პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი მერი გიუნაშვილი.
გვესაუბრეთ, როგორ გავხადოთ ვარჯიში ბავშვებისთვის მიმზიდველ საქმიანობად და რატომ არის ფიზიკური აქტივობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი?
ვარჯიშისადმი ბავშვების ყოველდღიური წახალისებით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა და მოვახდინოთ პრევენცია ისეთი დაავადებების, როგორიცაა სიმსივნე ზრდასრულ ასაკში.
მოზრდილთა მსგავსად ბავშვებსაც ესაჭიროებათ ფიზიკური აქტივობა, რათა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშის თანახმად, 12 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ფიზიკურად აქტიურია ბიჭების 50%, ხოლო გოგონების 34%-ზე ნაკლები. ბავშვებში, რომლებიც არ არიან ფიზიკურად აქტიურები, მაღალია კარდიოვასკულური და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი.
კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიანი ბავშვების 80% ზრდასრულ ასაკში ავადდებიან სიმსუქნით. სიმსუქნე არის მაღალი რისკი სხვადასხვა სიმსივნის განვითარების, როგორიცაა სწორი ნაწლავის, ძუძუს და ენდომეტრიუმის სიმსივნეები.
6 წლამდე ასაკის ბავშვები ისეთი ბუნებრივი ფიზიკური აქტივობებით უნდა კავდებოდნენ, როგორიცაა: ხტუნვა, სირბილი, ბარიერზე გადახტომა და ა.შ. 6 დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში დატვირთვის ინტენსივობა იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ გულისცემის სიხშირე მინიმუმ 1 საათით მაინც გაიზარდოს, კვირაში 5 დღე.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს იმოძრაონ მეტი?
- თქვენი შვილები უყურებენ და იმეორებენ თქვენს ჩვევებს, კარგსაც და ცუდსაც. თუკი თქვენი შვილი ხედავს, რომ ხართ ფიზიკურად აქტიური და მხიარული, დიდი ალბათობით ისინიც გახდებიან აქტიურები და დარჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე.
- ფეხით ატარეთ სკოლაში. ესტუმრეთ მეგობრებს ველოსიპედით ან გაისეირნეთ პარკში გორგოლაჭებიანი ციგურებით. გააჩერეთ მანქანა პარკირების უკიდურეს წერტილში, რათა ფეხით დაფაროთ მანძილი, ხოლო ლიფტის ნაცვლად გამოიყენეთ კიბეები.
- აქციეთ ფიზიკური აქტივობა თქვენი ოჯახის ყოველდღიურობად. მოიფიქრეთ ჯგუფური თამაშები. ერთად ისეირნეთ პარკში, მოაწყვეთ პიკნიკები, სადაც ერთად ითამაშებთ ფეხბურთს, ფრენბურთს, დაჭერობანას და ა.შ.
- გართობის სახე. ბავშვებს უყვართ მხიარულება. ფიზიკური აქტივობა მათთვის სასიამოვნო და გასართობი უნდა იყოს. იცეკვეთ და ივარჯიშეთ საყვარელი მუსიკის ფონზე; ისეირნეთ ზოოპარკში, რომ ფეხით სიარული გახადოთ მრავალფეროვანი.
- ბავშვებს მოსწონთ თანატოლებთან ერთად თამაში, შეეცადეთ მათი მეგობრებიც ჩართოთ ვარჯიშის პროცესში.
- აქციეთ ფიზიკური აქტივობა შეჯიბრად: ვინ უფრო სწრაფად დარბის, ვინ უფრო მაღლა ხტება, ვინ მოარტყამს სამიზნეს ზუსტად, ვინ უფრო მეტ ბუქნას გააკეთებს და ა.შ. გამარჯვებული დაასაჩუქრეთ.
- დაიხმარეთ შვილები საყოფაცხოვრებო საქმეებში, მაგალითად, საკუთარი ოთახის დალაგებაში, დაავალეთ ძაღლის გასეირნება, დაბანა და ა.შ.
- ისეთი საჩუქრები, რომლებიც უფრო მეტად წაახალისებს ფიზიკურ აქტივობას. მაგ.: გორგოლაჭებიანი ციგურები, ველოსიპედები, ფეხბურთის, კალათბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთი და ა.შ.
- უმცირეთ ტელევიზორსა და კომპიუტერთან წვდომის დრო. შესთავაზეთ მათ აქტიური ალტერნატივები, როგორიცაა სკოლაში არსებული სპორტული წრეები, ტანვარჯიში, ცურვა ან სხვა, რომელიც მათ მოსწონთ. ტელევიზორის ერთად ყურების დროს, რეკლამის პერიოდში ყველა ოჯახის წევრს უბიძგეთ აქტიურად მოძრაობისკენ. მაგალითად, შეასრულეთ ხტომითი ვარჯიშები, ჰულა ჰუპის და/ან ლახტის გამოყენებით.
- დაგეგმეთ საოჯახო დასვენება ერთი ან ორი აქტივობის გარშემო. მაგალითად: ლაშქრობა, სეირნობა მდინარეზე, კემპინგი ან ჯომარდობა, თევზაობა. აღმოაჩენთ ახალ ადგილებს და ასწავლით თქვენს შვილებს ბუნების სიყვარულს. გარდა ამისა, აქტივობები, რომლებსაც მოსინჯავთ დასვენების დროს, შესაძლოა თქვენი ოჯახის ჰობიც კი გახდეს და წლების განმავლობაში დაკავდეთ აღნიშნულით.
რეგულარული ვარჯიში შესაძლოა დაეხმაროს ბავშვებს სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან, უკეთ სწავლობენ სკოლაში, ვიდრე ისინი, ვინც პასიური ცხოვრების სტილით ცხოვრობენ.
ფიზიკური აქტივობა ეხმარება ბავშვებს გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ვარჯიში შესანიშნავი საშუალებაა სტრესის საწინააღმდეგოდ და ენერგიის დასახარჯად.
გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და ერთმანეთს არ ჰგავს. ზოგიერთს უკეთესი მოტორული უნარები აქვს და მეტად აქტიურები არიან, ზოგი ბავშვი კი ნაკლებად. მშობელმა უნდა შეძლოს მისცეს მაგალითი საკუთარ შვილს და მოანდომოს ვარჯიში.
ამიტომ, აირჩიეთ ისეთი ფიზიკური აქტივობები, რომლებიც ბავშვებისთვის სასიამოვნოა და სტიმულის მიმცემი იქნება.