მშობელს, რომელიც ზედმეტადაა ჩართული შვილის ცხოვრებაში, იღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, არ აძლევს შეცდომის საშუალებას და აგვარებს მის პრობლემებს, „ვერტმფრენ მშობლად“ მოიხსენიებენ. მათ გაზრდილ შვილებს ხშირად აქვთ დაბალი თვითშეფასება, აკლიათ საკუთარი თავის რწმენა და შესაძლოა განიცდიდნენ შფოთვას და დეპრესიას.
უპასუხეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებს, რათა გაიგოთ, ხართ თუ არა ზემზრუნველი მშობელი:
იბრძვით შვილის ბრძოლებში?
თქვენი შვილი ცრემლებით გიყვებათ, როგორ იკამათა მეგობართან. თქვენ რას აკეთებთ? თუ პასუხობთ: „დაურეკე დედამისს, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა“, თქვენ უკან უნდა დაიხიოთ.
ამის ნაცვლად სცადეთ: იყავით მხარდამჭერი, წაახალისეთ, რომ ამოთქვას საკუთარი განცდების შესახებ და ასწავლეთ თვითდამშვიდების გზები. დაეხმარეთ, მოიფიქროს, როგორ შეუძლიათ მას და მეგობარს ამ სიტუაციის გამოსწორება.
აკეთებთ მის ნაცვლად საშინაო დავალებას?
არსებობს უამრავი გზა, რათა დაიცვათ თქვენი შვილები იმედგაცრუებისგან. მაგრამ სტრესის ჯანსაღი დონე აუმჯობესებს მათი პრობლემის გადაჭრის უნარებს.
ამის ნაცვლად სცადეთ: მიეცით ბავშვებს საშუალება, თავად გაუმკლავდნენ საკუთარ საქმეებს. შეაქეთ მათი ძალისხმევა რთულ სიტუაციაში.
წვრთნით მის მწვრთნელებს?
თუ თქვენ შვილის თამაშების დროს ტრიბუნიდან აძლევთ ხმამაღალ რჩევებს ან ყოველი ვარჯიშის შემდეგ კუთხეში მიიმწყვდევთ მის მწვრთნელს, დროა განზე გადგეთ. სპორტი ასწავლის ბავშვებს კონფლიქტების გადაჭრას, მიზნის მისაღწევად შრომას, ლიდერობასა და დამარცხებასთან გამკლავებას. მაგრამ თუ ეს მისი გუნდი უნდა იყოს და არა – თქვენი.
ამის ნაცვლად სცადეთ: თუ ის გთხოვთ დახმარებას ან ხედავთ, რომ მას აქვს პრობლემა, ასწავლეთ როგორ დაელაპარაკოს მწვრთნელს თავად.
მუდამ ახლოს რჩებით მასთან?
მოკლე მანძილებზეც კი მიჰყვებით თქვენს თინეიჯერს მეგობრის სახლში? დროა, ჭიპლარი გადაჭრათ და მისცეთ მას თავდაჯერებულობის განცდის შესაძლებლობა.
ამის ნაცვლად სცადეთ: მიეცით მას დამოუკიდებლობის შანსები. მაგალითად, მარტო გაუშვით სათამაშო მოედანზე, სანამ თქვენ ძაღლს გაასეირნებთ.
საკუთარ სახლში მოახლე ხართ?
ჯერ კიდევ ასწორებთ პირველი კლასის მოსწავლის საწოლს, ასუფთავებთ მოზარდის ოთახს, ან თქვენი სტუდენტი შვილის სარეცხს რეცხავთ? დროა შეამსუბუქოთ თქვენი დატვირთვა. გაუნაწილეთ ბავშვს საოჯახო საქმეები და ასწავლით მას პასუხისმგებლობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ამის ნაცვლად სცადეთ: დაიწყეთ პატარ-პატარა დავალებებით და შეაქეთ კარგად შესრულებული საქმისთვის.
აიძულებთ ზედმეტად უსაფრთხოდ ითამაშოს?
„ჩამოდი მანდედან!“, „არ გაოფლიანდე!“, „ასე სწრაფად არ ატარო!“ – გეცნობათ ეს სიტყვები? თუ თქვენს ბავშვს არ მისცემთ ფიზიკური ან ფსიქიკური გარისკვის შესაძლებლობას, ამით საფრთხეს შეუქმნით მის განვითარებას.
ამის ნაცვლად სცადეთ: გახსოვდეთ, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი ხიფათისგან დაიცვათ და არა ყოველგვარი საფრთხისგან. მიეცით ხეებზე ძრომიალის, ჩამოვარდნის და მუხლების გადაყლეფვის შესაძლებლობა. ეს კარგია მისი, როგორც პიროვნების განვითარებისთვის.
არ აძლევთ შეცდომის დაშვების საშუალებას?
ბავშვებმა ცდისა და შეცდომის გზით უნდა ისწავლონ მიზნის მიღწევა. თუ მათ არ აძლევთ ამის უფლებას, ისინი ვერ ისწავლიან, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს მომავალში.
ამის ნაცვლად სცადეთ: მიეცით მათ შეცდომის დაშვების საშუალება. თუ ისინი ჩაფლავდებიან, წაახალისეთ ხელახალი ცდისკენ.
წყარო: www.webmd.com