“დედამ იცის” წარმოგიდგენთ რუბრიკას “მშობლების დღიურები თვითიზოლაციიდან”. ჩვენი სტუმარია ჟურნალისტი, On.ge-ის მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე, რომელიც გაგვიზიარებს 3 წლის ემილიასთან ერთად სახლიდან მუშაობის ერთი დღის გამოცდილებას.
— იყო და არა იყო რა…
— რატო იყო?
— …
— დეე, რატო გაჩუმდი, მომიყევი ზღაპარი
— რომელი?
— ალიელი
— კარგი
— არა, ალიელი არა, გოგო რო იატაკს ასუფთავებს
— კონკია?
— ხო
— იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელმაც…
— რატო იყო კაცი? ჰა დე?
— …
— დედააა… მომიყევი გოგომ რო ბაყაყს აკოცა.
ეს არის დიალოგი ჩემსა და ემილიას შორის, ღამის 21:00 საათის შემდეგ, ძილის წინ. ძლივსშერჩეულ ზღაპარს როგორც კი დავიწყებ, ჩამეჭრება და თვითონ აგრძელებს. მერე ახსენდება, რომ ზღაპარს მე ვყვები, ჩუმდება და მომიწოდებს, გავაგრძელო. შემდეგ არის კამათი: ბაყაყი გუბეში კიარა, წყალში რომ იჯდა და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ არც წყალში ყოფილა, წყალთან ქვაზე ისვენებდა საწყალი.

უკვე მეორე კვირაა სოფელში ვარ. ემილია — ორ თვეზე მეტია. რამდენიმე დღით ბებიასთან წამოსულს ჯერ ბაღის დაუგეგმავი არდადეგები წამოეწია, მერე საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი. სამი წლისაც აქ გახდა. ტორტი და საჩუქარი ძლივს ვიშოვეთ და ჩამოვედით. იმის მერე აღარც წავსულვარ და სოფლიდან ვმუშაობ.
ბევრი მშობლისთვის ეს პერიოდი ბავშვებთან ახლოს ყოფნის საუკეთესო საშუალება გახდა, ჩემთვის პირიქით. მართალია, ემილიას სოფელი ძალიან უყვარს, მაგრამ მშობლებთან ერთად ყოფნა არანაკლებ. მშობლებიც მხოლოდ ცხელ ზაფხულში ვიმეტებთ ხანგრძლივად აქაურობისთვის და კარგადაც ერთობა — დასდევს კატებს, თამაშობს ქვიშაში, დარბის ეზოში და ა.შ.
ახლა ყველაფერი შეიცვალა. მთელი გაზაფხული სოფელში გაატარა.

მე ჟურნალისტი ვარ და სხვადასხვა საინტერესო, მნიშვნელოვანი ამბის ძიება ყველაზე მეტად მიყვარს. ამიტომ სახლში, კომპიუტერთან ჯდომა საკმაოდ მიჭირს. ამას დაემატა ახალი სამსახური და ახალი პასუხისმგებლობები, რაც ფსიქიკისთვის დამატებითი “საზრუნავია”. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ემილიას გარეშე ყოფნა აღმოჩნდა. შაბათ-კვირა საკმარისი არ არის. ამიტომ რთულ მისიას შევეჭიდე და ბავშვთან ერთად მუშაობა გადავწყვიტე.

… დილა, დაახლოებით 08:00 საათი. წარბის პირსინგზე ემილიას ფეხი მხვდება, ერთხელაც არ აუცილებია. ღამით როგორღაც მოუხერხებია და საწოლში თავდაყირა წევს. მერე იწელება, მობობღავს და ნახევრადმძინარე თბილ ლოყას ლოყაზე მადებს. ეს რამდენიმე წუთი არის ის, რაც ფეხზე ადგომის, მუშაობის და საღამომდე გაძლების ძალას მაძლევს.
დღეს გადაწყვიტა, რომ საუზმე სათამაშო ფისოსთან ერთად უნდა ეჭამა. წიწიბურას ფაფას ჯერ ფისოს „ვასინჯებთ“, ის „გვეუბნება“ ცხელია თუ არა და მერე ვჭამთ.
საუზმე საკმაოდ სწრაფად ჩავამთავრეთ. დღეს შედარებით მზიანი ამინდი იყო და ცოტა ხნით ეზოშიც გავედით. კატებს ვეთამაშეთ და ემილიამ გადაწყვიტა, რომ მთელი დღე „ფისოსავით უნდა ილაპარაკოს“, ანუ „მიაუ“ და წვრილი ხმა გვექნება დღეს რეპერტუარში.
საათს დავხედე და უკვე 10:00 ხდება. ისევ გამოვტოვე საუზმე. ემილიამ თქვა მამას დავეხმარებიო და ეზოში დარჩა. მე ამოვედი, ჩავრთე კომპიუტერი და დაიწყო გრძელი დღე.

