პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი ეკა კუცია.
რა არის Vernix caseosa და რაში ეხმარება ის ახალშობილს?
ვერნიქსი (თეთრი, ბლანტი ნივთიერება, რომლითაც ახალშობილის კანია დაფარული) ფორმირდება მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე და ეს ახალშობილისთვის ერთგვარი დამცავი გარსია. ეს არის ნივთიერება, რომელიც შეიცავს 81 % წყალს, 9 % ლიპიდებს (ცხიმს) და 10 % ცილას. დაახლ. 1 კვირის ასაკიდან შესაძლოა დაიწყოს ახალშობილის კანის აქერცვლა და ეპიდერმის (კანის) რეგენერაციის (აღდგენის) პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. აქერცვლა/აღდგენა პედიატრ ეკა კუციას თვალსაზრისით სრულიად ნორმალური პროცესია და ასეთ დროს დამატენიანებელი კრემის წასმა არაფერს შეცვლის.
რაში ეხმარება ახალშობილს vernix caseosa?
Vernix caseosa საშვილოსნოშიდა გარემოდან გარე გარემოში გადასვლას უადვილებს ნაყოფს. ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში ყლაპავს ცოტაოდენ vernix caseosa-ს ამნიონური სითხიდან და ამით თავისი მიკრობიომის (ნაწლავის მიკრობული ფლორის ) და საკუთარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას იწყებს.
გლუტამინი, რომლითაც წარმოდგენილია ამ გარსის ამინომჟავები (20%) არის მიკრობიომის განვითარების მთავარი ფაქტორი.
Vernix caseosa არის ბუნებრივი ლუბრიკანტი, რომელიც მშობიარობის დროს ზედმეტი ხახუნის და ტრავმირებისგან იცავს ახალშობილს.
ასევე vernix caseosa-ს აქვს დამცავი ანტიბაქტერიული მოქმედება, რაც იცავს ახალშობილს ფიზიოლოგიური მშობიარობისას ვაგინალურ გზის გავლისას დაინფიცირებისგან.
Vernix caseosa ახალშობილს იცავს წყლის კარგვისა და გადაციებისგან მშობიარობისას და უშუალოდ დაბადების შემდეგ.
როგორია თანამედროვე რეკომენდაციები Vernix caseosa-სთან ანუ დამცავ გარსთან დაკავშირებით? რამდენ ხანს უნდა შენარჩუნდეს ის ახალშობილის კანზე, თუ საჭიროა დროული ჩამობანა?
ჯანმო-ს რეკომენდაციით არ არის აუცილებელი ჩამობანა და ჩამოფხეკა ამ გარსის, პირიქით, უმჯობესია მასაჟით მისი შეზელა კანში და დატოვება ადგილზე რამდენიმე დღით, რათა მისი სასარგებლო ფუნქციები მაქსიმალურად გამოიყენოს ახალშობილმა. არჩევანი მშობლებზეა, გადაავადებთ 2-3-4 ან მეტი დღით პირველ ბანაობას თუ არა.
რა რეკომენდაციები არის მოწოდებული ახალშობილის აბაზანასთან დაკავშირებით? აუცილებელია თუ არა ყოველდღე ბანაობა და შამპუნის გამოყენება?
არ არის აუცილებელი ყოველდღე მიიღოს აბაზანა ახალშობილმა.
არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე საპნის გამოყენება.
თუ მშობლები იყენებენ საპონს, სასურველია, გამოიყენონ სპეციალურად ახალშობილის ნაზი კანისთვის შექმნილი, რბილი, ნაზი საპონი, სუნის გარეშე. მნიშვნელოვანია, კარგად ჩამოირეცხოს საპნის ნაწილაკები, რადგან დარჩენილმა საპონმა შესაძლოა ახალშობილის კანი გააღიზიანოს.