დისტანციური სწავლება მართლაც რთულია ბავშვებისთვის. მეგობრების ნახვისგან თავის შეკავებაც სევდიანია. შეტყობინებას, რომელსაც თქვენ ბავშვებს უგზავნით სიტუაციასა და მათი გამკლავების უნარების შესახებ, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიძნელის გადალახვაში.
თუ ამბობთ: ”ეს საშინელებაა! ეს თქვენთვის ტრავმაა და თქვენ ამ წელს დაკარგეთ ბავშვობის ერთი წელი“ ამით თქვენს შვილებს ვერ ეხმარებით. ამის ნაცვლად უთხარით „ვიცი, ეს რთულია, მაგრამ მოდი, ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს დრო უფრო საინტერესო და სახალისო“.
დაეხმარეთ ბავშვებს ამ რთულ დროსთან გამკლავებაში
გამოიყენეთ გამაძლიერებელი ენა. იმის ნაცვლად, რომ თქვათ ისეთი სიტყვები, როგორიცაა: “ჩვენ სახლში დავრჩით” და “თქვენ ვერ წახვალთ სკოლაში”, გაგზავნეთ პოზიტიური მესიჯი. თქვით: “ჩვენ ვირჩევთ სახლში დარჩენას, რომ ყველას უსაფრთხოება დავიცვათ” და “ჩვენ ვსწავლობთ დისტანციურად, რათა ყველა ჯანმრთელად იყოს“.
რეგულარულად ესაუბრეთ იმაზე, თუ რას განიცდიან ისინი. დაუსვით შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა სიძნელეები აქვთ, რა ენატრებათ სკოლაში და ა.შ.
მოერიდეთ მათი განცდების დაკნინებას. არ თქვათ ისეთი სიტყვები, როგორიცაა: “მე ძალიან მინდოდა სახლში ყოფნა ბავშვობაში!” ან “იცით, რას მივცემდი, რომ სკოლაში არ მევლო?“ ამგვარი განცხადებები არ უბიძგებს მათ მადლიერებისკენ იმისთვის, რაც მოცემულ მომენტში აქვთ.
დააფასეთ მათი გრძნობები, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ისინი ზოგჯერ ზედმეტად დრამატულია. უთხარით ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „დარწმუნებული ვარ, იმედგაცრუებაა, როდესაც ხატვა ინტერნეტით უნდა ისწავლო“ ან „მე ვიცი, რომ მოწყენილი ხარ, დაბადების დღის წვეულება რომ არ გქონდა“.
შემდეგ, ერთად იმუშავეთ დაძლევის მეთოდების მოძიებაზე. შესაძლოა ხელოვნება დაეხმაროთ მათ გაუმკლავდნენ მწუხარებას. ხოლო მეგობრებთან ერთად ვიდეო თამაშებმა ნაკლებად აგრძნობინოთ მარტოობა.
მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მათი დაძლევის მეთოდები ჯანსაღი დარჩეს. მაგალითად, ხშირმა ვიდეო თამაშებმა შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს. ასე რომ, შეიძლება დაგჭირდეთ გარკვეული ვადების დაწესება და წაახალისეთ, რომ გამოიყენონ დაძლევის სხვა უნარებიც, მაგალითად ფიზიკური დატვირთვა.
ისაუბრეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
რეგულარულად ესაუბრეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში მას უფრო უნდა გავუფრთხილდეთ, ვიდრე ჩვეულებრივ ვაკეთებდით.
მაგალითად, “თუ თქვენს მეგობრებს პირადად ვერ ხედავთ, შეიძლება ვიდეოზარით ესაუბროთ. ან, თუ სკოლაში ვერ თამაშობთ სპორტს, შეიძლება უყუროთ ვარჯიშებს, რომლებიც შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში, რათა თქვენი სხეული ჯანმრთელი იყოს”.
თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს შვილს შეიძლება ფსიქიკური პრობლემა შეექმნას, მიმართეთ პროფესიონალურ დახმარებას. თუ ამ ეტაპზე თერაპევტის პირისპირ ნახვა არ არის კარგი ვარიანტი, შეგიძლიათ მოძებნოთ ონლაინ თერაპია ბავშვებისთვის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ არის თქვენი სისუსტის ნიშანი და არ მიუთითებს თქვენი აღზრდის უნარის შეუსაბამობაზე. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენს შვილს შეიძლება ცოტა მეტი დახმარება დასჭირდეს.
დაბოლოს
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ასწავლოთ თქვენს შვილებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეცვლით სიტუაციას, შეგიძლიათ აკონტროლოთ, როგორ უპასუხებთ მას.
იმუშავეთ სიტუაციის საუკეთესოდ გამოსაყენებლად და შეეცადეთ შექმნათ რამდენიმე ახალი რიტუალი, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს. მაგალითად, ფაზლების აწყობა ან სამაგიდო თამაშები მთელი ოჯახისთვის პარასკევ საღამოს.
წყარო: www.verywellmind.com