საქმეში გართული დროის კონტროლს ვკარგავ. ემილია შემოდის, ბოტებზე უზარმაზარი ტალახებით, შარვალი და ჯემპრი სველი აქვს. „მამას წყალი“ გადავისხიო. „მამას წყალში“ ანტისეპტიკური ხსნარი მოიაზრება, რომლითაც ეზოში ბალახები და ყვავილები მორწყა, მანქანა გაწმინდა. მერე შიომ ჩვეულებრივი წყალი ჩაუსხა, თუმცა დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებული რაღაც აქვს და ყველა ჯერზე ხელებზე ისხამს.

ამჯერად ბევრი შეისხა და მთლიანად სველია. ბებია უცვლის, შემდეგ ჩემთან მოდის და მეკითხება: დედა, შენი სასახური არ მორჩა?
ვეუბნები, რომ ჯერ არა და თუ უნდა, ცოტა ხნით დამეხმაროს. ონლაინ შეხვედრა მაქვს დაგეგმილი და ვფიქრობ, რომ ამ დროს უფრო მოვახერხებ ბავშვთან ერთად ყოფნას. მოვიდა, მომეხუტა და ძალიან ბრძნული სახით მეკითხება: დედა, რას დავაჭირო?
როცა სასწრაფო საქმე მაქვს და ემილიას ჩემთან უნდა ყოფნა, ვეუბნები, წითელი ხაზები იპოვე-მეთქი. ის პოულობს და შედეგად, მე სწრაფი ბეჭდვისას დაშვებულ შეცდომებს ვასწორებ. დღესაც ამას მთავაზობს. სანამ შეხვედრა დაიწყება, „მეხმარება“.

შეხვედრის დროს ჯერ ცალი ყურსასმენი გამომართვა და მოსაუბრის მისალმებამ გაამხიარულა. მერე, როგორც ჩანს, უფროსების საუბარი მობეზრდა და თავისი დამატენიანებელი კრემი მოითხოვა. უყვარს ხელზე და სახეზე წასმა და უხარია. მივაწოდე და რამდენიმე წამში ვხედავ, ხელები იდაყვებამდე თეთრი აქვს, თან აგრძელებს წასმას და უკვე იმდენი უსვია, „ჭყაპ-ჭყუპ“ მესმის. შევიცხადე და ბედნიერად კისკისებს. ვფიქრობ, რა უჭირს, დავბან მალე, არაფერს ავნებს. რამდენიმე წამით ისევ გადავიტანე ყურადღება მთლიანად შეხვედრაზე და კამერაში ვხედავ, ზურგს უკან რომ დადის. გავიხედე და ახლა ავეჯს „ღებავს“ კრემით. თან მაგრად უხარია.

