Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ალბათ, ხშირად გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც ვერაფრით ახერხებთ კლასის “დამორჩილებას” და ხვდებით, რომ ეს ის დღეა, როდესაც უბრალოდ მოსწავლეები სასწავლო პროცესისთვის მზად არ არიან. ბევრ ახალბედა, თუმცა ზოგჯერ გამოცდილ პედაგოგსაც ხშირად უჭირს “მოლაპარაკე” კლასის დაწყნარება და აქედან გამომდინარე მოსწავლეებისთვის სასწავლო განწყობის შექმნა რთულ ამოცანას წარმოადგენს. მასწავლებელი დიანა მაკალათია გვიზიარებს რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სასწავლო პროცესის დროს.

ეთოდი #1. ლობიოს მარცვლები ქილაში

მოიძიეთ ორი იდენტური მოგრძო, გამჭვირვალე კონტეინერი ან ბოთლი. ერთს გაუკეთეთ წარწერა: „წამოძახილი“ (ან „ხმაური“) და მეორეს კი სხვადასხვა დონეზე დააწერეთ წინასწარგანსაზღვრული ჯილდოები, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები: მაგ. კინო, წვეულება, დამატებითი შესვენება და ა. შ. მოსწავლეებს ყოველდღე განსაზღვრული რაოდენობის ლობიოს მარცვალი მიეცით (მე გირჩევთ 3-5-ს). თუ რომელიმე მათგანმა გაკვეთილზე იხმაურა და არასათანადო, გაკვეთილთან შეუსაბამო საუბარი წამოიწყო, მას მოუწევს 1 მარცვლის მოთავსება პირველ კონტეინერში წარწერით „წამოძახილი“. გაკვეთილების ბოლოს კი დარჩენილი მოსწავლეების მარცვლები უნდა მოათავსოთ მეორე კონტეინერში. როდესაც მათი რაოდენობა რომელიმე წარწერას გაუთანაბრდება, მოსწავლეები მოიპოვებენ შესაბამის ჯილდოს, მაგალითად მიიღებენ დამატებით შესვენებას, მოაწყობენ წვეულებას ან წაიყვანთ კინოში.

ეთოდი #2. კომფორტული მოსასვენებელი ზონა

ბევრი ევროპული სკოლის ქცევის მენეჯმენტი ითვალისწინებს სპეციალურად გამოყოფილი 1 ოთახის არსებობას, სადაც მოსწავლეები საჭიროების მიზნით, მასწავლებლის მითითებით გადიან, ისვენებენ, წყნარდებიან და ამის შემდეგ უერთდებიან საგაკვეთილო პროცესს. ოთახი სხვადასხვა ნივთითაა აღჭურვილი, რომლის სწორი გამოყენება სტრესის მოხსნის საშუალებას წარმოადგენს. ქართულ საჯარო სკოლებში ნამდვილად არ არის მსგავსი ოთახების არსებობის “ფუფუნება”, ამიტომ შეგიძლიათ მხოლოდ ის სენსორული სათამაშოები იქონიოთ კლასში, რაც ფოტოზეა წარმოდგენილი. მაგალითად: სპინერი, „ფოფითი“, რუბიკის კუბი, „ლეგო“, ფაზლი და ა.შ.


ეთოდი #3 წაიმღერეთ ან გამოიყენეთ ზეფირი

როდესაც ვერაფრით ახერხებთ მოსწავლეების ყურადღების მიქცევას, მოულოდნელად წაიმღერეთ ბავშვებისთვის ნაცნობი სიმღერა, ეს შეიძლება იყოს რომელიმე პოპულარული საბავშვო ჰიტი. მოსწავლეებმა ყოველ ჯერზე თქვენთან ერთად უნდა იმღერონ და ასევე წინასწარ იცოდნენ, რომ ნებისმიერ დროს, მოულოდნელად სიმღერას შეწყვეტთ, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა დაგაკვირდნენ, რათა მიხვდნენ დასრულების “ნიშანს”- როდესაც სწრაფად აწევთ ორივე ხელს, თითებს ერთმანეთზე გადააჭდობთ და პირზე აიფარებთ. როდესაც ისინი დაინახავენ თქვენს სიგნალს, იმწუთშივე წყვეტენ სიმღერას და იმეორებენ თქვენი ხელის მოძრაობებს. ასევე შეგიძლიათ ჩაიდოთ პირში ზეფირი და სთხოვოთ მოსწავლეებს, მათაც გაიმეორონ თქვენი ქმედება. დაბალ კლასებში ზეფირის მაგალითი ძალიან ჭრის, როცა უხსნით მათ, რომ ალაპარაკების შემთხვევაში ზეფირი ჩამოვარდება, ამიტომ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. ეს არის მხიარული გზა მათი “გაჩუმების”.

მეთოდი #4. გაიმეორე რიტმი

ხმაურიანი მოსწავლეების ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საშუალება არის ტაშის რიტმის იმიტირება. მოსალოდნელია, რომ თავდაპირველად ამაში მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე აგყვებათ, თუმცა განაგრძეთ იგივე რიტმის დაკვრა და სთხოვეთ გაიმეორონ, შემდეგ შეცვალეთ რიტმი, გააგრძელეთ მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ ჩაერთვება. არ დაგავიწყდეთ პროცესის დროს გაღიმებაც. ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ დაზოგავთ თქვენს ენერგიასა და დროს, რადგან ეს არავერბალური სტრატეგიაა, რომელიც ეფექტურად მუშაობს. არ გიწევთ ყოველდღე გაუმეოროთ მათ ერთი და იგივე, პირიქით, მხიარული და ნაკლებ სტრესული გზით მოკლე დროში აგვარებთ პრობლემას.


