Skip to content Skip to sidebar Skip to footer

„ბოდი შეიმინგი“ ნიშნავს ვინმეს დამცირებას მისი სხეულის ფორმისა და ზომის შესახებ დამცინავი ან კრიტიკული კომენტარების გაკეთებით. რა თქმა უნდა, ის 2020 წლამდეც არსებობდა, მაგრამ COVID-19-ის რისკ ჯგუფად ჭარბწონიანი ადამიანების დასახელებამ,  უნებლიეთ ხელი შეუწყო მის გაძლიერებას.

ამ ყველასათვის სტრესულ პერიოდში, წონის დისკრიმინაცია დამატებითი დაბრკოლებაა მათთვის, ვისი სხეულიც ნორმად არ ითვლება საზოგადოებაში, და ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

წონის გამო დისკრიმინაცია და COVID-19

კარგად არის ცნობილი, რომ COVID-19-ის პანდემიამ დიდი ფიზიკური ზიანი მიაყენა ბევრს, ვინც ვირუსით დაავადდა. პარალელურად, პანდემიამ ხელი შეუწყო ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალურ დაქვეითებას.

მკვლევრებმა შეისწავლეს, უკავშირდება თუ არა სხეულის მასის ინდექსი (BMI) ამ დროის განმავლობაში სტრესის გაუარესებას და რამდენად გამომდინარეობს ეს სტრესი წონის გამო დისკრიმინაციიდან.

არსებობს მტკიცებულებები, რომ სხეულის მასის მაღალმა ინდექსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს COVID-19 უფრო მწვავე ფორმის განვითარების ალბათობაზე. მიუხედავად იმისა, რომ წონაზე დაფუძნებული პანდემიის კვლევა მიზნად ისახავს რისკის პროფილაქტიკას ან მკურნალობაში რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდების მხარდაჭერას, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ გამოიწვია ფსიქიკური ჯანმრთელობის შემცირება და ნაკლები სოციალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, ვინც განიცდიან წონის დისკრიმინაციას, ნათქვამია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ამ წლის დასაწყისში ჟურნალ “Obesity”- ში.

მკვლევრებმა მონაცემები სამ ტალღად შეაგროვეს, სულ 1590 მონაწილე მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან და დემოგრაფიული კატეგორიებიდან. კითხვები იყო BMI–ის, ფსიქოლოგიური დისტრესისა და წონის დისკრიმინაციის შესახებ. მონაცემები გვაჩვენებს, რომ ჭარბი  წონის მქონე ადამიანებს, რომლებიც ამავდროულად დისკრიმინაციას განიცდიდნენ, პანდემიის დროს სიცოცხლით კმაყოფილების მკვეთრი შემცირება ჰქონდათ.

ფსიქოთერაპევტი ჰეილი ნეიდიჩი ამბობს: „ნებისმიერი სახის სირცხვილი ქმნის სტრესს სხეულში და ჩვენ ვიცით, რომ სტრესი მჭიდრო კავშირშია ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.“ ის ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ადამიანებმა შეიძლება ხელიდან გაუშვან სათანადო სამედიცინო დახმარება და სკრინინგი, თუ ექიმთან მისვლის მოერიდებათ დისკრიმინაციის შიშის გამო. „ბევრი ექიმი ურჩევს წონის დაკლებას პაციენტს ერთი შეხედვის შემდეგ, რაც არაჰუმანურია და ხშირად იწვევს სათანადო სამედიცინო დახმარების თავიდან აცილებას“.

სხეულის ფორმისა და წონის გამო დაცინვა პრაქტიკაში შედეგია პიროვნების სხეულის უარყოფითი აღქმ(ებ)ისა, რაც მოიცავს სიტუაციებს, სადაც პიროვნება აღიქმება არასაკმარისი წონის მქონედ. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს ჭარბი წონის სტიგმაზე, ამ კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ ყველას, ვისაც წონის გამო დისკრიმინაცია გამოუცდია, აქვს დეპრესიისა და შფოთის საწყისი დონე, განურჩევლად მათი BMI-სა. მათ, ვინც პანდემიის დასაწყისში (თებერვალი) განიცადა წონის გამო დისკრიმინაცია, ორჯერ უფრო მეტად გამოუვლინდათ კლინიკური დეპრესია მარტის ან აპრილისთვის.

„სიმსუქნის ეპიდემია ორიენტირებულია ადამიანების სხეულის ზომისა და ფორმის შეცვლაზე, და არა მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.“ – განმარტავს ნეიდიჩი.

სხეულის გამო შერცხვენა და წონის გამო დისკრიმინაცია მძაფრია, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საზოგადოებამ შექმნა “კარგი” ან “ცუდი” წონის იდეა და აირჩია სტერეოტიპების მინიჭება სკალაზე განლაგებულ ციფრებზე. დიეტები ხშირად  არ მუშაობს,  და ჩვენ უნდა დავშორდეთ იდეას, რომ წონა და ჯანმრთელობა ერთი და იგივეა. ამასთან, თუ თქვენ და ექიმმა, რომელსაც ენდობით, გადაწყვიტეთ, რომ ჯანმრთელობისთვის ცვლილებები გჭირდებათ, მაშინ თქვენ გაქვთ უამრავი ვარიანტი ცხოვრების წესის უსაფრთხო შეცვლისთვის.

წყარო: www.verywellmind.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5