ბავშვებში COVID-19 მსუბუქად მიმდინარეობს. ბევრი მათგანისთვის გამონაყარი, რომელიც ცნობილია როგორც კოვიდ თითები, შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექციის ერთადერთი ნიშანი.
ხელის და ფეხის თითებზე გამონაყარი შეიძლება იყოს წითელი ან ლურჯი ფერის, შესაძლებელია აღენიშნებოდეს შეშუპება და მცირე რაოდენობით ჩირქიც. თუ ბავშვს მხოლოდ ეს გამონაყარი აქვს, შეგიძლიათ არ იღელვოთ.
მეიოს კლინიკის დერმატოლოგი ექიმი დევისი ამბობს, რომ ბავშვებში გამონაყარი შეიძლება იყოს უფრო ინტენსიური ძლიერი იმუნური პასუხის ან იმის გამო, რომ მათ უფროსებთან შედარებით პატარა სისხლძარღვები აქვთ. ასევე ის დასძენს, რომ ვაქცინა ამაზეც მოქმედებს და გამონაყარის ალბათობა უფრო მაღალია აუცრელ ადამიანებში.
ექიმი დევისის თქმით, ამ გამონაყარს შეუძლია სხვა ვირუსული ინფექციების ან კანის სხვა დაავადებების მიბაძვა, რაც შეიძლება იყოს ძალიან დამაბნეველი და შემაშფოთებელი პაციენტისთვის. „კიდევ ერთი გავრცელებული გამონაყარის ფორმა, რომელიც თან ახლავს ახალ კორონავირუსს, არის ჩუტყვავილას მსგავსი გამონაყარი პატარა მრგვალი ოვალური ცენტრით, რომელშიც მცირე რაოდენობით სითხეა, როგორიცაა ბუშტუკები ან პატარა ბებერა. ამას ჩვენ ვუწოდებთ “ვარდის ფურცელზე ნამის წვეთს”. თუ გაგიჩნდებათ მსგავსი გამონაყარი, რომელიც ფიქრობთ, რომ ჰგავს ჩუტყვავილას და არ გქონიათ კონტაქტი ამ ინფექციასთან, მიმართეთ ექიმს COVID-19-ის გამოსარიცხად“ – ამბობს ექიმი დევისი.
არის თუ არა ეს გამონაყარი გადამდები?
არა. თავად გამონაყარი არ არის გადამდები. სინამდვილეში, ჩვეულებრივ, ის ყველაზე მკვეთრი ან გამოხატულია ვირუსის პიკის გადავლის შემდეგ. ეს არის ხილული სიგნალი იმისა, რომ თქვენი იმუნური სისტემა რეაგირებს ინფექციაზე.
გამონაყარი, რომელიც უკვე გადატანილი კორონავირუსული ინფექციის და სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის ნიშანია:
კორონავირუსული ინფექციიდან გამოჯანმრთელების შემდეგ ბავშვების მცირე რაოდენობას გამოუვლინდა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა – მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (MIS-C). ექიმები თვლიან, რომ MIS-C ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს კოროვირუსულ ინფექციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სხეული განაგრძობს პასუხს COVID-19-ზე, როდესაც MIS-C ვითარდება, ის უკვე აღარ არის გადამდები.
მულტისისტემურმა ანთებითმა სინდრომმა შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის სხეულის სხვადასხვა უბნებზე. მაგალითად, გამოიწვიოს ბავშვის გულის ან ფილტვების შეშუპება. თუ თქვენს შვილს აქვს MIS-C, შეიძლება შეამჩნიოთ ერთი ან რამდენიმე შემდეგი ნიშანი მის კანზე ან სხეულზე:
- გამონაყარი;
- ჩასისხლიანებული თვალები;
- გაუფერულებული, დახეთქილი ტუჩები;
- შეშუპებული და გაუფერულებული ხელები, ტერფები ან ორივე ერთად;
- შეშუპებული მარწყვისებრი ენა;
- ცხელება;
- მუცლის ტკივილი;
- ღებინება;
- ფაღარათი;
- კისერზე გადიდებული ჯირკვლები;
- დაბნეულობა;
- ძილიანობა;
თუ თქვენს შვილს აქვს ამ ნიშნებიდან ან სიმპტომებიდან რომელიმე, დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს. ბავშვების უმეტესობა, რომლებსაც აქვთ MIS-C, გამომჯობინდება ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.
წყარო: ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია, მეიოს კლინიკა