Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პედიატრი ჯაბა ყიფიანი “დედამიცის” ესაუბრება ბავშვთა კვებაში ვეგეტარიანიზმის შესახებ.

გვესაუბრეთ ვეგეტარიანიზმის შესახებ. რა ტიპის ვეგეტარიანიზმი არსებობს და რა არის მნიშვნელოვანი ასეთ დროს?

ვეგეტარიანიზმი რამდენიმე ქვესახეობას მოიცავს. ტერმინოლოგიურად ვეგეტარიანიზმში გაერთიანებულია სხვადასხვა ჯგუფი. მაგ. ნაწილობრივ ვეგეტარიანელი, რომლებიც ხორცეულიდან ღებულობენ მხოლოდ ფრინველის ხორცს და თევზეულს  და არ ღებულობენ კურდღლის ხორცს, საქონლის ხორცს და ა.შ. ეს ჯგუფი ნაწილობრივ ვეგეტარიანელად არის მიჩნეული. არიან ლაქტოვოვეგეტარიანელები, რომლებიც ცხოველური პროდუქტებიდან ღებულობენ რძეს, რძის პროდუქტებს და კვერცხს. შემდეგი დონის ვეგეტარიანიზმიდან არიან ვეგანები, რომელთაც საერთოდ ამოღებული აქვთ ყოველგვარი ცხოველური და თევზეული პროდუქტები, რძისა და რძის პროდუქტების ჩათვლით. ვეგეტარიანიზმის ერთ-ერთი ქვესახეობაა ასევე ფრუიტარიანელები, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ ხილით, თხილითა და ნიგვზით, სხვადასხვა თესლით, თაფლით, მარცვლეულით, ზეითუნის ზეთით და ა.შ.  როდესაც შეგნებულად გადავდივართ ვეგეტარიანიზმის რომელიმე სახეობაზე, სასურველია ვიცოდეთ რა დონის ვეგეტარიანელობაზე გვაქვს პრეტენზია. 

გვესაუბრეთ ბავშვებში ვეგეტარიანიზმის შესახებ. როგორ უნდა იკვებებოდნენ ბავშვები, რომ მიიღონ დაბალანსებული საკვები და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა?

6 თვემდე ყველა ბავშვი ლაქტოვეგეტარიანელია. იმ ბავშვებს, რომლებსაც ბალანსირებულად ვეგეტარიანულ კვებაზე ამყოფებენ მშობლები, სხვადასხვა კვლევების მიხედვით წონა/სიმაღლის თანაფარდობა  და სხვა ანთროპომეტრული მონაცემები  ნორმაში აქვთ, თუ კი ბალანსირებულად აქვთ საკვები მიღებული.  ბავშვები ამ დროს უნდა ღებულობდნენ B12 ვიტამინს საკმარისი რაოდენობით, რკინას, თუთიას და ა.შ. როდესაც, ბავშვი ვეგეტარიანულად იკვებება, სასურველია მან მიიღოს  პარკოსნები, სხვადასხვა მარცვლეული, კვერცხი, რძის პროდუქტები. ვეგეტარიანული პროდუქტებიდან ასევე აღსანიშნავია  ფერმენტირებული სოიო – ტემპა და ასევე ტოფუ, რომელიც კორეული და ჩინური სამზარეულოების წყალობით ჩვენთანაც შემოვიდა. “ტოფუ”  არის სოიოს ფერმენტირებით მიღებული პროდუქტი, რომელიც ყველის კონსისტენციისაა, ძალიან გემრიელია და ცილის დიდ მარაგს  შეიცავს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები  ბავშვმა შეიძლება მიიღოს  მიიღოს  სელის თესლისგან, მუქი ფერის ბოსტნეულისგან, თევზის ქონისგან, თხილი, ნიგოზი და ტოფუ, ისევ. 

ცნობილია, რომ რკინის ძირითადი წყარო არის ხორცში. ვეგეტარიანული კვების დროს რა უნდა მიიღოს ბავშვმა რკინის საჭირო მარაგის შესავსებად?

