“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქარელი.
გარკვეული წესების მიყოლა და მოქმედების საზღვრების გაცნობიერება მნიშვნელოვანი სოციალური უნარია. გვესაუბრეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი აღზრდის პროცესში ამ კომპონენტის გათვალისწინება?
ასაკის მატებასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებასთან ერთად ბავშვს სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში ადაპტაცია უხდება, იქნება ეს ბაღი, სკოლა, სპორტული წრეები თუ სხვა. წესების ცოდნა ეხმარება მას გაეცნოს გარემოს თავისებურებებს და გაერკვეს, რას მოელიან მისგან. წესები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადაპტაციის პროცესში. დაბნეულობისა და შფოთვის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ და მოთმინებით ვუპასუხოთ მის კითხვებს.
ჩვეულებრივ, მკაცრად განსაზღვრულ წესებს ბავშვი პირველად სასკოლო გარემოში ხვდება, სასურველია, მშობელი უკვე ადრეულ ასაკში ესაუბროს მას წესების მნიშვნელობის შესახებ. სკოლის ასაკამდე, როდესაც ბავშვი დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, სასურველია მშობელმა ბავშვთან ერთად შეიმუშაოს გარკვეული წესები, მაგალითად, დაგეგმოს დღე, დაეხმაროს სივრცის მოწესრიგებაში, შეუთანხმდეს, დაძინების დროზე და ა.შ. ერთი სიტყვით, მოამზადოს ბავშვი უფრო სტრუქტურირებული სიტუაციებისთვის. როდესაც ბავშვს აქვს წესების დაცვის პრაქტიკა, მას ნაკლებად უჭირს აკადემიური სივრცის მოთხოვნებთან შეგუება. მოზარდობის ასაკიდან, როდესაც დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა თვალსაჩინოა, კიდევ უფრო ეფექტური ხდება წესების ერთობლივად შემუშავება და მოზარდის ინტერესებისა და მოსაზრებების გათვალისწინება. მნიშვნელოვანია, რომ წესები, რომლის დაცვაც ბავშვს ან მოზარდს ევალება, შეესაბამებოდეს მისი განვითარების საფეხურს.
თუ ბავშვი ფიქრობს, რომ “მას ყველაფრის უფლება აქვს”, ცდილობს დაარღვიოს წესები, არ ემორჩილება და არ ცნობს იმ წესებს, რომელიც მისი ოჯახის (ან სხვა) კულტურისთვის მნიშვნელოვანია, შესაძლოა თუ არა პრობლემები შეექმნას მომავალში სხვადასხვა ურთიერთობების დროს?
სანამ ბავშვის დაუმორჩილებლობაზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია მშობელი დარწმუნდეს, რომ ბავშვს ნამდვილად ესმის, რას მოელიან მისგან. სასურველია, მშობელი ფლობდეს ინფორმაციას კონკრეტულ ასაკში ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარების შესახებ, რათა ობიექტურად შეაფასოს, რამდენად რეალისტური მოთხოვნები აქვს მის მიმართ და შეუძლია თუ არა ბავშვს, გაუმკლავდეს პასუხისმგებლობას, რომელსაც აკისრებენ. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ასაკიდან განსაკუთრებით აქტუალური ხდება წესების შემცველი თამაშები თანატოლებთან. ბავშვს სტრუქტურირებული გარემო ეხმარება სიტუაციის გაკონტროლებაში. სწორი კომუნიკაციით, მშობელს შეუძლია ხელი შეუწყოს წესების ყოველდღიურ საქმიანობაში გადატანას.
ბავშვის წარმოდგენა, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, ზრდასრულ ცხოვრებაში ხშირად იმედგაცრუებისა და ფრუსტრაციის მიზეზი ხდება. ზრდასრული ადამიანების ურთიერთობა ხომ ძირითადად შეთანხმებასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც კომპრომისებსა და გარკვეული წესებისადმი დაქვემდებარებასაც მოითხოვს. ადამიანს, რომელიც მუდმივად უგულებელყოფდა წესებსა და ნორმებს, სავარაუდოდ გაუჭირდება უმტკივნეულოდ ჩაერთოს სოციალურ აქტივობებში, ენდოს სხვებს, შეეძლოს კრიტიკის კონსტრუქციულად მიღება და ა.შ.
რატომ არის დისციპლინა ბავშვისთვის კარგი და რას სწავლობს ის ასეთ დროს?
