Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პანდემიასთან დაკავშირებული  ვითარება და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები  ტრავმული გამოცდილება შეიძლება გახდეს ადამიანისთვის და შესაძლოა,  გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ურთიერთობებში. როგორ გავუმკლავდეთ ეფექტურად არსებულ სიტუაციას და  გავაუმჯობესოთ პარტნიორთან ურთიერთობები, ფსიქოლოგი ეკა პავერმანი გვირჩევს:

  • ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფსიქოლოგიურ საჭიროებებს. იზრუნეთ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე და პრობლემის შემთხვევაში დროულად ითხოვეთ დახმარება. თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა თქვენს ურთიერთობებზეც აისახება. 
  • ყურადღება მიაქციეთ თქვენი პარტნიორის, ოჯახის წევრის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას – ზედმეტად მომატებულ შფოთვის, დეპრესიის ნიშნებს, ან სხვა შემაშფოთებელი სიმპტომებს. 
  • კომუნიკაცია, კომუნიკაცია და ისევ კომუნიკაცია! ამ სოციალური იზოლაციის პირობებში, კომუნიკაცია და ახლო ემოციური კონტაქტი მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს. ჩაკეტილობა, ემოციების საკუთარ თავში შენახვა, ემოციური განსვლა/დაშორება, პიროვნული ან ურთიერთობითი პრობლემების სიგნალი, ან წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამისი საუკეთესო პრევენცია არის საუბარი, გაზიარება და პარტნიორთან საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი.
  • ჩვეული ყოველდღიურობისგან განსხვავებულ პირობებში, დახურულ სივრცეში, საზოგადოებისგან იზოლაციაში მოხვედრა წყვილისთვის შეიძლება დიდი ცვლილება და დიდი გამოწვევაც აღმოჩნდეს. ახალ და აქამდე უცნობ გარემოში ურთიერთობა ახლებურ ფორმას იძენს. შეეცადეთ ცნობისმიყვარეობით შეხვდეთ ამ გამოწვევას; ინტერესით დააკვირდით, რა ხდება ახალი თქვენს ურთიერთობებში. შესაძლებელია ამ პერიოდს შეხედოთ, როგორც ერთგვარ ექსპერიმენტს – ახალი რაღაცეები სცადოთ
  • შეეცადეთ, რომ ხარისხიანად გაატაროთ ერთად დრო. დაგეგმეთ აქტივობები საერთო ინტერესების გათვალისწინებით – ფაზლის აწყობა იქნება ეს, მზარეულობა, თუ ერთად კინოს ყურება. 
  • განმარტოება, საკუთარ თავთან დარჩენა გჭირდებათ თქვენც და თქვენს პარტნიორსაც. გამოყავით საკუთარ თავთან ყოფნის სივრცე და დროდადრო დაისვენეთ ერთმანეთისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია მოცემულ პირობებში. 
  • სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის ოჯახური ძალადობის ფაქტების მატება. თუ ასეთი ფაქტი მოხდა თქვენს ოჯახში, ან/და თქვენს ურთიერთობაში – არ მიიღოთ ეს, როგორც ნორმა, დაუყოვნებლივ გააკეთეთ რეაგირება! გახსოვდეთ: ძალადობას არ აქვს გამართლება!

* ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დარეკოთ 112-ში. ასევე, მიმართოთ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფარს (032 230 76 03), სადაც გაგიწევენ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5