დასრულდა შეხვედრა, მიმყავს ხელების დასაბანად და ვეკითხები, ახლა კრემი რომ აღარ გვაქვს, რა უნდა ვქნათ? არ მინდა ვუსაყვედურო, მაგრამ იქნებ დაფიქრდეს. პასუხი უფრო მხიარულია: შენ ხო ჩამომიტანე ტაკოს კრემი და იმას წავისმევ.
სანამ სტატიას ვასწორებ, კუბიკებს აწყობს. მერე თოჯინებს ელაპარაკება. გუშინ მამასთან ერთად „ფიფქია და შვიდი“ ჯუჯა ნახა, ამიტომ დღეს ძალიან ხშირად გვესმის ბოროტი „დადოქარის“ ინტონაცია და „მოწააააამლული ვააააშლი“. ყველა სიტყვას ასე ამბობს და სიცილს ვერ ვიკავებ.
ცოტა ხანში ოთახიდან გასასვლელ კართან დადგა და მეუბნება, რომ ახლა ბებიასთან გავა, მაგრამ მულტფილმებს არ უყურებს. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად მაგას აპირებს. არადა, ეკრანს მაქსიმალურად ვარიდებ. მაგრამ სოფელში სტანდარტული ქცევები იცვლება და ახლა ცდილობს მომატყუოს. მაგაზე ცალკე ვნერვიულობ, არ მინდა რამეს მიმალავდეს. ვფიქრობ, მეტისმეტად ხისტი პოზიცია ხომ არ მაქვს. უკვე სამი წლისაა, ვდგები და მე თვითონ ვურთავ მულტფილმს, ოღონდ იმას, რისი ნახვითაც რამეს ისწავლის და განვითარებაში დაეხმარება. მაგრამ მალე ბეზრდება და მეუბნება: დეეე, მომშივდა.
სამსახურის ჩათში ვიწერები, რომ ბავშვს უნდა ვაჭამო და სუპი მომაქვს, რომელიც ბებიას უკვე მოუმზადებია. მარტო რომ ვიყოთ თბილისში, ბავშვის საჭმელიც ჩემი საზრუნავი იქნებოდა. არ ვიცი, როგორ მოვახერხებდი. თავისით უყვარს ჭამა, მაგრამ როცა ჩემთან უნდა ყოფნა, მეუბნება, რომ მე ვაჭამო. მახსოვს, როგორ მიყვარდა პატარაობაში დედაჩემის გამზადებული პატარა ლუკმები და როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, ეს იყო წამალი. ამიტომ ემილიას მოთხოვნას ბუნებრივად ვიღებ, ისედაც ძალიან ცოტა დროს ვატარებ მასთან, ამიტომ ვაჭმევ და თან რაღაცებს მიყვება.