პირველ რიგში განვსაზღვროთ დისციპლინის ფენომენი. ერთი მხრივ, ის მოიცავს დარიგებასა და აღზრდას, მეორე განმარტებით კი მყარად დადგენილი წესებისადმი სავალდებულო დაქვემდებარებას ნიშნავს. რას გულისხმობს თავად მშობელი, როდესაც ბავშვს დისციპლინისკენ მოუწოდებს? მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ბავშვის აღზრდა ვერ იქნება სწორხაზოვანი პროცესი, რომელიც ყოველთვის გეგმის შესაბამისად, იდეალური სიზუსტით წარიმართება. გარემოში არსებულ სიახლეებს, ასაკისა და სოციალური წრის ცვლილებას, პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების მატებას, დიდი გავლენა აქვს ბავშვისა აღქმასა და დამოკიდებულებებზე თუნდაც დადგენილი წესების მიმართ. ამიტომ სიხისტე და წესებისადმი მორჩილების იძულება ხშირად არ წარმოადგენს ბავშვთან კომუნიკაციის საუკეთესო გზას. თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და წესების ერთობლივად შემუშავება ეფექტური პრაქტიკაა, თუ გვსურს, რომ ბავშვმა უსამართლობის განცდის გარეშე, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს სხვა ადამიანების საჭიროებების გათვალისწინება და საკუთარი დღის რეჟიმის გონივრულად განკარგვა. ასეთ ურთიერთობაზე დაფუძნებული დისციპლინა მეტად რეზისტენტულია განსხვავებული სიტუაციების მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვი ქცევეს გაიშინაგნებს და თავად ხედავს საჭიროებას, გაითვალისწინოს გარემოში დადგენილი წესები და ნორმები განურჩევლად იმისა, როგორ შეიცვალა სიტუაცია, ჰყავს თუ არა ზედამხედველი და ა.შ.
თუ ბავშვს ხშირად უკრძალავენ რაიმეს, რა გავლენას იქონიებს ეს მის ინიციატივიანობაზე მომავალში?
ბავშვის მხრიდან დაუმორჩილებლობა და წესების უგულებელყოფა ხშირად ხდება მშობლის გაღიზიანების მიზეზი. როდესაც მშობელი დირექტიულია შვილთან ურთიერთობისას, ბრძანების ფორმით მიმართავს მას („ახლავე აალაგე!“, „შენსავით არავინ იქცევა, სირცხვილია!“, „გაჩუმდი, ხმა აღარ ამოიღო!“ და ა.შ.) როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვისაც, ურთიერთობა უსიამოვნო ემოციებთან, სტრესსა და დაძაბულობასთან იქნება დაკავშირებული. ასეთ დროს ბავშვი კონცენტრირებულია, თავი აარიდოს შენიშვნას და მხოლოდ იმიტომ ასრულებს მშობლის სურვილს, რომ არ დაისაჯოს. ყვირილი ან ფიზიკური დასჯა არაეფექტური გზაა პრობლემის მოსაგვარებლად, ამგვარი მიდგომა ხშირად პროტესტის ან ბავშვის მხრიდან ემოციების დათრგუნვის მიზეზი ხდება, ზოგჯერ კი ბავშვი „საფრთხის გადავლას“ ელოდება, რომ წესისგან რადიკალურად განსხვავებულ ქცევას მიმართოს. მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ დასჯასთან შედარებით, ჩვევის ჩამოყალიბებისთვის შექება და წახალისება მეტად ეფექტურია. პოზიტიური უკუკავშირი ქცევის განმეორებას უზრუნველყოფს, ბავშვი მითითების გარეშეც მოტივირებული ხდება მისი განხორციელებისთვის.
არც თუ ისე იშვიათად, სახლში დათრგუნული იმპულსები სხვა გარემოში იჩენს თავს და შესაძლოა, ძალადობრივი ქცევის საფუძველი გახდეს. ბავშვი ან მოზარდი, რომელიც მუდმივად შენიშვნასა და გაკიცხვას მოელის მშობლისგან, სამომავლოდ შეიძლება სხვა ურთიერთობებშიც მსგავსი მოლოდინებით ხასიათდებოდეს. კერძოდ, უნდობლობით, თავის მართლების ტენდენციით, შეცდომის დაშვების შიშით, ადვილად გაღიზიანებით, მუდმივიდ დაძაბულობით და ა.შ.
როდესაც ყოველი ინიციატივა, რომელსაც ბავშვი იჩენს, განსჯის საგანი ხდება, ნაკლებია ალბათობა, რომ ბავშვი მოტივირებული იქნება დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ზრდასრულ ცხოვრებაში ეს შეიძლება მეგობრულ ან/და პარტნიორულ ურთიერთობებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სირთულის, საკუთარი სურვილების გაცნობიერების შეუძლებლობის, სხვაზე დამოკიდებულების და სხვა მრავალი განსხვავებული ფორმით გამოვლინდეს.