Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზარმაცი თვალი (ამბლიოპია) ჩვილობის ან ადრეული ბავშვობის პერიოდში მხედველობის არასწორი განვითარებით გამოწვეული მდგომარეობაა, რომლის დროსაც შემცირებულია ერთ თვალში მხედველობა. სუსტი, ზარმაცი  თვალი ხშირად მოძრაობს უკონტროლოდ შიდა ან გარე მიმართულებით.

ზოგადად, ამბლიოპია ვითარდება დაბადებიდან 7 წლამდე. ეს არის ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ძირითადი მიზეზი. იშვიათად, ის ორივე თვალზე ახდენს გავლენას.

ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა ხელს უწყობს მხედველობასთან დაკავშირებული გრძელვადიანი პრობლემების თავიდან აცილებას. ზარმაცი თვალი შეიძლება გამოსწორდეს სათვალეებით ან კონტაქტური ლინზებით, ან ჯანმრთელი თვალის ახვევით.

ამბლიოპიის სიმპტომები

  • თვალის უკონტროლო მოძრაობა შიგნით ან გარეთ;
  • ორივე თვალის შეთანხმებული მუშაობის დარღვევა;
  • სიღრმის სუსტი აღქმა;
  • თვალის მოჭუტვა;
  • თავის გადახრა;
  • თვალის ტესტებში არასტანდარტული შედეგები;

ზარმაცი თვალის შემოწმება სახლის პირობებში

ითამაშეთ მეკობრეობანა. ერთ-ერთ თვალზე ააფარეთ სახვევი, მის წინ დაიჭირეთ მისთვის ნაცნობი საგანი და დააკვირდით, თუ აყოლებს თვალს ობიექტს ზემოდან ქვემოთ და გვერდით. თუ მან უკვე იცის ლაპარაკი, სთხოვეთ საგნის დეტალების აღწერა. შემდეგ მეორე თვალზე სცადეთ იგივე ექსპერიმენტი.

ცოტა რთულია ბავშვის ტესტირება სახლის პირობებში, რადგან მან შეიძლება დაკარგოს ინტერესი ან გადაიტანოს ყურადღება. მაგრამ თუ ერთი თვალი უფრო სუსტი ჩანს, მეორე ჯერზე მეორე თვალით დაიწყეთ. თუ ყოველ კვლევაზე ერთი თვალით უკეთ ხედავს, ჰკითხეთ პედიატრს, ხომ არ არის საჭირო ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

ზოგჯერ ზარმაცი თვალი გამოკვლევის გარეშე არ ჩანს.

როდის მივმართოთ ექიმს?

მხედველობის შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ოჯახში არის სიელმის, კატარაქტების და თვალის სხვა მდგომარეობების ისტორია.

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია თვალების სრული გამოკვლევა.

ამბლიოპიის მიზეზები

ზარმაცი თვალი ვითარდება არასწორი ვიზუალური გამოცდილების გამო, სიცოცხლის დასაწყისში, რომელიც ცვლის ტვინსა და თვალს შორის კავშირს.  სუსტი თვალი ნაკლებად იღებს ვიზუალურ სიგნალებს. საბოლოოდ, თვალების ერთობლივი მუშაობის უნარი მცირდება და ტვინი თრგუნავს ან უგულებელყოფს სუსტი თვალიდან ინფორმაციის მიღებას.

ყველაფერმა, რაც ბავშვის მხედველობის გაბუნდოვანებას ან თვალების სიელმეს იწვევს,  შეიძლება გამოიწვიოს ზარმაცი თვალი. მდგომარეობის გავრცელებულ მიზეზებში შედის:

  • თვალების მოძრავი კუნთების დისბალანსი;
  • ახლომხედველობა ან შორსმხედველობა; ამ რეფრაქციული პრობლემების გამოსასწორებლად, როგორც წესი, გამოიყენება სათვალე ან კონტაქტური ლინზები.
  • კატარაქტა. ის მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას, რათა თავიდან იქნას აცილებული მხედველობის  დაკარგვა. ეს ხშირად ამბლიოპიის ყველაზე მძიმე ტიპია.

ამბლიოპიის რისკ-ფაქტორები

  • ნაადრევი მშობიარობა;
  • ახალშობილის მცირე წონა;
  • ოჯახის წევრებს აქვთ ზარმაცი თვალი;
  • განვითარების დარღვევები;

ამბლიოპიის გართულება

მკურნალობის გარეშე ზარმაცმა თვალმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.

ამბლიოპიის მკურნალობა

მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ზარმაცი თვალის მკურნალობა რაც შეიძლება ადრეულ ბავშვობაში, როდესაც ყალიბდება რთული კავშირები თვალსა და ტვინს შორის. საუკეთესო შედეგები დგება მაშინ, როდესაც მკურნალობა იწყება 7 წლამდე, თუმცა 7-დან 17 წლამდე ბავშვების ნახევარში ჩარევას დადებითი შედეგი აქვს.

მკურნალობის ვარიანტები დამოკიდებულია ზარმაცი თვალის მიზეზზე და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ეს მდგომარეობა თქვენი ბავშვის მხედველობაზე. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ:

მაკორექტირებელი სათვალე. სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას შეუძლია გამოასწოროს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი.

ჯანმრთელი თვალის ახვევა. სუსტი თვალის სტიმულირებისთვის თქვენს შვილს დღეში მინიმუმ 2-6 საათი უნდა ჰქონდეს სახვევი იმ თვალზე, რომლითაც უკეთ ხედავს. იშვიათ შემთხვევებში სახვევის ძალიან დიდხანს ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს ამბლიოპიის განვითარება მეორე თვალშიც.

თვალის წვეთები. ატროპინმა შეიძლება დროებით დაბინდოს მხედველობა ძლიერ თვალში. ჩვეულებრივ ინიშნება შაბათ-კვირას ან ყოველდღიურად, წვეთების გამოყენება ხელს უწყობს თქვენს შვილს გამოიყენოს უფრო სუსტი თვალი და გთავაზობთ თვალის ახვევის ალტერნატივას.

ოპერაცია. თქვენს შვილს შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს, თუ მას აქვს ქუთუთოს ჩამოშვება ან კატარაქტა.

აქტივობაზე დაფუძნებული მკურნალობა. მაგალითად, ხატვა, ფაზლების აწყობა ან კომპიუტერული თამაშები. თუმცა მათი ეფექტურობა დადასტურებული არ არის და კვლევა გრძელდება.

ზარმაცი თვალის მქონე ბავშვების უმეტესობისთვის, სწორი მკურნალობა აუმჯობესებს მხედველობას. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ექვსი თვიდან ორ წლამდე. თუ ზარმაცი თვალი განმეორდება, მკურნალობა თავიდან უნდა დაიწყოს.

წყარო: www.mayoclinic.org

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5