არსებობს გარკვეული ნორმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოიმატოს ბავშვმა ჩვილობიდან მოზარდობამდე. ზოგიერთი ბავშვი დაბადებიდან ცუდად იმატებს წონაში, ზოგი კი რაღაც დროის მერე ანელებს ან წყვეტს მატებას, რასაც, როგორც წესი, სიმაღლეში ზრდის შეფერხებაც მოსდევს.
წონის ცუდ მატებაში იგულისხმება, რომ ბავშვი არ იმატებს წონაში მისი ასაკისა და სქესის შესაბამისად. ეს არ არის დაავადება, მაგრამ შეიძლება იყოს სამედიცინო პრობლემის, განვითარების ან ქცევითი დარღვევების, ადეკვატური კვების ნაკლებობის ან ამ მიზეზების ერთობლიობის შედეგი.
წონის ცუდი მატების მიზეზები იყოფა რამდენიმე ჯგუფად:
●პრენატალური – მცირე წონა დაბადებისას (მიზეზები: ნაადრევი მშობიარობა, ინფექცია, დაბადების დეფექტები, თანდაყოლილი დეფექტები, წამლების/მომწამვლელი ნივთიერებების გავლენა ნაყოფის ზრდაზე).
●დაბადებიდან 6 თვემდე – სუსტი წოვა, პრობლემები ძუძუთი კვებაში, ხელოვნური ნარევის არასწორი მომზადება, სასურველზე ნაკლები სიხშირით კვება, რეფლუქსი, უგულებელყოფა; თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც ხელს უშლის ბავშვს კვებასა და მონელებაში; საკვების ნაკლებობა; რძის ცილის აუტანლობა; პირისა და ყელის პრობლემები, რომლებიც აძნელებს წოვასა და ყლაპვას (ტუჩის ან სასის ნაპრალი); სამედიცინო პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების ათვისებაზე (ცისტური ფიბროზი) ან ზრდის საჭირო კალორიების რაოდენობას (გულის თანდაყოლილი დაავადება).
●7-12 თვე – კვების პრობლემები (მყარი კვების გვიან დაწყება, კვებითი ალერგიები, ღეჭვის პრობლემები, ახალი საკვების გასინჯვის შიში) .
●12 თვიდან – პრეტენზიული ჭამა; ავადმყოფობა; სოციალური ფაქტორები (სიღარიბე, მწირი მენიუ, არასაკმარისი კვება); სენსორული დარღვევები; ყლაპვის გაძნელება; ზედმეტი რძის ან წვენის მიღება; არაჯანსაღი კვება; კვებითი ალერგიები; ცელიაკია, სტრესი.
თუ ბავშვი ანელებს ან წყვეტს წონაში მატებას, მნიშვნელოვანია დროულად გაირკვეს ამის მიზეზი. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:
- ღებინება, ფაღარათი.
- ღეჭვის, ყლაპვის პრობლემები.
- საკვების გარკვეული ჯგუფებისადმი (რძე, ხორბალი) თავის არიდება (შეიძლება იყოს ამ პროდუქტების აუტანლობის ნიშანი).
- დიდი რაოდენობით დაბალკალორიული სითხეების, უცხიმო რძის ან ხილის წვენების მიღება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვს მყარი საკვების მიღებაში, რომელიც მეტ კალორიას შეიცავს.
- დიდი რაოდენობით მოუხდელი რძის მიღება, რაც შეიძლება გახდეს რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი.
- მკაცრი დიეტის დაცვა;
წყარო: www.uptodate.com