Skip to content Skip to sidebar Skip to footer

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაუნის სინდრომით მსოფლიოში ამ სინდრომის მქონე 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო თითქმის ორი წლის დავითი და მისი დედა ზინკა დვალიშვილი, რომელმაც სირთულეების მიუხედავად, სინდრომი “მოიშინაურა”, მიიღო და “დაიმეგობრა”. ორი წლის წინ, ზინკას  მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ემართა ნეგატიური ფიქრები და საკუთარი მდგომარეობა პოზიტიურ ჭრილში გაეაზრებინა, მთელი ოჯახის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა. 


მოგვიყევით თქვენს გამოცდილებაზე, დავითზე და მის სინდრომზე, რომელიც “მოიშინაურეთ”?

დავითი ჩემი მეოთხე შვილია. აქედან გამომდინარე საკმარისი გამოცდილება მაქვს გავიაზრო, როგორ უნდა ვითარდებოდეს  ჯანსაღი ბავშვი, როგორი უნდა იყოს სხვებთან შედარებით, მაგრამ ჩემი პატარა განსაკუთრებულად არ განსხვავდება განვითარების თვალსაზრისით უფროსი შვილებისგან – არც იუმორით, არც ხასიათით, არც საქციელით, არც მოტორიკით. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ როდესაც სამშობიაროში, რამდენიმე დღის შემდეგ მითხრეს, რომ ეჭვი იყო დაუნის სინდრომზე და ისიც მითხრეს, რომ კიდევ  სხვადასხვა პრობლემები გამოჩნდებოდა, ძალიან რთული იყო ამის მიღება, გააზრება და დაჯერება. ბავშვის დაბადებიდან თვენახევრის განმავლობაში ვიჯექი ბავშვით ხელში და ვტიროდი, მქონდა საშინლად ცუდი მოლოდინი და ვფიქრობდი “რა გვეშველებოდა?!”… ასე ვიყავი იქამდე, სანამ არ გადავწყვიტე, რომ ეს მოცემულობა უნდა შემეცვალა, რადგან დავინახე უფროსი შვილები როგორ განიცდიდნენ ამ ამბავს, როგორ ძალიან დასევდიანდნენ ჩემი მდგომარეობის გამო. ამან გადამაწყვეტინა თავი ხელში ამეყვანა, ეს პრობლემა მიმეღო და ბოლომდე გამეაზრებინა. და ისიც გავიაზრე,  რომ მე ჩემს პატარას გადავცემდი ნეგატიურ ენერგიას და დავიწყე ფიქრის მართვა, უფრო პოზიტიურად დავიწყე აზროვნება.

დაგეხმარათ თუ არა სხვა დედების გამოცდილება თქვენი მდგომარეობის გააზრებაში?

დამეხმარა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ჩემი მსგავსი პრობლემა ჰქონდა და ისეთი ოპტიმიზმით იყვნენ განწყობილი, ისეთი ბედნიერები იყვნენ, რომ შემრცხვა ჩემი თავის, რადგან დედებივით ბედნიერები იყვნენ მათი შვილები (ვგულისხმობ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს). ეს დედები არაფერს  იშურებდნენ თავიანთი შვილებისთვის და საოცარ საქმეებს სჩადიოდნენ მათთვის. როდესაც, მე ამას მივხვდი და გადავწყვიტე, რომ მე ვარ ჩემი შვილისთვის მთავარი მზრუნველი და დამცველი, რომ დავითს უნდა ჰქონდეს ჩემი იმედი, ამან გადამაწყვეტინა გამეკეთებინა შეუძლებელი, მომეხდინა სასწაულები, რამდენადაც ამის შესაძლებლობა მექნებოდა. ცვლილება საკუთარი თავიდან დავიწყე: მოვწესრიგდი, შევეცადე ფორმაში ვყოფილიყავი, ლამაზი და მხიარული ვყოფილიყავი და არ მეფიქრა ნეგატიურად. დავითს ხომ მართლაც ძალიან გაუმართლა, რომ ამდენი და-ძმა ჰყავს, რომელთან ერთადაც დროს ბედნიერად ატარებს, თამაშობს მათთან, ყოველდღიურ რიტუალებს მათთან ერთად ასრულებს და ძალიან ლაღად იზრდება. ჩემი ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ვეღარც გავიგე, როგორ გავიდა  ორი წელი ასე ლაღად და ბედნიერად. სულ მახსენდება ერთი ადამიანის სიტყვები, რომელიც ჩემთვის სტიმული იყო მაშინ: ”ტრაგედია არ არის ეს სინდრომი, მთავარია ბედნიერი ადამიანი იზრდება, არაფერი არ ტკივა, არ აწუხებს” და ეს ჩემთვის არის ნუგეში.

როგორია ახლა თქვენი და დავითის ყოველდღიურობა?

დავიწყეთ სიარული ადრეული განვითარების ცენტრში, რომელიც ძალიან კარგია და  ძალიან მოსწონს იქ ყოფნა. იქ მასწავლებელი ჰყავს, რომელიც ეთამაშება, სხვადასხვა აქტივობებში რთავს.  კვირაში ორჯერ ეს ძალიან კარგი რიტუალი გვაქვს, რომელიც ძალიან გვეხმარება. სახლშიც ხშირად გვაქვს სახალისო აქტივობები, უყვარს ცხოველები,  ხალხმრავლობა და ეს ყველაფერი მასზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ხშირად დაგვყავს ქალაქგარეთ, ვაწყობთ პიკინიკებს, მივდივართ სათევზაოდ, სამოგზაუროდაც წაგვიყვანია და ძალიან კომფორტული აღმოჩნდა მასთან დასვენება.  

 რას ურჩევდით სხვა მშობლებს ვინც ასეთი გამოცდილების წინაშე დადგა?

ვფიქრობ,  ბედნიერი და ხალისიანი გარემო განაპირობებს ბავშვის  ბედს და არა მისი სინდრომი. ძალიან ხშირად მინახავს უდიაგნოზო და ჯანმრთელი ადამიანები, მაგრამ ძალიან დათრგუნულები და კომპლექსებით შეზღუდულები.ასეც შეიძლება მოხდეს, იყოს რაღაც დიაგნოზი ფურცელზე, მაგრამ ბავშვს გარშემომყოფებმა მისცენ დიდი სტიმული და სწორი მიდგომით ხელი შეუწყონ მის განვითარებას. ეს ხელშეწყობა კი პირველ რიგში პრობლემის აღიარებიდან და მიღებიდან იწყება და ბავშვის წარმატება დიდწილად მშობელზეა დამოკიდებული. მე ეს მიდგომა ავირჩიე და ხშირად მავიწყდება, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა გვაქვს და ფურცელზე წერია რაღაც დიაგნოზი… 


კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5