ხორცის გარდა  რკინით მდიდარია პარკოსნები, თხილი, ნიგოზი, ხილის ჩირი, ისპანახი და ასევე, რკინით გამდიდრებულ მარცვლეული. რას ნიშნავს “გამდიდრებული”? მარცვლეულ პროდუქტებში ხელოვნურად შეტანილია ელემენტური რკინა, რომელიც ორგანიზმს ადვილად შეეთვისება. მოსახლეობაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, თითქოს რკინით მდიდარია ვაშლის რომელიმე კონკრეტული ჯიში; სინამდვილეში ვაშლში მცენარეთა შორის ყველაზე ცოტა რაოდენობით არის რკინა და არც ჭარხალში არის დიდი რაოდენობით რკინა. იმ გაგებით, რომ ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას და დიდი რაოდენობით ჩავრთოთ კვების რაციონში, მაინცდამაინც არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება კალციუმს, კალციუმით მდიდარი არის კეილი, ბროკოლი, გამდიდრებული ციტრუსის წვენი, გამდიდრებული სოიო, ლეღვი, რძის პროდუქტები. თუთიით მდიდარია მარცვლოვანი პარკოსნები, თხილი, გაღვივებული ხორბალი, მაკარონი-პასტა, რომელიც დამზადებულია არა უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, არამედ მთლიანი მარცვლის დაფქვით მიღებული ფქვილისგან. ფქვილი, რაც უფრო მაღალი ხარისხისაა, მით უფრო ნაკლები რაოდენობის  ხორბლის ქერქის მინარევებს შეიცავს. სასურველია, გამოვიყენოთ მთლიანი მარცვლის ფქვილი, რომ მასში დიდი რაოდენობით იყოს თუთია. რაც შეეეხება ფოლატებს, მას  დიდი რაოდენობით შეიცავს პარკოსნები, მუქი მწვანე ბოსტნეული, პური. B12 ვიტამინს ასევე შეიცავს პური, გამდიდრებული სოიო. ძალიან ხშირად ვახსენე სიტყვა “გამდიდრებული”, სასურველია, მშობლებმა იცოდნენ, რომ  თანამედროვე მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გვაქვს  საშუალება, პროდუქტის გამდიდრება მოხდეს სხვადასხვა ტიპის მიკროელემენტებით და დანამატებით და  ასეთი მიკროელემენტებით გამდიდრებულია  საბავშვო ფაფებიც. ბუნებრივად მარცვლეული არ შეიცავს რკინას და ფოლატებს, მაგრამ ხელოვნურად არის დამატებული ეს ელემენტები, რომ ადამიანმა მიიღოს მისთვის საჭირო დღიური დოზა  საკვებთან ერთად.

და მაინც, ძალიან რთულია ბავშვებისთვის გემოების შერჩევა და შეყვარება. რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ასეთ დროს, როდესაც ბავშვი უარს ამბობს რომელიმე მნიშვნელოვანი საკვების მიღებაზე?

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები დაბალანსებულად იკვებებოდნენ, თუმცა ამის მიღწევა ძალიან ძნელია. სკოლამდელი და ბაღის ასაკის ბავშვებს აქვთ ე.წ. გემოს პრეფერენციები, რაც ნიშნავს იმას, რომ  მათ აქვთ არჩეული რამდენიმე საკვები და იმის იქით, არ უნდათ ახალი გემოს  გასინჯვა. თუმცა, ამ პრობლემის  მთავარი გასაღები – მშობლის მოთმინებაშია, რომელიც არ უნდა დანებდეს  და მუდმივად უნდა  შესთავაზოს  ბავშვს ის საკვები, რაზეც ის უარს ამბობს. გამოსავალი არის იმაში, რომ კი არ ვცვალოთ საკვები, არამედ მუდმივად შევთავაზოთ, სანამ ბავშვი მის გემოს არ შეეჩვევა. მაგალითად, არ მოსწონს ბავშვს რაიმე ფაფა, მაგრამ თქვენ თუ ამ ფაფას ერთი კვირის ან ორი კვირის მანძილზე მუდმივად შესთავაზებთ, რაღაც ეტაპზე ამ გემოს მიეჩვევა და დაიწყებს ამ ახალი საკვების მიღებსაც. ეს ეხება ხილსაც, ბოსტნეულსაც და ა.შ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5