პედიატრი, ოჯახის ექიმი ლიდა კორკოტაძე გვიყვება ახალშობილთა აკნეზე.

ახალშობილთა აკნე ანუ ცეფალური პუსტულოზი არის კანის ჩვეულებრივი მდგომარეობა, როდესაც ის დაფარულია უხეში პუსტულებითა და მოწითალო ლაქებით. ვლინდება დაბადებისთანავე ან ოდნავ მოგვიანებით და გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.
ახალშობილთა აკნე ვლინდება 2 თვემდე ასაკის პატარებში და სიხშირე მერყეობს 20-25%-მდე კანის ფერის, ეკვატორიდან დაშორების, რასობრივი განსხვავების მიხედვითაც კი. მოგვიანებით ანუ 2 თვის შემდეგ გამოვლენილი აკნე უკვე განსხვავებული მდგომარეობაა, მიმდინარეობს უფრო რთულად და სჭირდება სპეციალისტის კონსულტაცია.

როგორ გამოიყურება ახალშობილთა აკნე ვიზუალურად?
ეს არის პატარა, წითელი ან მეწამული ე.წ. მუწუკები, რომლებიც შეშუპებულია (პაპულები). მუწუკები შეიძლება იყოს ჩირქიანი შიგთავსით, ე.წ. პუსტულები.
სიმპტომები ანუ გამონაყარი ვლინდება ლოყებზე, ნიკაპზე, შუბლზე, თავზე, კისერზე, ზოგჯერ მხრებზე და ზურგის არეშიც კი.
ახალშობილთა აკნე ვითარდება მოულოდნელად, პატარა ზომის ლაქა თანდათან დიდდება, კანიდან ამოიბურცება და შეიძლება შეიცვალოს ზომაში ტირილის, ტემპერატურის მატების ან სხვა ფიზიკური ზეგავლენით, ალაგების შემდეგ კი კანი რჩება სუფთა, ყოველგვარი ლაქებისა და ნაიარევების გარეშე.
რა იწვევს ახალშობილთა აკნეს?
ზუსტი მიზეზი უცნობია. აკნე, როგორც წესი, დახშული ფორების შედეგია. როდესაც ფორები იხშობა, კანის შიგნით ადვილად ვრცელდება ანთებითი ცვლილებები და შედეგად ვიღებთ აკნეს.
ახალშობილთ აკნეს გამომწვევი შეიძლება იყოს ჰორმონალური რყევები, აღნიშნულს ადგილი აქვს დაბადებისას ან ცხოვრების პირველ რამდენიმე კვირაზე. ჰორმონები ზეგავლენას ახდენს ახალშობილის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებზე, მათ შორის კანის ცხიმის გამომუშავებაზე. კანის ცხიმოვანი ჯირკვლები კი ქმნიან ერთგვარ ბარიერს, რაც იცავს კანს და თმას. თუმცა, ზედმეტმა ცხიმმა შეიძლება დაახშოს ფორები და გამოიწვიოს აკნე.
გარდა ამისა, ბავშვებს აქვთ მგრძნობიარე კანი, და შეიძლება უარყოფითად რეაგირებდეს ყველაფერზე, მათ შორის კანზე მოხვედრილ ღებინების ნარჩენებზე, მექანიკურ შეხებაზეც კი.
იწვევს თუ არა ბავშვის აკნეს ძუძუთი კვება?
შესაძლებელია ახალნამშობიარები დედის ორგანიზმიდან რძეში გადასულმა ჰორმონებმა გავლენა მოახდინონ ბავშვის ჰორმონებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე, ჭარბმა ცხიმიანობამ გამოიწვიოს ფორების დახშობა და შედეგად აკნე. თუმცა, ბავშვის აკნე არის კანის დროებითი მდგომარეობა, რომელიც ნორმალიზდება ყოველგვარი სამედიცინო მკურნალობის გარეშე. და ამან არ უნდა იმოქმედოს ახალშობილის კვებაზე.
იწვევს თუ არა კოცნა აკნეს?
რა თქმა უნდა, არა. ნაზი მოფერება არავითარ შემთხვევაში არ იწვევს აკნეს, რადგან ეს ფორების დახშობით გამოწვეული მდგომარეობაა, თუმცა უხეში შეხება უკვე არსებულს ადვილად ამწვავებს.
დიაგნოზის დასმა მარტივია და შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური დათვალიერებით.
მკურნალობა:
როგორც აღვნიშნეთ, ახალშობილთა აკნე კანის მდგომარეობაა და არ სჭირდება მკურნალობა, თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ანტიფუნგალური მკურნალობა სტეროიდებთან, მაგ. ჰიდროკორტიზონთან ერთად. ან უბრალოდ დამატენიანებელი ლოსიონიც კი აღმოჩნდეს საკმარისი.
შეიძლება თუ არა ე.წ. შინაური მალამოს გამოყენება ახალშობილთა აკნეს დროს? ასეთი საშუალება გამოიყენეთ დიდი სიფრთხილით და მისი შემადგენელი კომპონენტების გათვალისწინებით, სხვა შემთხვევაში არ გარისკოთ.
დაბანეთ კარგად თბილი წყლით. არ გამოიყენოთ მექანიკური საშუალება, გაამშრალეთ რბილი ქსოვილით, არ გამოიყენოთ ზეთები ან სხვა მაღალცხიმიანი ფორების შემკვრელი ლოსიონები, ნებისმიერი საკვები მასის ნარჩენები მოაშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბით, არ გამოიყენოთ სველი ხელსახოცი თუ არ აქვს მითითებული, რომ ის შეიცავს ფორების გამხსნელ საშუალებას.

თუ აკნე რამდენიმე კვირის განმავლობაში მდგომარეობა არ შეიცვალა ან პირიქით, დამძიმდა, აჩვენეთ ექიმს.
რამდენ ხანს გრძელდება ახალშობილთა აკნე?
დაკონკრეტება რთულია, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. თუ 2 თვის ასაკზეც არ ალაგდა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან.
პრაქტიკულად არ არსებობს პროფილაქტიკა, ამიტომ
ნაზად ჩამობანეთ კანი უმნიშვნელო ნარჩენის მოხვედრისასაც კი;
არ გამოიყენოთ ცხიმოვანი კანის მოვლის საშუალებები;
არ გამოიყენოთ ფორების შემკვრელი საშუალებები;
პროგნოზი კეთილსაიმედოა. აკნე ალაგდება ყოველგვარი ნაიარევისა და კანის დაზიანების გარეშე.