Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი

პედიატრიაში ორი ასეთი ტერმინი არსებობს – cluster feeding და growth spurts. ქართული, ზუსტი შესატყვისი არცერთს არ მოეპოვება, მათ შესახებ არც ქართულ ენაზეა საკმარისი ინფორმაცია.

როდესაც ეს ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ეტაპი ჩვენი ჩვილის ცხოვრებაში დგება, დედები ვფიქრობთ, რომ რძე გაგვიშრა, ბავშვს არ ჰყოფნის, ყური სტკივა ანდა კიდევ ათასი რამ. უფროსი თაობაც ფიქრობს, რომ პატარა მშიერია, დედის რძის ცხიმიანობამ დაიკლო (რაც სამედიცინო თვალსაზრისით, აბსურდია) ან სულაც, ‘’თვალი ეცა.’’



რა არის cluster feeding და growth spurts?



სანამ ქართველი ენათმეცნიერები ამ ორი სიტყვის ზუსტ ქართულ ანალოგს შემოგვთავაზებენ, ვეცდები, თვითონ ვთარგმნო ისინი. Cluster feeding, იგივე უწყვეტი კვება, ჯანმრთელი, ნორმალური ახალშობილის განვითარების ეტაპია. ეს ეტაპი დგება როგორც მეძუძური, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების ცხოვრებაში ერთნაირად. არსებობენ იშვიათი, ბედნიერი გამონაკლისები, ვის ცხოვრებაშიც უწყვეტი კვების ეტაპი არასოდეს დგება, თუმცა არც ესაა პრობლემა.

თუ თქვენ პატარას ძუძუთი კვებავთ, დროდადრო შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის ჩვეულებრივზე ხშირად ითხოვს ძუძუს, დიდი ხანი ან სულაც, მთელი დღე სჭირდება დანაყრებისათვის და უჩვეულოდ ბევრს წუწუნებს. სწორედ ეს მოვლენაა უწყვეტი კვება. უწყვეტი კვების ეპიზოდები ხშირად ბავშვის ზრდის დღეებს (growth spurts)  ემთხვევა.

კვების ასეთი რეჟიმი ჯანმრთელი ბავშვის ნორმალური ქცევაა, პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალშობილებში გვხვდება და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ბავშვს რაიმე სჭირს ან თქვენს რძეს აქვს პრობლემა.

ახალშობილებს ისედაც იშვიათად აქვთ პროგნოზირებადი კვების ან ძილის გრაფიკი, უწყვეტი კვების დღეებში კი მათი გრაფიკი კიდევ უფრო ირევა, რაც ხშირად იწვევს დედების გაღიზიანებას. მსოფლიოს წამყვანი პედიატრების რჩევაა ყველა დედისათვის – იყავით მზად, რომ თქვენს პატარას კვების ასეთი ეპოზიდები ექნება და ნუ მოიმარაგებთ ხელოვნურ საკვებს, უწყვეტი კვების ეპიზოდები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი რძის რაოდენობის შენარჩუნებისათვის. ამ დღეებში კვებაში ხელოვნური საკვების ან საბავშვო ჩაის/წყლის დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი რძის გაშრობა ან შემცირება.

უწყვეტი კვების ეპიზოდები უფრო ხშირად გვხვდება საღამოობით, 6-დან 10 საათამდე. თუმცა უფრო დიდი ასაკის ჩვილებს უწყვეტი კვების დღეები შეიძლება ზედიზედ რამდენიმე დღე გაუგრძელდეთ. ამ დროს ისინი მთელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივზე ბევრად მეტს ჭამენ. ეს შეიძლება იყოს ზრდის დღეების, ძილის რეგრესიის, განშორების შფოთვის ან კბილების ამოჭრის გამო.

როგორია ბავშვის კვების ნორმალური გრაფიკი?

ყველა ბავშვი განსხვავებულია, მაგრამ ბავშვის ტიპური კვების სესია 5-დან 30 წუთამდე გრძელდება. ექსპერტები გირჩევენ ჩვილს 3 თვემდე დღე-ღამეში ძუძუ მიმიმუმ 12-ჯერ შევთავაზოთ. მაგრამ ნორმალურია ისიც, თუ თქვენს ბავშვს ჭამა უფრო ხშირად სჭირდება.

