ჭიპლარი ამარაგებს ნაყოფს ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით. დაბადების შემდეგ მას გადაჭრიან, მისი გარე ნაწილი ძვრება. ბავშვის კანი იკურნება და გადაიქცევა ჭიპად. მის გარშემო კუნთები, უმეტეს შემთხვევაში, მალევე იხურება.
რა არის ჭიპის თიაქარი?
დაახლოებით 5-დან 1 ახალშობილის ჭიპის გარშემო კუნთები არ იხურება. პატარა გამობურცულობას მუცელზე ჭიპის თიაქარი ეწოდება. ის ზოგჯერ შეიძლება არც ჩანდეს, ხანდახან კი უფრო დიდდება, მაგალითად ტირილის ან ჭირვეულობის, დაძაბვის დროს.
მტკივნეულია ჭიპის თიაქარი?
უმეტეს შემთხვევაში, ჭიპის თიაქარი არანაირ პრობლემას არ იწვევს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ის შეიძლება „ჩაიჭედოს“ და გაწითლდეს. ასეთ დროს მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება და ჭამაზე უარის თქმა. აუცილებლად დაურეკეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს.
როდის გაივლის ჭიპის თიაქარი?
ჭიპის თიაქარი შემთხვევების დაახლოებით 90%-ში თავისით გაივლის, როდესაც ბავშვი გახდება 4 წლის. თუ ამ ასაკისთვის არ დაიხურება, შესაძლებელია ექიმმა დაგეგმოს ქირურგიული ჩარება. ამ დროს ოპერაცია ერთადერთი გამოსავალია. ჭიპის გადაკვრა ან მასზე სხვადასხვა საგნების დაწებება თიაქარს არ შველის და შეიძლება გააუარესოს ის ან დააზიანოს კანი.
ოპერაციის შემდეგ ბავშვების უმეტესობას პრობლემები არ აქვს. იშვიათად, თიაქარი შეიძლება დაბრუნდეს თუ ეს მოხდება, ისევ მოგიწევთ ბავშვის ქირურგთან ვიზიტი.
წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია