დაახლოებით 17 თვიდან ახლად ფეხადგმული ბავშვები იძენენ ახალ ვოკალურ უნარს – ყვირილს. თქვენს პატარას შია? ის ყვირის. ძილის დროა? ხმას უფრო უწევს. აბსოლუტურად არაფერი ხდება? ბავშვი გიყურებს თვალებში და ხმამაღლა ყვირის.
რატომ ყვირიან 1-დან 3 წლამდე ბავშვები ასე ხშირად?
ხომ გახსოვთ, რომ ისინი პატარა მკვლევრები არიან? და ყვირილიც მათი ექსპერიმენტის ნაწილია. მათ აღმოაჩინეს, რომ შეუძლიათ ხმის გამოცემა და სიამოვნებთ ამის გამეორება.
ისინი ასევე ამოწმებენ მათ გარშემო არსებულ საზღვრებს – თქვენსას, გარემოსას, თუნდაც საკუთარს. და როდესაც ისინი წააწყდებიან გამოწვევას ან წინააღმდეგობას, შეიძლება ხმას აუწიონ და დაელოდონ გარშემომყოფების რეაქციას, მოიტანს ეს ქმედება სასურველ შედეგს თუ არა.
ამ ასაკში სჭირდებათ მოთმინების უნარის გავარჯიშება და ისინი ჯერ კიდევ სწავლობენ, როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში.
პატარებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილად ათვისებული, როგორ ითხოვონ ის, რაც სურთ და სჭირდებათ, ამიტომ ხანდახან მიმართავენ ყვირილს. ახლად ფეხადგმული ბავშვის ტვინში კივილი ათას სიტყვას ამბობს.
ისინი სწავლობენ, როგორ მოქმედებს მათი ქცევა გარშემომყოფებზე. თქვენმა შვილმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ყვირილის გარკვეული ოქტავები გაიძულებთ მიირბინოთ მასთან.
არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი პატარა აყვირდება, როცა ტელეფონზე საუბრობთ, სახლიდან მუშაობთ ან სხვა ზრდასრულს ესაუბრებით. პატარებს უყვართ ყურადღება და თითქმის ყველაფერს შეეცდებიან, რომ მიიღონ ის.
პატარებმა შეიძლება ყვირილით გამოხატონ ფისოსთან ან ლეკვთან შეხვედრის სიხარული. ან სიამოვნებისგან აყვირდნენ საყვარელ სათამაშოსთან თამაშის დროს.
ნორმალურია თუ არა 1-დან 3 წლამდე ბავშვის ყვირილი?
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პატარას ყვირილმა შეიძლება ხანდახან შეგარცხვინოთ (განსაკუთრებით, თვითმფრინავში), ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავია და ბავშვის ზრდასთან ერთად გაივლის.
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ყვირის?
დაუწიეთ საკუთარ ხმას. დაუპირისპირდით მის ყვირილს თვალებში შეხედვით და ჩურჩულით. ამან შეიძლება მიიპყროს მისი ყურადღება, ასაკობრივი ცნობისმოყვარეობის გამო გაუჩნდეს იმის გაგების სურვილი, თუ რას ამბობთ. და დიდი ალბათობით გაჩუმდება, რომ გაიგოს, რას ეუბნებით.
უკარნახეთ მას სიტყვები. გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარა ჯერ კიდევ მუშაობს კომუნიკაციის უნარებზე. სთხოვეთ, მშვიდად გითხრათ, რა არ მოსწონს? მაგრამ თქვენ ასევე შეიძლება დაგჭირდეთ დეტექტივობანას თამაში. (“ყვირი იმიტომ, რომ კუბების კოშკი დაგეშალა?“ ან “გინდა ვაშლი?”). როდესაც ის მშვიდადაა, დაეხმარეთ მას სიტყვების გავარჯიშებაში: „ბანანი მინდა, თუ შეიძლება“, „მეწყინა, რომ სათამაშო გაფუჭდა“.