ახალშობილის ხშირი კვება დაგეხმარებათ: თავიდან აიცილოთ სიყვითლე, ხელს უწყობს ჩვილების ჯანმრთელი წონის აკრეფას, უწყვეტი კვების ეპოზიდების შემდეგ დედებს აქვთ ბევრად მეტი რძე, უწყვეტი კვების ეპოზიდების სწორად წარმართვა ძალიან ეფექტურია კოლიკის წინააღმდეგ.

მეცნიერების აზრით, უწყვეტი კვება სავარაუდოდ უფრო ხშირად ახასიათებთ ჩვილებს, რომლებსაც სათანადოდ არ აქვთ მომწიფებული ნერვული სისტემა და სხვებთან შედარებით უფრო ემოციურები არიან.

რა ვიცით ძუძუთი კვების შესახებ? ეს არის მიწოდების და მოთხოვნის სისტემა. როდესაც პატარას ხშირად სურს იკვებოს, ეს კარგი ნიშანია, მას უნდა მივცეთ ხშირად წოვის საშუალება.

უწყვეტი კვების ეპოზიდები შეიძლება დამღლელი იყოს დედისა და ოჯახის სხვა წევრებსაც აღიზიანებდეთ მოწუწუნე და ძუძუზე მიჯაჭვული ბავშვი. ამიტომ ამ დროს აუცილებლად განმარტოვდით, მოიმარაგეთ საკვები და წყალი.

აქვთ თუ არა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს უწყვეტი კვების ეპიზოდები?

დიახ, აქვთ, რადგან ტიპიურად განვითარებული ჩვილები ერთნაირად გადიან განვითარების ეტაპებს და არ აქვს მნიშვნელობა, რით იკვებებიან ისინი.

უწყვეტ კვებას აქვს დადებით და უარყოფითი მხარეები. მისი უპირატესობებია: ამ ტიპის კვების შემდეგ ბავშვს შეიძლება უფრო დიდხანს ეძინოს, ეს შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი რძის რაოდენობის გაზრდაში, ეს შეიძლება დაეხმაროს ჩვილებს ემოციურ განვითარებაში და ნევროლოგიურად მოწესრიგებაში, მას შეუძლია გაზარდოს კანით კანთან გატარებული დრო და დადებითად იმოქმედოს ბავშვის იმუნიტეტზე, ასევე დედის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე თუ დედას დეპრესია აქვს.

რისკები: ამ დროს იზრდება ძუძუსთავების დაზიანების ალბათობა, ამ დროს ბავშის რეჟიმი არაპროგნოზირებადია, ეს შეიძლება იყოს დამღლელი, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად, ხშირად საღამოს დედას არ რჩება სახლის დალაგების დრო, რამაც ქართულ რეალობაში შეიძლება ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვიოს.


თუ უწყვეტი კვება ასე გამოიხატება, მაშინ რა არის ზრდის დღეები?



პატარებს აქვს გარკვეული პერიოდები, როცა ზედმეტად წუწუნებენ, ითხოვენ ხშირად ჭამას, ტირიან ძუძუს წოვის დროს, იშვიათად ჭამენ ძუძუს, ტირიან მანამ, სანამ გარეთ არ გაიყვანთ, ცუდად სძინავთ ან სულ სძინავთ – ეს ნიშნები ერთად ან ცალ-ცალკე ზრდის დღეების მახასიათებელია.

ზრდის დღეები ძირითადად ბავშვის სიცოცხლის მე-7-მე-10 დღეს, მე-3 კვირას, მე-6 კვირას, მე-9 კვირას, 3 თვეზე, 6 თვეზე 9 თვეზე დგება და გრძელდება 2-3 დღე ან მთელი კვირა.

ამ პერიოდში ბავშვს მეტი რძე სჭირდება. თქვენი ორგანიზმი ხვდება ამ მოთხოვნას და რძის რაოდენობაც იზრდება. ზრდის დღეებში ძუძუს ხშირად შეთავაზება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი რძის რაოდენობის ზრდისა და შენარჩუნებისათვის, ამიტომ ნუ დაიხმართ ხელოვნურ ნარევს.

 ზრდის დღეების გავლის შემდეგ პატარები აუცილებლად სწავლობენ ახალ უნარს – ღიმილს, ბგერების წარმოთქმას, გადაბრუნებას, ხმამაღლა სიცილს, ჯდომას, ხოხვას და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში თქვენ გჭირდებათ დასვენება, უკეთ ჭამა, ბევრი სითხე (არა ჩაი) და ძილი, იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა უზრუნველყოს პატარას მოთხოვნების დაკმაყოფილება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5