პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
რომელი საკვები ნივთიერებები სჭირდებათ ბავშვებს?
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად მიიღოს ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების, მიკრონუტრიენტების (ვიტამინები, მინერალები და ა.შ) ადეკვატური რაოდენობა, რომლის მიღებაც შესაძლებელია დაბალანსებული და მრავალფეროვანი დიეტით.
რა არის ცუდი მადის მიზეზი და რამდენად მიზანშეწონილია ამ დროს ბავშვისთვის ვიტამინების მიცემა?
მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ სხვადასხვა პრობლემა გვხვდება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. მაგალითისთვის, ახლად ფეხადგმულებისა და სკოლამდელი ბავშვების პრობლემა არის მადის ხშირი ცვლილება, ხოლო სკოლის პერიოდში – ხილის, ბოსტნეულის და ცილის სათანადო რაოდენობით მიღება.
უდიდეს უმრავლესობაში ეს პრობლემები სხვადასხვა ინფექციურ თუ არაინფექციურ დაავადებებთან კავშირში არ არის. თითოეულ მშობელს უნდა ავუხსნათ, რომ კვების ჰიგიენის სწავლება პატარა ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ.
პირველ რიგში, უნდა შევქმნათ ჭამის სათანადო გარემო, რომელიც, იდეალურ ვარიანტში, უნდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც ბავშვს ყურადღება არ გაეფანტება. ოჯახური სადილი კი უდიდეს მნიშვნელობას თამაშობს ბავშვებში, რამეთუ მსგავსი აქტივობების დროს უნდა შეიძინოს ჯანსაღი კვების ჩვევები და აითვისოს კვების სოციალური ასპექტები. კვლევებით არის დადასტურებული, რომ მსგავსი აქტივობები ამცირებს ჭარბწონიანობის და ცუდი კვებითი ჩვევების შეძენის რისკს.
როდის სჭირდება ბავშვს ვიტამინების ხელოვნური დანამატები?
მიღებულია, რომ დაბადებიდან ძუძუზე მყოფი ბავშვების სუპლემენტაცია D ვიტამინით საჭირო და აუცილებელია დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. D ვიტამინის რაციონში ჩამატება საჭირო შესაძლებელია გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვი არასათანადო რაოდენობით იღებს D ვიტამინით გამდიდრებულ ხელოვნურ ფორმულას. როგორც წესი, 400 ერთეული/დღე არის მოწოდებული რაოდენობა 12 თვემდე და 600 ერთეული/დღე 18 წლამდე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველდღიური 15 წუთიანი ექსპოზიცია შუადღის მზეზე საკმარისია დღიური D ვიტამინის ბუნებრივად მისაღებად და 24 თვის ასაკის შემდგომ, ამ ტაქტიკის არჩევა ჯობია, მინიმუმ, ფინანსური მხრივ.
იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც მკაცრ ვეგანურ დიეტაზე არიან ან რომელთა მშობლებიც დამატებით კვებაში მხოლოდ ვეგანურ დიეტას იყენებენ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას B12 ვიტამინის დამატება მანამდე, სანამ B12-ით გამდიდრებულ დამატებით მყარ კვებაზე გადავა ბავშვი.
თუ ბავშვს აქვს დაავადება, რომელიც ხელს უშლის ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას (ცხიმის მალაბსორბცია, ღვიძლის ქრონიკული ქოლესტაზი და ა.შ.), ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ A, D, E და K ვიტამინების დამატება.
თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებების დროს B ჯგუფის ვიტამინები სამკურნალოდაც კი გამოიყენება.
კიდევ ბევრი მდგომარეობა შეიძლება ჩამოვთვალოთ, როდესაც სხვადასხვა მიკროელემენტის ან ვიტამინის დამატება საჭიროა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელ ბავშვს, რომელიც სწორად იკვებება ანუ დაბალანსებული ფართო საკვები რაციონი და მზეზე ყოველდღიური 15 წუთიანი ექსპოზიცია აქვს, რუტინულად არ უნდა დასჭირდეს ვიტამინების და მინერალების ჩართვა.
და პირიქით, თუ არ იკვებება ფართო რაციონით და რაციონიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ რომელიმე კონკრეტულ ვიტამინს ან მინერალს ვერ იღებს, შესაძლებელია მისი დამატებით მიცემა.