სადილის მერე აცხადებს, რომ მამას უნდა დაეხმაროს. დახმარება ძალიან უყვარს. იცვამს ბოტებს, როგორც წესი, უკუღმა და მიდის. კარებთან მისული ბრუნდება: დეეე, ფისი რო არ მიქნია?!
მე დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომ სამსახურზე გადართულს, სულ დამავიწყდა ელემენტარული რამეები და ბავშვს უწევს დამახსოვრება. ეზოში გასვლისას ვეძახი, მაგრად ვეხუტები, პატარა ცხვირზე ვკოცნი და გარბის.
ფეისბუქში იმდენი ნოტიფიკაცია მხვდება, გული მისკდება. მგონია, ქვეყანა დაიქცა და მე გამომრჩა, თანამშრომლები დავტოვე მარტო, კითხვებს პასუხები ვერ გავეცი და ა.შ. ვცდილობ უცებ ავანაზღაურო ყველაფერი, მაგრამ ვიაზრებ, რომ პანიკის საფუძველი არ მაქვს. ვაგრძელებ მუშაობას.
რაც რედაქტორი ვარ, ჩემი სტატიებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. ახლაც ორი კვირის წინ ჩაწერილი ინტერვიუს დასრულება მინდა. აქამდე მიმდინარე ახალი ამბავი იმდენად ბევრი იყო, იძულებული გავხდი გადამედო ინტერვიუ, რომელიც შედარებით ნაკლებად „ძველდება“.
პირველი დრაფტი მაქვს, ძალიან მიხარია. ბევრი სხვა საქმეც გავაკეთე და მთლიანობაში, ნაყოფიერი დღე იყო. შიმშილმა ძალიან რომ შემაწუხა, საათს მერე დავხედე და უკვე 6 ყოფილა. თვითიზოლაციაში სწორი კვების დაწყებაც მინდოდა, მაგრამ რაც უფრო ბევრია საქმე, მით უფრო რთულია სწორი კვებაც. ამიტომ ბედს შეგუებული ვდგები წასახემსებლად.
სანამ ვჭამ, ემილია მოდის: დეეე, მეც მინდა.
მიჯდება კალთაში და ერთად ვჭამთ.
სამუშაოდ ერთად ვბრუნდებით. ჯერ ზურგიდან მეხუტება, ხელებს მხვევს კისერზე და კისკისებს. ვკოცნი, და ვეუბნები, რომ ჩემი სამსახური მალე მორჩება და მერე შეგვიძლია მჭადები დავაცხოთ. ცომში თამაში ძალიან უყვარს და ეს შეთავაზებაც უხარია.
დაბადების დღეზე მიკროფონი აჩუქეს. დედის დღესთან დაკავშირებით არშემდგარი ზეიმის სიმღერები ახსოვს, ხან მე მიმღერის „დედა, დედიკოს“, ხან საკუთარ თავს „Happy Birthday”-ს. დღეს მითხრა „დედა, დედიკო“ ჩამირთე „კომპიტერში“ და ისე ვიმღერებო. იმღერა კიდეც:
მერე მხიარული მელოდიები ჩავრთეთ, ემილია ცეკვავდა, მე მხრებს ვაქანავებდი და ვღიღინებდი, თან სტატიას ვკითხულობდი. ისეთი სასაცილო იყო, ვერ მოვითმინე, გადავდე კომპიუტერი და გემრიელად ჩავეხუტე. თვითონ ხითხითებდა კმაყოფილად.
ჩემი სამსახური დასრულდა. ტრადიციულად, ჩვეულებრივზე გვიან. ამაზე არ ვღელავ, მხოლოდ ის მინდა, რომ ემილიასთვის მეტი დრო მქონდეს. ამიტომ სასწრაფოდ ვემზადებით და შიოს სეირნობას ვაიძულებთ. სასეირნო ადგილი ბაღებია, სადაც ისედაც მთელი დღე მუშაობს შიო, ამიტომ თავიდან ხალისით არ მოდის, მაგრამ გზაში ემილიას ტიკტიკი ყველაფერს ცვლის. ბაბუაწვერებიც შეგვხვდა, დავკრიფეთ და სული შევუბერეთ. ეს ამბავი მთლად კარგად არ იცის და პირიქით უბერავს, მერე ერთმანეთს ვეჯიბრებით და შავ ხვეულ თმებში სულ თეთრი ბაბუაწვერები აქვს.
ემილიას ბოტები აცვია და ყველა გუბეში ხტება. ხანდახან ახსენდება რაღაცები, რაც ვასწავლეთ და ზოგიერთ გუბეში ჩახტომამდე მეკითხება: დეეე, შეიძლება წყალში გავიარო?
მაგრამ დიდ გუბეს როცა ხედავს, ისე უხარია, ყველაფერი ავიწყდება. მე კიდე ის მიხარია, ხანდახან რომ ახსოვს, ჯერ ხომ მხოლოდ სამი წლისაა.
დავბრუნდით სახლში და შეპირებული მჭადების გამოცხობის დრო დადგა. ფქვილი და წყალი ემილიასაც მივეცი. აღფრთოვანებულია. რამდენიმე წამში მთელი მაგიდა და იატაკი გათეთრდა, მაგრამ ეს არ ანაღვლებს, ძალიან ბედნიერად ურევს ცომში პატარა თითებს.
მჭადი და ყველი უყვარს. ზოგადად, ჭამა უყვარს. მსუბუქად ვივახშმეთ, ცოტა გავიარეთ ეზოში და ძილის დროც მოვიდა. როცა შუადღით არ სძინავს, 9 საათზე თვითონ მოდის ხოლმე და აცხადებს, რომ უკვე ძილის დროა. დღესაც ასე მოხდა. ვწვებით და საიდანღაც ენერგია ემატება. მიყვება მთელი დღის ამბებს და მეც ვერ ვწყდები — როგორ უნდა გავაჩუმო და ვუთხრა, დაიძინოს?!
პატარა ხელებს მაგრად მხვევს ყელზე და იძინებს. შუბლზე ვკოცნი და გამოვდივარ. ცოტა საქმე დამრჩა, თან მე და შიომ გადავწყვიტეთ დღეს ლუდი დავლიოთ.
ერთ საათში დასაძინებლად მივდივართ. სერიალის ნახვის თავიც აღარ მაქვს. ვწვები და ზურგს უკან ემილიას სუნთქვას ვგრძნობ. ზუსტად ვიცი, ხვალ იქნება ის დღე, როცა ჩახუტებით არ გამაღვიძებს — თვალებზე მომკიდებს თავის პატარა თითებს და ისე გამაღვიძებს. თან წამწამებზე შემეკითხება, ამას რა ჰქვიაო. ძალიან მოსწონს ამ სიტყვის ჟღერადობა.
ძილის წინ ერთდროულად ორი რამის გამო მინდება ტირილი: ერთის მიზეზი ბედნიერების შეგრძნებაა, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა რომ შემიძლია და ასეთი ხალხი რომ მყავს. მეორეს მიზეზი კი ბრაზია იმის გამო, უზარმაზარ უხილავ შრომასთან ერთად, რამხელა ემოციური ტვირთი გვაქვს ქალებს და ამაზე ხმამაღლა საუბარიც რომ ხან სირცხვილია, ხან უმადურობა, ხან კიდევ რა. მაგრამ ამაზე ხვალ ვიფიქრებ, ახლა ჩემი გოგო მელოდება.