ეთოდი #5. საიდუმლო სიტყვა

თუ თქვენ გაკვეთილზე აპირებთ წიგნის ხმამაღლა წაკითხვას მოსწავლეებისთვის, მითითებების მიცემას ან უბრალოდ გაკვეთილის ახსნას, წინასწარ უთხარით მოსწავლეებს იშვიათი, საიდუმლო სიტყვა (მაგ. კენგურუ, საზამთრო და სხვ.) და გააფრთხილეთ მოსწავლეები, რომ თქვენი საუბრის პროცესში უნდა გაიგონონ ეს სიტყვა, რომელსაც თქვენ გაკვეთილის ახსნის პროცესში შემთხვევითად “მოახვედრებთ”. პირველი მოსწავლე, რომელიც გაიგონებს ამ სიტყვას, ხელს ას წევს და ის მომენტალურად დაიმსახურებს რაიმე ჯილდოს ან სტიკერს, ან დამატებით დროს შესვენებისთვის და ა. შ.

ამ აქტივობის დახმარებით მოსწავლეები ორიენტირებულები იქნებიან საგაკვეთილო პროცესში მოისმინონ ის საიდუმლო სიტყვა და მეგობარს, რომელიც მათთან გააბამს საუბარს, არ აჰყვებიან.

ეთოდი #6. 5 თითის სტრატეგია

როცა იწყებთ მითითებების მიცემას მოსწავლეებისთვის, გაშალეთ 5 თითი ისე, როგორც ფოტოზეა.  თუ თქვენი საუბრის დროს ვინმემ დაიყვირა ან შეგაწყვეტინათ სიტყვა, ცალი თითი ჩამოწიეთ. აწეული თითების რაოდენობა განსაზღვრავს  თუ რა სახის ჯილდოს მიიღებს კლასი. მაგალითად, თუ ხუთივე თითი დარჩა აწეული, მოსწავლეები მიიღებენ აქტივობის შესრულებამდე დამატებით 2 წუთს, თუ მხოლოდ 3 ან 4 თითი იქნა აწეული, ისინი მხოლოდ 1 წუთს დაიმსახურებენ ამისთვის და თუ მასწავლებლის თითების რაოდენობამ 1 ან 2 შეადგინა, ისინი ჯილდოს გარეშე დარჩებიან.

ეთოდი #7.  ხმაურის დონეების განსაზღვრა

0-დუმილი 1-ჩურჩული 2-სასაუბრო ხმა 3-ხმამაღალი 4-ყვირილი

მანამ, სანამ რაიმე დავალებას მისცემდეთ თქვენს მოსწავლეებს აუცილებლად აუხსენით რა ტიპის “ხმაურია” საგაკვეთილო პროცესისთვის დასაშვები, კედელზე გქონდეთ გაკრული შესაბამისი პოსტერი თვალსაჩინოებისთვის. ეს განმარტება ნამდვილად გამოადგებათ მათ და ხშირად შეახსენებთ, რა არის მიზანშეწონილი და რა დაუშვებელი.

ეთოდი #8 “სიჩუმის სპრეი”

“სიჩუმის სპრეი” კარგად მუშაობს დაწყებით კლასებში.

აიღეთ სუფთა, ცარიელი სპრეის ბოთლი და აავსეთ წყლით. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ რაიმე სურნელოვანი, დამამშვიდებელი ზეთი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა (მაგ. ლავანდის ზეთი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში ხელმისაწვდომია).

როგორც კი კლასი ხმაურს დაიწყებს, აიღეთ სპრეი და მოაფრქვიეთ საკლასო ოთახში. აუხსენით მოსწავლეებს, რომ აუცილებლად ჩუმად უნდა იყვნენ, რათა ეს ჯადოსნური სპრეი დაეხმაროს მათ დამშვიდებაში.

ეთოდი #9. წარწერა დაფაზე

ყოველი დილა დაიწყეთ დაფაზე წარწერის გაკეთებით ხ მ ა უ რ ი, (ზემოთ წარმოდგენილი ფოტოს მსგავსად) რა თქმა უნდა ქართულ ენაზე, თუმცა, უცხო ენის გაკვეთილებზე შეგიძლიათ იმ ენაზე დააწეროთ, რომელ ენასაც ასწავლით. თუ კლასი ახმაურდება, წაშალეთ პირველი ასო (ხ). ყველა ასოს შენარჩუნების შემთხვევაში, მოსწავლეები გამოიმუშავებენ ქულებს, რის შედეგადაც დაჯილდოვდებიან.

ეთოდი #10. თამაში ჩურჩული

ძალიან დაბალი ხმით მოსწავლეებს უთხარით: “თუ ჩემი ხმა გესმით, მიიტანეთ თითი ცხვირთან”. თავიდან მხოლოდ რამდენიმე ბავშვი გაიგონებს თქვენს ჩურჩულს, მაგრამ განაგრძეთ: “თუ ჩემი ვინმეს გესმით, დაიდეთ ხელები თავზე” ( და შესთავაზეთ სხვა  მსგავსი მხიარული და მარტივი მოძრაობები,), მალე დაინახავთ, რომ უფრო და უფრო მეტი მოსწავლის ყურადღებას იქცევთ და საბოლოოდ ამაში ყველა ერთვება. ახლა უკვე პოზიტიური განწყობით შეგიძლიათ გადახვიდეთ უშუალოდ გაკვეთილზე.

გამოყენებული მასალა

https://missgiraffesclass.blogspot.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5