Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი  მერი გიუნაშვილი.

გვესაუბრეთ რა როლი აქვს ხოხვას ბავშვის ფიზიკური და კოგნიტური განვითარებისთვის და რა დროიდან უნდა წავახალისოთ ბავშვები რომხოხონ? 

ხოხვა ბავშვის მოტორული განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. იგი ხელს უწყობს ახალშობილის ფიზიკურ, კოგნიტურ და სენსორულ განვითარებას ადრეულ ეტაპებზე. 

როდის იწყებს ბავშვი ხოხვას?

ხოხვის დაწყების ვადები თითოეული ბავშვისთვის განსხვავებული შეიძლება იყოს. საშუალოდ, ბავშვი ხოხვას იწყებს 6-დან 10 თვემდე. ზოგმა შეიძლება უფრო ადრე 5 თვის ასაკში დაიწყოს, ხოლო ზოგიერთმა უფრო გვიან – 1 წლამდე. ხოხვის დაწყებაზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი: გენეტიკა, კუნთების სიძლიერე და ბავშვის სურვილი შეისწავლოს გარემო.

რა დადებითი ეფექტები აქვს ხოხვას? 

მოტორული უნარები. ხოხვა არის აქტივობა, რომელიც მოითხოვს კუნთებისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების კოორდინირებულ (შეთანხმებულ) მოძრაობას. როდესაც ბავშვი ცდილობს იატაკიდან წამოწევას, ამ დროს მას უძლიერდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთები, უვითარდება მსხვილი მოტორული ფუნქციები. დამოუკიდებლად გადაადგილების ეს ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობა ამზადებს მას უფრო კომპლექსური მოძრაობებისთვის, ისეთი როგორიცაა სიარული და სირბილი.

გარემოს შეცნობა. ხოხვა უბიძგებს ბავშვებს შეისწავლონ და გაიკვლიონ გზა გარემოში. გარემოს შესწავლა აღრმავებს მათი აღქმის უნარს, ეხმარება მათ ზუსტად განსაზღვრონ სივრცეში სხვადასხვა საგნის ადგილმდებარეობა და ამ საგნებამდე მანძილი. ხოხვა ასევე ეხმარება თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარებას.

თავის ტვინის განვითარება. ხოხვა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა არ არის, ის ასევე გონებრივი სავარჯიშოა. როდესაც ბავშვი მოძრაობს და იკვლევს გარემოს, მისი ტვინი ამუშავებს მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რითაც ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. უშუალოდ ხოხვა ასტიმულირებს თავის ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელია გარემოს შესწავლაზე, პრობლემის გადაჭრასა და მეხსიერებაზე.

სენსორული სტიმულაცია. ხოხვისას ჩვილები იძენენ სხვადასხვა სენსორულ გამოცდილებას. ისინი ეხებიან ერთმანეთისგან განსხვავებულ ტექსტურებს, შეიგრძნობენ სხვადასხვა ზედაპირებს, აღიქვამენ ხედებს სხვადასხვა რაკურსით და ისმენენ განსხვავებულ ხმებს. ეს სენსორული აღქმა ეხმარებათ მათ ირგვლივ მყოფი სამყაროს შეცნობასა და სენსორულ ინტეგრაციაში.

დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა. ხოხვის საშუალებით ბავშვი იძენს დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობას. ეს ახლად აღმოჩენილი თავისუფლება უძლიერებს თავდაჯერებულობას. ისინი აცნობიერებენ, რომ შეუძლიათ აქტიურად შევიდნენ კონტაქტში გარემოსთან და შეასრულონ სხვადასხვა დავალებები  დამოუკიდებლად.

სოციალური ინტერაქცია. ხოხვა ხელს უწყობს სოციალურ ინტეგრაციას. ხოხვის დროს ბავშვები კონტაქტში შედიან ირგვლივ მყოფ ოჯახის წევრებთან და შინაურ ცხოველებთან. ეს ინტერაქცია კი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მეტყველების განვითარებაში.

რჩევები მშობლებს:

  • შეუქმენით თქვენს შვილს ხოხვისთვის უსაფრთხო გარემო.
  • მოათავსეთ სათამაშოები ან ბავშვისთვის საინტერესო ნივთები ისე, რომ წაახალისოთ მოძრაობა.
  • მიეცით საშუალება ბავშვებს იხოხონ ბევრი, რათა გაუძლიერდეთ კისრისა და კიდურების კუნთები.
  • შეეცადეთ თავი აარიდოთ ისეთი მოწყობილობების გამოყენებას, რომელიც ბავშვს შეუზღუდავს მოძრაობას (მაგ. ჭოჭინა).
  • შეაქეთ, აღნიშნეთ და წაახალისეთ ბავშვის თითოეული მიღწევა.

გახსოვდეთ, რომ ხოხვა ბავშვის მოტორული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. იგი ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5