Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ABA თერაპევტი მარიამ ლაფერაშვილი.

ბავშვების ცხოვრებაში მეგობრების როლი მნიშვნელოვანია. მეგობრების არსებობა მათ ეხმარებათ  სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაში. როგორ დავეხმაროთ მათ მეგობრების შეძენაში?

ვფიქრობ სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ თითოეულ მშობელს სურს თავის შვილს ჰყავდეს მეგობრები და მათთან თავს ბედნიერად გრძნობდეს. სწორედ ეს სურვილი აღძრავს მზაობას, რომ მშობლების ჩართულობა მეგობრების შეძენის პროცესში პოზიტიურად იყოს წარმართული, ცხადია პირადი საზღვრების დაცვით.

რატომ სჭირდება ბავშვს მეგობარი ?

მიუხედავად კითხვის სიმარტივისა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეგობრობა სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რომელიც სიმარტივესთან ერთად დიდ სირთულეებს მოიაზრებს.

მეგობრებთან ურთიერთობა ადრეული განვითარების ეტაპიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბება/განვითარებაში ეხმარება ბავშვს, როგორიცაა:

·       ემოციის რეგულაცია

·       ემპათია

·       ჯანსაღი თვითშეფასება

საიდან დავიწყოთ ?

როდესაც ვამბობთ, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მეგობრების შეძენაში, პირველი რაც გვახსენდება, ალბათ არის ბაღი/სკოლა/რეკრეაციული სივრცეები, სადაც ბავშვები დღის საკმაოდ მნიშვნელოვან დროს ატარებენ და ა.შ., რეალურად კი ეს ყველაფერი სახლიდან უნდა დაიწყოთ.

·       თანაგრძნობა – დაანახეთ თქვენს შვილს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთს პატივისცემითა და კეთილგანწყობით ეპყრობით, მნიშვნელოვანია ბავშვი ხედავდეს, რომ მიუხედავად უფროსების განსხვავებული აზრისა მშვიდი საუბრით ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია და თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი პატარაა იმისათვის, რომ გაიგოს/გაარჩიოს მშობლების ტონთა ცვლილება, გახსოვდეთ რომ ისინი ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

·       ცნობისმოყვარეობა – სასურველია ყოველ საღამოს მთელი ოჯახი ერთად შემოუსხდეთ მაგიდას და ერთმანეთს განვლილი დღის შესახებ ჰკითხოთ, რათა დაანახოთ ბავშვს, რომ მიუხედავად დამღლელი დღისა თითოეული თქვენგანისთვის ერთმანეთის მდგომარეობის გაზიარება მნიშვნელოვანია.

·       თანამშრომლობა – ეცადეთ ბავშვებს შეუქმნათ ისეთი სიტუაციები, სადაც მოთმინების გამომუშავებას შეძლებენ.

·       ემოციური რეგულაცია – დაეხმარეთ ბავშვებს ემოციების სწორედ გამოხატვაში.

·       იცოდეთ როდის უნდა მოიხადოთ ბოდიში – იყავით მაგალითი თქვენი შვილისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე მოუხადეთ ბოდიში.

·       უთხარით „არა“ – ასწავლეთ, რომ სამყარო ყოველთვის არ მისცემს იმას, რაც მას სურს და ეს ბუნებრივია.

. როდესაც სახლიდან გახვალთ, ეცადეთ ბავშვის თანდასწრებით გამოელაპარაკოთ ადამიანებს, დაუსვათ კითხვები.

თუ კონკრეტულ ქუჩას ვერ პოულობთ, დაივიწყეთ ელექტრონული რუკა და ჰკითხეთ გამვლელებს, ამ ყველაფრით თქვენ შეძლებთ გაუღვივოთ ახალი ადამიანებისა და ნაცნობების აღმოჩენის სურვილი ბავშვებს.

 თვალი ადევნეთ თქვენს შვილებს, მაგრამ არ აკონტროლოთ.

·       დააკვირდით რამდენად მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, თუ შენიშნავთ, რომ თანატოლებთან ნაკლებად ურთიერთობს, შესთავაზეთ ჯგუფური აქტივობები, რომლებიც ყველა ბავშვისთვის მისაღები და სახალისო იქნება.

·       დაუმეგობრდით თქვენი შვილების მეგობრების მშობლებს, რათა მსგავსი ურთიერთობით უფრო გაამყაროთ ბავშვებს შორის მეგობრობა.

·       ასწავლეთ, რომ მეგობრებს შორის კამათი ბუნებრივია, რომ მთავარია საჭიროების შემთხვევაში მოიხადოს ბოდიში და ამაში სასირცხვილო არაფერია.

რატომ შეიძლება უჭირდეს ბავშვს მეგობრების შეძენა ?

ცხადია ბავშვების უნიკალურობიდან გამომდინარე არაერთ მიზეზზე შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა არის რამდენიმე საკვანძო მომენტი, რომელიც აქტიურად გვხვდება, მაგალითად:

 ·       ჰიპერმზრუნველი მშობლები – ასეთი მშობლების შვილებმა ძირითადად არ იციან „არა“, არიან ძალიან განებივრებულები და ცდილობენ ასეთივე ურთიერთობის მოდელირებას, რომელიც ძირითადად იმედგაცრუებით მთავრდება.

·       აგრესია – იმ ბავშვებს, რომლებიც დაძაბულ გარემოში იზრდებიან, შესაძლებელია ნაკლებად ჰქონდეთ მეგობრების შეძენის ინტერესი.

·       კომპლექსები – ბავშვები, რომლებსაც კომპლექსები აქვთ, ცდილობენ თავი აარიდონ სოციალურ ურთიერთობებს.

ამრიგად, გირჩევთ ადრეული განვითარების ეტაპებიდან აქტიურად დაიწყოთ მუშაობა მოცემულ საკითხზე, დაეხმარეთ ბავშვებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც პიროვნების ფორმირებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი