Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამერიკის პედიატრიის  აკადემია ურჩევს მშობლებს  ყოველდღე  მინიმუმ 60 წუთით შესთავაზონ ბავშვებს ფიზიკური დატვირთვა, იქნება ეს სპორტი, ფეხით სიარული თუ ველოსიპედის ტარება.

პანდემიის შესაჩერებლად  სოციალური დისტანციის დაცვის გამო შესაძლოა ზოგიერთი ბავშვი უარს აცხადებდეს გარეთ სეირნობაზე. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომ მათ დაუბრუნოთ ღია ცის ქვეშ თამაშის ხალისი.

დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით

თუ თქვენ „სახლის“ ოჯახი ხართ,  თქვენს შვილებზე ზეწოლა, რომ დიდი დრო გაატარონ გარეთ, არაფერს მოგიტანთ. იმის ნაცვლად, რომ თავიდანვე 2 საათით გაიყვანოთ ღია ცის ქვეშ, დაიწყეთ ნახევარი საათით. როცა ამ გრაფიკს მიეჩვევიან, დაუმატეთ კიდევ 15-30 წუთი.

დაგეგმეთ

იმის ნაცვლად, რომ უთხრათ: „წადი გარეთ და ითამაშე“, ჩამოუთვალეთ, რას გააკეთებთ გარეთ, მაგალითად:

  • ფოთლებისა და გირჩების შეგროვება;
  • საპნის ბუშტების გაშვება;
  • ტროტუარზე ცარცით ხატვა;
  • დაჭერობანა-დახუჭობანა;
  • ველოსიპედის და მსგავსი საშუალებების ტარება;
  • გუბეებში ხტუნვა;
  • კლასობანა.

წაიღეთ საყვარელი ნივთები გარეთ

თუ ბავშვების მოტივაციაზე მუშაობთ, „წაიყვანეთ“ მათი საუკეთესო მეგობრები სასეირნოდ. თუნდაც, თოჯინებით ითამაშონ გარეთ ან პლანშეტში იკითხონ, დროთა განმავლობაში მიეჩვევიან ღია ცის ქვეშ დროის გატარებას და ფიზიკურ აქტივობებს.

მოერგეთ ამინდს

როდესაც თქვენს შვილებს  გარეთ თამაშის უფლებას მხოლოდ კარგ ამინდში მისცემთ, ამით შეზღუდავთ მათ აქტივობებს. ნაცვლად ამისა, დარწმუნდით, რომ თქვენს ბავშვებს აქვთ შესაბამისი ტანსაცმელი, რაც მათ საშუალებას მისცემს  ისეირნონ ნებისმიერ ამინდში. წყალგაუმტარი ბოტები, შარვლები და საწვიმრები  წვიმიან დღეებში და ცივ ამინდში ქუდები და ხელთათმანები, მათ ზამთარშიც კომფორტულად აგრძნობინებთ თავს.

გადით გარეთ მათთან ერთად

თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ თქვენი, როგორც მშობლის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო არის იმ ქცევის მოდელირება, რომლის წახალისებაც გსურთ თქვენს შვილებში. ამიტომ აქციეთ გარეთ სეირნობა  ჯგუფურ აქტივობად. თუ სახლიდან მუშაობთ, გახსოვდეთ, რომ შესვენება გეკუთვნით და შეგიძლიათ ეს დრო გამოიყენოთ.  შაბათ-კვირას გამოაცხადეთ, რომ სასეირნოდ მიდიხართ და ჰკითხეთ, თუ აქვთ სურვილი თქვენთან ერთად წამოვიდნენ. თუ უარს გეტყვიან, ხმამაღლა თქვით: „გარეთ გავდივარ. სატელეფონო ზარს უნდა ვუპასუხო. გთხოვთ, არ გამომყვეთ!”

(სპოილერი: ისინი აუცილებლად  გამოგყვებიან!)

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5