შეცვალეთ ყვირილი სიცილით. ყვირილი ძნელია, როცა გეცინება. ამიტომ, როცა აყვირდება, ილაპარაკეთ უცნაური ტონით, გამოეცით ცხოველების და ფრინველების ხმებით, დაეჭყანეთ, რათა თქვენმა სულელურმა ქცევამ გააცინოს.
ჩართეთ მუსიკა. როდესაც თქვენი პატარა ყვირილს დაიწყებს, ჩართეთ მუსიკა და შესთავაზეთ მას იმღეროს ან შემოგიერთდეთ სიმღერაში. არ არის დაინტერესებული? ჰკითხეთ მას, რომელი ცხოველის ხმიანობის გამოცემა შეუძლია ან გამოიტანეთ მუსიკალური ინსტრუმენტები. რა თქმა უნდა, ეს აქტივობაც ხმაურიანია, მაგრამ ყურებისთვის შეღავათი იქნება.
გაიყვანეთ გარეთ. თუ თქვენ ხართ საჯარო ადგილას, ვთქვათ რესტორანში და თქვენი პატარა უარს ამბობს ხმის დაწევაზე, გაისეირნეთ მასთან ერთად. შეეცადეთ ამის გაკეთება საკუთარი ხმის აწევისა და აურზაურის გარეშე. თუმცა, იყავით ყურადღებით, რომ მას არ აფიქრებინოთ „თუ მინდა გასეირნება, ვიყვირებ და წამიყვანენ ამ მოსაწყენი რესტორნიდან“.
როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვის ყვირილი?
შესთავაზეთ ადგილი, სადაც მას შეეძლება ყვირილი. მაგალითად, საკუთარი ოთახი ან ეზო.
თუ იცით, რომ ყვირის, როცა მშიერია, დაგეგმეთ გასეირნება ან სტუმრად წასვლა დანაყრებულზე ან თან გქონდეთ წასახემსებელი. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, ძილის გადაცდენა თუ ახდენს მასზე გავლენას.
აკონტროლეთ სახლში ხმაურის დონე. ზოგჯერ ფონური ხმაური (ტელევიზორი, რადიო) აიძულებს ბავშვს ყვირილს. რაც ყველაზე მთავარია, თქვენ არ უნდა იყვიროთ იმისთვის, რომ მას ყვირილი შეაწყვეტინოთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ირეკლავს თქვენს ქცევებს.
გამოიყენეთ დადებითი განმტკიცება. როდესაც ბავშვი მისაღებ ხმას გამოიყენებს შესაბამის დროსა და ადგილას, შეაქეთ ამისთვის.
აიყოლიეთ თამაშში. როდესაც თქვენი პატარა არ ყვირის, შესთავაზეთ მას ჩურჩულის თამაში. მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ ჩურჩული, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის მათ მცდელობაში, განსაკუთრებით თუ თქვენც იმავეს გააკეთებთ (“შეგიძლია ჩემსავით იჩურჩულო?”).
მიეცით მას არჩევანის საშუალება. ის უფრო ითანამშრომლებს თქვენთან, თუ ექნება კონტროლის შეგრძნება მის ცხოვრებაზე. მაგალითად, „დღეს წითელ მაისურს ჩაიცვამ თუ მწვანეს?“
როდის მივმართოთ ექიმს?
უმეტეს შემთხვევაში, ბავშვის ყვირილი სრულიად უვნებელია, თუნდაც უსიამოვნო იყოს. თუმცა, ყვირილი ზოგჯერ შეიძლება მიუთითებდეს რაღაც უფრო სერიოზულზე, როგორიცაა დისკომფორტი, ტკივილი ან ავადმყოფობა.
დაუკავშირდით თქვენს პედიატრს, თუ თქვენი შვილის ყვირილს ან ტირილს თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
- ცხელება;
- მადის ან ქცევის ცვლილებები;
- ფაღარათი;
- ღებინება;
- შეკრულობა;
- ტკივილი ან სხვა დაზიანება.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს რაღაც ჭირს (თუნდაც არ იყოთ დარწმუნებული), ექიმთან დაკავშირება არასდროსაა ცუდი აზრი.
წყარო: www.whattoexpect.com