ზუსტად 1 წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი გაიდლაინი, რომელიც მშობლებს ურჩევს ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის 2 წლამდე პატარები მოარიდონ ეკრანებს, ხოლო 2-დან 5 წლამდე დაუშვან მხოლოდ 1 საათით დღეში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლები და ბაღები დახურულია, მშობლები სახლიდან მუშაობენ და ბავშვებისთვის გამოყოფილი საეკრანო დრო შეიძლება გაიზარდოს ოჯახების უმრავლესობაში.
აუცილებელია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მხოლოდ მაღალი ხარისხის პროგრამებს უყურებდნენ და თან მშობლებთან ერთად, რათა მათ აუხსნან, რაც ეკრანზე ხდება. გთავაზობთ მშობლების მიერ კარანტინში აღმოჩენილ მულტფილმებს, რომლებიც გაგიხალისებთ ერთად ყოფნის დროს.
1. სახლში ოლაფთან ერთად . უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდია ყოველ სამუშაო დღეს იუთუბზე გვჩუქნის ოლაფის ახალ თითქმის 1 წუთიან თავგადასავლებს. აღსანიშნავია, რომ გადამღები ჯგუფიც სახლიდან მუშაობს. თქვენ გაიგებთ, რას მიიღებს ოლაფი საჩუქრად დაბადების დღეზე; როგორ ვარჯიშობს, თევზაობს და ერთობა მარტოდმარტო… ასევე, ის ჩაგიტარებთ კბილის გახეხვის და მაღალი თაროდან ტკბილეულობის მოპარვის მასტერკლასებს.

2. გაყინული 2. ის კორონავირუსამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა კინოთეატრებში და შეიძლება ჯერ არც ჰქონდეთ თქვენს შვილებს ნანახი. რატომ არის იავნანები ყოველთვის საშიში? – კითხულობენ ფილმში და ელზა და ანა ისევ ცდილობენ ერენდელის გადარჩენას, ოღონდ ამჯერად მოჯადოებული ტყეც უნდა გაათავისუფლონ. სიყვარული, მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა, კარგი სიმღერები და იუმორი ამ ნაწილშიც უხვადაა და კრისტოფთან, სვენთან და ოლაფთან ერთად რამდენიმე ახალ საინტერესო გმირსაც გაიცნობთ.
3. მუმინების ხეობა. ტუვე იანსონის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული მულტფილმი მუმინების ოჯახზეა, საყვარელ არსებებზე, რომლებიც ძალიან ლამაზ ხეობაში ცხოვრობენ. თუ მის ყურებას გადაწყვეტთ, გელოდებათ მამა და დედა მუმინების, მუმინტროლის, ფრეკენ სნორკისა და ბუზღუნა პატარა მის საინტერესო, სასაცილო და ცოტათი სევდიანი ისტორიები, რომლის ყურების შემდეგ უკეთ გაუგებთ ბავშვებს და თქვენც დაელოდებით სნუსმუმრიკის გაზაფხულის სიმღერას.

4. ზღვის სიმღერა . ეს ირლანდიური მულტფილმი ობოლ და-ძმაზეა და ლამაზი ნახატებით და სასიამოვნო მუსიკით მოგხიბლავთ. ბენი და სირშა მოგზაურობისას მრავალ ხიფათს ხვდებიან და ცდილობენ სულების სამყაროს გადარჩენას. ამასთანავე, ირკვევა, რომ სირშა სულაც არ არის უბრალო გოგონა, მას ჯადოსნური ძალა აქვს.

5. ერნესტი და სელესტინი . სამყაროში, სადაც დათვები და თაგვები ერთმანეთს მტრობენ, დათვი ერნესტი და თაგუნია სელესტინი სხვების აზრს ყურადღებას არ აქცევენ, თამამად არღვევენ ტრადიციებს და მეგობრობენ.
უფროსი ბავშვებისთვის სანახავი ფილმების სიასაც მალე შემოგთავაზებთ. მანამდე კი დარჩით სახლში და დაიცავით ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.