პედიატრი ხატია დოლიძე “დედამიცის” ესაუბრება ბავშვთა კვებაში ხორცეულის მნიშვნელობაზე.
რა როლს ასრულებს ხორცეული ბავშვთა კვებაში?
როდესაც ჩვილს 7- 8 თვის ასაკი შეუსრულდება პედიატრები მშობლებს ვთავაზობთ კვების რაციონში ხორციანი კერძების შეტანას. ხორცი მდიდარია ცილით, რომელიც უჯერედებისა და ქსოვილების საშენი მასალაა, ასევე იგი შეიცავს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ნივთიერებებს: რკინას, ფოსფორს, ამინომჟავებს, ბ ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. ამასთანავე, ხორცი როგორც მყარი საკვები კომპონენტი მნიშვნელოვანია მეტყველების ჩამოყალიბებისთვისაც.
როდესაც, ბავშვი გადადის მყარ კვებაზე, რამდენჯერ უნდა მიიღოს პატარამ ხორცეული ამ პერიოდში და რა პროპორციებით?
ხორცი რეკომენდებულია ამერიკელ პედიატრთა აკადემიის მიერ, როგორც პირველი საკვები, რადგან ეს არის ცილის, თუთიის და რკინის დიდი წყარო. ხორცის რაციონში დამატება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზეა თუ ხელოვნურზე. თუ ხელოვნურზეა მაშინ ხორცის დამატება კვების რაციონში 7 თვის ასაკიდანაც არის შესაძლებელი, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს ხორცი შეიძლება 8 თვიდანაც დაემატოს. ბავშვი იოლად რომ შეეგუოს მყარ საკვებს ხორცის სახით უმჯობესია ხორცის დაქუცმაცებული ნაწილაკებიდან დავიწყოთ შეთავაზება ბოსტნეულის პიურესთან ერთად.
8 თვის ასაკში – დღეში 20-30 გრამი;
9 თვის ასაკში – 30-40 გრამი;
10 თვის ასაკში – არა უმეტეს 50 გრამისა;
11 თვის ასაკში – არა უმეტეს 60 გრამისა;
12 თვის ასაკში – 70 გრამი;
ხორცი საკვებ პროდუქტად რეკომენდებულია კვირაში 3-4 ჯერ. მათ შორის თევზი კვირაში ერთხელ. გასათვალისწინებელია ის, რომ თევზი უმჯობესია იყოს მდინარის ან ზღვის. თევზი ბავშვისათვის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებს და ეს ცილები გაცილებით ადვილად ასათვისებელია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვართა ცილები. შეიცავს A და D ვიტამინებს, ბ ჯგუფის ვიტამინებს აგრეთვე მიკროელემენტებს: სელენი, თუთია, ბრომი, იოდი.
2 წლამდე ნაკლებსასურველია ხორცის ნახარშის, ბულიონის მიცემა.
როგორი უნდა იყოს წლამდე ბვშვის კვების რაციონი და რა უნდა შევთავაზოთ მას?
პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე და ასევე ხელოვნური ნარევი მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას, რათქმა უნდა უმჯობესია ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე იყოს, რადგან ახალშობილისა და ჩვილი ბავშვების საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად.
6 თვიდან ბავშვს ესაჭიროება ვიტამინებისა და მინერალების შემცველი ნახევრადმყარი საკვების დამატება, რადგან ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება სხვადასხვა მინერალებსა თუ ვიტამინებზე, რომელსაც დედის რძით ან ხელოვნური საკვებით ვეღარ შეავსებს ორგანიზმი.
სიცოცხლის პირველ წელს ყურადღება უნდა მიექცეს რკინით მდიდარი საკვების მიღებას, როგორიცაა: ხორცი, კვერცხის გული,წიწიბურა მუხუდო, თევზი, შვრია. რკინის დეფიციტის შემთხვევაში ვითარდება სისხლნაკლებობა – ანემია, რაც ბავშვის ხშირი ავადობის მიზეზია, და ასევე აისახება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.
თავდაპირველად რაციონში შეგვაქვს ხილის წვენი და პიურე, შემდეგ ფაფა, ბოსტნეულის პიურე, ხორცი ორცხობილა… 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული კვერცხის ცილის, ციტრუსის და კონსერვირებული თაფლის მიღება.
ყველა ახალი საკვების დამატება უნდა მოხდეს, თანდათანობით შეჩვევის წესით.
რას გვეტყვით ფრინველის ხორცზე, რამდენად მნიშვნელოვანია ფრინველის ხორცი ბავშვთა კვებაში და რომელს გაუწევთ რეკომენდაციას?
ხორცის ბავშვის რაციონში დამატება ზუსტად ფრინველის ხორცის სახით ჯობია, რეკომენდირებულია ინდაურის ხორცი – მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ადვილად ასათვისებელია, არ იწვევს ალერგიას, შეიცავს A და E ვიტამინებს, მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით.
ქათმის ხორცი – А, В6, В12, D ვიტამინების, ასევე კალცის, რკინისა და მაგნიუმის წყაროა.
თუ ბავშვი ხორცზე უარს ამბობს, რა შეიძლება იყოს ამის ალტერნატივა. შეიძლება განვიხილოთ მისი მთლიანად ამოღება და სხვა საკვებით ჩანაცვლება?
არსებობს სხვადასხვა სახის მზა სახის ხორცისშემცველი საკები პროდუქტი პიურეების სახით, რომლითაც შეიძლება ნელ ნელა შევაჩვიოთ ბავშვი ხორცის მიღებას, სრულიად მისი ამოღება რეკომენდირებული არაა, რადგან იგი მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის.