Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა საზამთროს ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 50 სმ-ია, წონა 3288 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-9 თვეში ხართ.

მშობიარობამდე დარჩენილია 1 კვირა.

ნაყოფის განვითარება

თქვენ დიდი გზა გამოიარეთ, უკვე 39 კვირის ხართ და ეს სრულ ვადად ითვლება. მესამე ტრიმესტრის და თქვენი ორსულობის დასასრული ახლოსაა. 

თქვენი პატარას ფილტვები და ტვინი გააგრძელებს განვითარებას დაბადებამდე. მისი ტვინი სრულ ზომას სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში მიაღწევს, ხოლო ფილტვები საბოლოოდ 3 წლისთვის მომწიფდება. სწორედ ახლა, ფილტვები დაკავებულია სურფაქტანტის წარმოებით, რომელიც დაეხმარება ახალშობილს პირველ ამოსუნთქვაში. 

თქვენს პატარას საშვილოსნოში ადგილი აღარ ჰყოფნის, ამიტომ შეიძლება მისი მოძრაობები იშვიათად იგრძნოთ. თუ ღელავთ ამის გამო, შეგიძლიათ დასამშვიდებლად თქვენს ექიმს მიმართოთ. 

 დედის ორგანიზმი ორსულობის 39-ე კვირაში

ზოგიერთი ორსულისთვის ამ ეტაპზე სიარული და ზოგადად, გადაადგილება ნამდვილი გამოწვევაა ნაყოფის წონის და მუცლის სიდიდის გამო.  იმოძრავეთ ნელა, ფრთხილად და დაისვენეთ, როგორც კი ამის საშუალება გექნებათ. თუ ღამით ვერ იძინებთ, სცადეთ დღის განმავლობაში წაუძინოთ ენერგიის შესანარჩუნებლად.  

თქვენი საშვილოსნო მშობიარობიდან 6 კვირაში დაუბრუნდება ნორმალურ ზომას. 

 თქვენი სიმპტომები

  • ძილის დარღვევები. ორსულობის ბოლოს სულ უფრო ძნელდება ღამით მშვიდად ძილი. თქვენი მუცლის ზომა ართულებს მოხერხებული მდებარეობის მიღებას და ასევე, ნერვები და შფოთვაც ხელს გიშლით მშვიდად ჩაძინებაში. ეცადეთ, რაც შეიძლება მოსახერხებელი გახადოთ თქვენი საძინებელი და ლოგინი. 
  • ლორწოვანი საცობის ჩამოვარდნა. საშვილოსნოს მთელი ორსულობის განმავლობაში ინფექციებისგან იცავს ე.წ. ლორწოვანი „საცობი“, რომლის ჩამოშლა უძღვის წინ საშვილოსნოს ყელის გახნას. ეს შეიძლება მოხდეს  37-ე კვირაში, რასაც თქვენ შეამჩნევთ მოვარდისფრო ან ოდნავ სისხლიანი ვაგინალური გამონადენით. თუ ეს შენიშნეთ, ე.ი. მშობიარობა იწყება ან მოახლოებულია. მაგრამ, „საცობი“ შეიძლება ნელ-ნელა ჩამოვარდეს დღეების და კვირების მანძილზეც კი. ამიტომ, ზოგიერთი ქალი ვერც გრძნობს მის ჩამოშლას. თუ ორსულობის ამ ვადაზე შეამჩნიეთ მსგავსი გამონადენი საცვალზე ან ტუალეტის ქაღალდზე, დაურეკეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის და შემდეგი ნაბიჯების გასაგებად.   
  • წყლების დაღვრა. ყველას გვინახავს ფილმებში – როცა პერსონაჟი წყლებს ღვრის, ვიცით, რომ მალე ბავშვი დაიბადება. ეს შეიძლება მოხდეს ნელ-ნელა ან ძლიერი ნაკადით და ნიშნავს, რომ თქვენი პატარას დამცავი ამნიონური ტომარა გატეხილია, სანაყოფე წყლები იღვრება და მშობიარობა იწყება. დაურეკეთ თქვენს ექიმს, რომ მოგცეთ რჩევა შემდეგი ნაბიჯების შესახებ. თუ წყლებს აქვს სუნი ან თქვენ გაქვთ სიცხე, შეატყობინეთ ექიმს, რადგან შეიძლება ეს იყოს ინფექციის ნიშანი, რომელიც ქორიოამნიონიტის სახელითაა ცნობილი.  
  • პრეეკლამპსია. ზოგიერთ ორსულს არტერიული წნევის მომატება აღენიშნება ამ კვირაში. ყურადღება მიაქციეთ სხვა შესაძლო სიმპტომებს ამ ვადაზე: ხელ-ფეხის შეშუპება, თავის ტკივილი, ღებინება და გულისრევა, წონაში უეცარი დაკლება, ჰაერის უკმარისობა ან მხედველობის ცვლილებები. ექიმი მთელი ორსულობის განმავლობაში გიკოტროლებთ წნევას მშობიარობამდე, მაგრამ თუ ეს სიმპტომები გაქვთ, აცნობეთ დაუყოვნებლივ. 

 რა უნდა გაითვალისწინოთ? 

  • თუ გგონიათ, რომ მშობიარობა დაგეწყოთ, წუთების დათვლით დარწმუნდით, რომ არ გერევათ ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვებში. მშობიარობის ადრეულ ეტაპზე, თქვენ საშვილოსნოს კუმშვებს  5-15 წუთის ინტერვალით იგრძნობთ და ერთი შეუმშვა 60-90 წამი გაგრძელდება. თუ კუმშვები რეგულარულია და გრძელდება მდგომარეობის შეცვლის მერეც, დროა, ექიმს დაურეკოთ. კუმშვები უფრო ხშირი და ინტენსიური გახდება. 

ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • რამდენჯერ უნდა გამოძრავდეს პატარა ორსულობის ბოლო კვირებში?
  • რას მირჩევთ, თუ ჩემი პატარა ჯდომით პოზიციაშია?
  • შეიძლება ჩემი პარტნიორი ან უფროსი შვილი დაესწროს მშობიარობას?
  • სამშობიარო ბლოკში შეიძლება ფოტოს ან ვიდეოს გადაღება?
  • რას უნდა მოველოდო მშობიარობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში? 
  • მშობიარობიდან მალევე შემიძლია ბავშვთან კანით კანზე კონტაქტი? 

თქვენი გეგმები

  • შეიძლება წყლების დაღვრა ძილის დროს დაგეწყოთ. ამიტომ, გადააკარით თქვენს მატრასს წყალგაუმტარი შალითა.
  • გააკეთეთ არჩევანი, ვინ იქნება თქვენი შვილის პედიატრი.

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/39-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5