დისტანციური სწავლების დროს ბავშვებს უწევთ დღის დიდი ნაწილი იმპროვიზირებულ სასწავლო ადგილებში გაატარონ. პედიატრები ამბობენ, რომ ამის შედეგად კისრისა და ზურგის ტკივილის ჩივილებით მომართვიანობა გაიზარდა.
”მე პრაქტიკაში თითქმის 20 წელია ვნახულობ ოჯახებს და არასდროს მინახავს მწვავე ტკივილის ასეთი ფართო მასშტაბები, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში.” – ამბობს ქიროპრაქტიკოსი ბრენდი ნემჩენკო – “მათ მოუწიათ სასადილო ოთახების, სავარძლებისა და ბავშვების საწოლების ოფისად და კლასად გადაკეთებამ, ამას დაემატა სტრესი და შფოთვა, რის გამოც ტკივილის დონემაც მოიმატა”, – დასძენს იგი.
ამერიკის ქიროპრაქტიკის ასოციაციის პრეზიდენტი ჯენიფერ ბროკერი განმარტავს, რომ განმეორებადი, ხანგრძლივი ჯდომა მოუხერხებელ პოზაში იწვევს ხერხემლის და კუნთების სტრესს. იგი განმარტავს, რომ სხეულზე დატვირთვამ შეიძლება მოკლევადიან პერიოდში – მოუსვენრობა და უყურადღებობა გამოიწვიოს, დროთა განმავლობაში კი – ტკივილი.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მოხერხებული პოზის მიღებაში ონლაინ სწავლებისა და მეცადინეობის დროს?
ერგონომიკა
ბროკერი განმარტავს, რომ ერგონომიკა ხელს შეუწყობს მათი ყურადღების შენარჩუნებას და კუნთოვანი ტკივილის შემცირებას. ”ბავშვებისთვის ეს ნიშნავს დამხმარე სკამის ქონას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ – ფეხები დაასვენონ ხისტ ზედაპირზე, პირდაპირ უყურონ ეკრანს და ხელებით დაეყრდნონ მაგიდას მხრების აწევის გარეშე”.
მისი აზრით, არ არის აუცილებელი ახალი ერგონომიული ავეჯის ყიდვა, საკმარისია ბალიშით სავარძლის ამაღლება და მაგიდის ქვეშ ყუთის ჩადგმა ფეხების დასასვენებლად.
მოძრაობა
ბროკერი შეახსენებს მშობლებს, რომ ბავშვები საკმაოდ ბევრს მოძრაობენ სკოლაში. ის ამბობს, რომ მცირე შესვენებების მოწყობა და მოძრაობა დაეხმარება მათი ზურგის ჯანმრთელობას.
რეკომენდებულია 15-20 წუთიანი გაწელვები და ძალისმიერი ვარჯიშები. ასევე, ექსპერტები გვირჩევენ, იმ კუნთების გაწელვასაც, რომლებზეც ვგრძნობთ დაძაბვას ან ტკივილს. მაგალითად, გულ-მკერდის კუნთები ან მხრები, რომლებიც მომრგვალდებიან ხოლმე კითხვის დროს.
წაახალისეთ ბავშვი გაჭიმოს კუნთები შემდეგი მეთოდით: გაშალოს ხელები, თუ მოახერხებს, ჩასჭიდოს ერთმანეთს ზურგს უკან და აიხედოს ზემოთ. ასევე, მნიშვნელოვანია კუნთების საპირისპირო ჯგუფის გაძლიერება. ზურგის, წელის და მხრების კუნთების გაძლიერება შეიძლება დაეხმაროს ხერხემალს უკეთესი მდგომარეობის შენარჩუნებაში.
რამდენიმე სავარჯიშო თქვენი შვილების დასახმარებლად:
ჩიტი-ძაღლი: დადექით მუხლებზე და ხელებზე. ერთდროულად გაშალეთ მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი. შემდეგ ორივე წაიღეთ მუცლისკენ და ისევ გაშალეთ. გაიმეორეთ 5-10-ჯერ და შეცვალეთ მხარეები.
ნიკაპის ვარჯიში: მხრებში გაიმართეთ, ყურები და მხრები ერთ ხაზზე იყოს. ნიკაპი შეზიდეთ კისრისკენ. ვარჯიშის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რომ თხემზე მობმული თოკი გექაჩებათ ცისკენ.
ბეჭის შეკუმშვა: დადექით ან დაჯექით მოდუნებული და დაშვებული მხრებით. ეცადეთ ბეჭები შეაერთოთ ზურგზე, გააჩერეთ რამდენიმე წამით, შემდეგ დაისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.
უმჯობესია, ერთად გააკეთოთ ვარჯიშები, რადგან მათი მისაბაძი მაგალითი თქვენ ხართ.
ნემჩენკო მშობლებს ახსენებს, რომ ცუდი პოზის გარდა, სხეულის ტკივილი შეიძლება ემოციურ ჯანმრთელობასთან იყოს დაკავშირებული. გასულ წელს სამყარომ ბევრი შფოთვა გადაიტანა, ეს დღესაც გრძელდება და ბავშვები ამას გრძნობენ, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტად, ვიდრე მოზრდილები.
„ჩვევები, რომლებსაც ახლა სწავლობენ, კრიტიკულია მათი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ მშობლებმა უნდა მისცენ ბავშვებს შემოქმედებითობისა და აქტიურობის მაგალითი ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისთვის“.
წყარო: verywellfamily.com