Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ თქვენ ჩვილის მშობელი ხართ, ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც ბავშვის საფენის გამოცვლის დროს აღმოგიჩენიათ, რომ განავალს უჩვეულო ფერი აქვს. მაგალითად, მწვანე.

მწვანე განავალი ძალიან გავრცელებულია ჩვილებში და იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ შეიძლება ავადმყოფობაზე მიუთითებდეს, საბედნიეროდ, პანიკის საფუძველი არ გაქვთ.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიხედვით „ნორმალურ განავალს შეიძლება ჰქონდეს მოყავისფრო, მოყვითალო ან მომწვანო  ფერი“. მწვანე ფერის განავალი უფრო ხშირია ახალშობილებსა და ჩვილებში და ზოგჯერ შეიძლება თან ერთოდეს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების სხვა სიმპტომები.

მწვანე განავლის მიზეზები

ჩვილებში

  • ახალშობილის პირველი განავალი – მეკონიუმი – როგორც წესი შავია, თუმცა, შეიძლება მწვანე შეფერილობაც ჰქონდეს.
  • მწვანე განავალი შეიძლება მიუთითებდეს წინა და უკანა რძის დისბალანსზე ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში. კვების დასაწყისში მოდის ანტისხეულებით მდიდარი რძე, ბოლოში – კალორიული. როდესაც ბავშვი უფრო მეტად წინა რძეს იღებს და ვერ ცლის ბოლომდე ძუძუს, შეიძლება მისი განავალი გახდეს მომწვანო. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლები ან არანოყიერი რძე გაქვთ.
  • მწვანე განავალი შეიძლება მიუთითებდეს რომელიმე პროდუქტის აუტანლობაზე დედის მენიუში, განსაკუთრებით თუ ბავშვი გაღიზიანებულია.
  • მწვანე განავალი სისხლის ჩანართებით შეიძლება მიუთითებდეს დედის მენიუში შემავალი რომელიმე პროდუქტის ან ხელოვნური ნარევის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიაზე.
  • ხელოვნური ნარევის გარკვეულმა ბრენდებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვანე განავალი.
  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია შეიძლება გახდეს თხელი, მომწვანო განავლის მიზეზი.
  • მწვანე საკვები, მაგალითად ისპანახი, ფერს უცვლის განავალს.

1-3 წლის ბავშვებში

  • ამ ასაკში ბავშვები იწყებენ ბაღში სიარულს, ურთიერთობას ბევრ ბავშვთან და უფრო მეტად ხვდებათ ვირუსები, რომლებიც იწვევს ფაღარათს – თხელ, ზოგჯერ წყლიან, მომწვანო ფერის განავალს.
  • მწვანე ბოსტნეული.
  • რკინის შემცველი ვიტამინები.

მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვის განავალს ფერი შეეცვალა, არ არის საჭირო შეუცვალოთ ხელოვნური ნარევი ან თქვენი მენიუდან ამოიღოთ ის პროდუქტი, რომელზეც ეჭვი გაქვთ. მაგრამ თუ ბავშვს სხვა სიმპტომებიც აქვს, მაგალითად, მუცლის ტკივილი, გაზები, ღებინება, ქაფიანი განავალი, დაუკავშირდით ექიმს რჩევისთვის.

რა ფერის განავალია საშიში?

ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, მწვანე განავალი თითქმის არასოდეს არის საგანგაშო. ამასთანავე,  მწვანე, თხელი ან წყლიანი განავალი ხშირად მიუთითებს ფაღარათზე, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში საჭიროებს ყურადღებას.

არსებობს განავლის ფერები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს პრობლემაზე. თუ თქვენი ბავშვის განავალი არის თეთრი, წითელი (განსაკუთრებით კაშკაშა წითელი) ან შავი, უნდა დაუკავშირდეთ პედიატრს.

თუ თქვენს ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში აქვს ფაღარათი მწვანე განავალთან ერთად, დარწმუნდით, რომ მას არ ემუქრება გაუწყლოება.

წყარო: www.verywellfamily.com

ფოტოები: giphy.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5