დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საქართველოში ამ ეტაპზე 23 ადამიანია ინფიცირებული, მათგან მხოლოდ 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები. კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.
“საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.” – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.