთან ყოფნა ურჩევნიათ, თუმცა მუდმივ დაძაბულობას გრძნობენ და აქვთ განცდა, რომ “რაღაცას აშავებენ”. ზაფხულის დროს მეცადინეობა და სწავლა ძირითადად იძულებითია, ეს არ არის ბავშვის სურვილი, რაც სტრესულია. შესაბამისად, ილუზიაა იმის ფიქრი, რომ ეს ბავშვს რაიმე სარგებელს მოუტანს. ამ სცენარში ყველა თავის “ვალს იხდის” – მასწავლებელიც, მშობელიც და ბავშვიც, რაც სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და სწავლის მოტივაციაზეც კი შეიძლება ცუდად აისახოს. სხვაა თუ საზაფხულო დავალებას შემოქმედებითი ხასიათი აქვს და მორგებულია ბავშვის ასაკსა და ასაკის შესაბამის ინტერესებს. მაგალითად, შეიძლება იყოს დავალება ბიოლოგიაში, რომ ბავშვმა აწარმოოს გარკვეული დაკვირვებები, თუნდაც მცენარეებზე, დარგოს, გაახაროს ან შეაგროვოს, აწარმოოს დღიური და სხვა. ასეთი ტიპის დავალება შესაძლოა ძალიან სახალისოც იყოს და შემეცნებითიც. ისტორიაში შეიძლება იყოს დავალება, სადაც ბავშვი მოაგროვებს ინფორმაციას იმ სოფელზე, ქალაქზე თუ საკურორტო ზონაზე, სადაც უწევს დასვენება.. მოკლედ, ალბათ ეს მასწავლებლის კრეატიულობაზეა დამოკიდებული. მგონია, რომ ასეთი დავალება არ იქნება “ტვირთი” ბავშვისთვის. თუკი ბავშვს გარკვეული საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს და პროგრამას ჩამორჩება, მნიშვნელოვანია მასაც შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ნაკლებ სტრესული და სახალისო იქნება და რაც მთავარია, ბავშვის ინტერესების შესაბამისი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ინტერესი უნდა იყოს უპირატესი – ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები და ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაში, გართობა, სილაღე, კარგი თავგადასავლები ისევე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, როგორც განათლების მიღება.
რისთვის სჭირდებათ ბავშვებს საზაფხულო არდადეგები და რა უნარები შეიძლება განუვითარდეთ მათ თუ ისინი დროს თავისუფლად გაატარებენ?
სკოლის პერიოდი თითოეული ბავშვისთვის მეტნაკლებად სტრუქტურირებულია. მათ აქვთ განსაზღვრული რუტინა, დაგეგმილი აქტივობები დღის განმავლობაში, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელია მათი კოგნიტური თუ ემოციური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, მაგრამ ასევე აუცილებელია გარკვეული ბალანსის პოვნა სტრუქტურირებულ და ნაკლებსტრუქტურირებულ დროებს შორის. ზაფხულის პერიოდი კი სწორედ ასეთია და გვაძლევს შესაძლებლობას მეტად მოქნილები ვიყოთ. მშობლებსა და ბავშვებს შეუძლიათ ერთობლივად დაგეგმონ დღე, რას გააკეთებენ მთელი დღის განმავლობაში, წავლენ სალაშქროდ, პიკნიკზე, ითამაშებენ განსხვავებულ თამაშებს ეზოში ან სახლში, წაიკითხავენ წიგნს თუ ა.შ. ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა პასუხობდეს ბავშვის განვითარების საფეხურს და მის საჭიროებებს. ამ პროცესში ბავშვის ჩართულობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს ხელს უწყობს მშობელსა და ბავშვს შორის ნდობითი და მხარდამჭერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, თანატოლებთან ურთიერთობას. თამაში ხშირად მხოლოდ თამაში არ არის, ის ერთ-ერთი ძირითადი განმავითარებელი კომპონენტია, საიდანაც ბევრი რამის სწავლა შეუძლია ბავშვს, როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, უკავშირდება შემოქმედებითობას, ხელს უწყობს კოგნიტური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და გაძლიერებას.
როგორი უნდა იყოს პროდუქტიული საზაფხულო არდადეგები და რას ურჩევდით მშობლებს?
პროდუქტიული საზაფხულო არდადეგები არის არდადეგები, რომელიც თავიდან ბოლომდე ერგება და პასუხობს ბავშვის საჭიროებებს, სურვილებს. ის, რაც ყველა ბავშვისთვის ძალიან ძვირფასია, მშობლებთან გატარებული ხარისხიანი დროა, მათთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და სწორედ მაშინ, როდესაც ეს კომუნიკაცია, უხეშად რომ ვთქვათ, გაწყვეტილია, ბავშვი ამის შევსებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს, ხშირ შემთხვევაში კი ეს ონლაინ სამყაროსთანაა დაკავშირებული. მშობლებსა და ბავშვებს შეუძლიათ ერთობლივად დაგეგმონ დღე ისე, რომ ყველა აქტივობას თავისი დრო ჰქონდეს, იყოს სახალისოც, განმავითარებელიც და რაც მთავარია, ნაკლები სივრცე დავუტოვოთ ეკრანთან გატარებულ დროს. მსგავსი აქტივობებით შევსებული დღეები კიდევ უფრო დიდ კვალს ტოვებს გრძელვადიან პერსპექტივაში. მთავარი კითხვა თუ რისთვისაა ზაფხული – სწავლისთვის თუ დასვენებისთვის? ერთი მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ ვაკეთებთ ამას.