Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენს პატარას ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტად გაუჩნდებათ თქვენი თეფშიდან ჭამის სურვილი, თქვენ კი ალბათ მოუთმენლად ელოდებით როდის გაასინჯებთ რაიმეს „დიდების“ საჭმლებიდან. თუმცა, ყველა პროდუქტი როდია სასარგებლო მისთვის – ზოგიერთი არ შეიძლება გადაცდენის საფრთხის გამო, ზოგი კი მავნეა მისი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კუჭ-ნაწლავისთვის.  

თვეების მიხედვით გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც არ არის სასურველი წლამდე ბავშვისთვის:

დაბადებიდან 4-6 თვემდე:

ყველა სასმელი და საჭმელი, გარდა დედის რძის ან ფორმულისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს პირველი 4-6 თვის განმავლობაში მხოლოდ დედის რძით ან ფორმულით ბავშვის გამოკვებას.

4-დან 12 თვემდე

თაფლი:

თაფლი შესაძლოა კარგი ნიადაგი იყოს ბოტულიზმის კლოსტრიდიას სპორებისათვის, რაც იწვევს ბოტულიზმს. ზრდასრულის ნაწლავურ ტრაქტს შეუძლია ამ სპორების ზრდის პრევენცია, მაგრამ ბავშვში ეს სპორები შეიძლება გაიზარდოს და გამოიმუშავოს სიცოცხლისათვის საშიში ტოქსინები.

ძროხის რძე და სოიოს რძე:

ნუ შეწყვეტთ დედის რძის ან ფორმულის მიცემას ბავშისათვის მის პირველ დაბადების დღემდე. რატომ? თქვენს პატარას არ შეუძლია ძროხისა და სოიოს რძის ცილების მონელება ცხოვრების პირველი წლის მანძილზე, ასევე ეს სასმელები შეიცავს მინერალებს იმ ოდენობით, რასაც შეუძლია პატარას თირკმელების დაზიანება.

მარილი:

შესაძლოა, მარილმა საფრთხე შეუქმნას ბავშვის თირკმლების ნორმალურ მუშაობას. მათ შორისაა მარილის შემცველი საჭმლები, მაგალითად ბეკონი, კრეკერები, ჩიფსები, მზა საჭმლები, სწრაფი კვება ან ბულიონის კუბები.

შაქარი:

თქვენს პატარას არ სჭირდება შაქარი. კარიესის პრევენციისთვის თავი აარიდეთ შაქრის შემცველი ტკბილეულობის ან ხილის წვენების შეტანას ჩვილის მენიუში.

საკვების გადაცდენის საფრთხე

დიდი ლუკმები: საკვების ლუკმა შეიძლება ბავშვს გადასცდეს. AAP-ის რეკომენდაციაა, რომ საკვები დაჭრათ არაუმეტეს 1.27 სმ ზომის ნაწილებად. მაგ. დაჭერით ხილი, როგორიცაა ყურძენი, ჩერი პომიდორი და მარწყვი და დააქუცმაცეთ ხორცი, ბოსტნეული და ყველი.

უმი ბოსტნეული: მსუბუქად მოხარშეთ ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, ნიახური, ბროკოლი და დაჭერით პატარა კუბებად, დააქუცმაცეთ ან დაჭერით არაუმეტეს 1.27 სმ ზომის ნაწილებად, სანამ ბავშვს შესთავაზებთ.

თხილეული და თესლები: მოაცილეთ თესლები და კურკები ხილს, როგორიცაა საზამთრო, ატამი, ქლიავი და ალუბალი და ნუ აჭმევთ პატარას თხილეულს ან თესლებს, როგორიცაა მზესუმზირას ან გოგრის თესლები. თესლები შეიძლება პატარა იყოს გადაცდენისთვის, მაგრამ შესაძლოა მიეკრას ბავშვის სასუნთქ გზებს და გამოიწვიოს ინფექცია.

მაგარი ან ხრაშუნა საკვები: თხილეული, ბატიბუტი და „ბრეცელი“ შეიცავს გადაცდენის საფრთხეს, ისევე როგორც ყველა მყარი კანფეტი და ხველის წვეთები.

წებოვანი საკვები: კევი და წებოვანი საკვები, როგორიცაა ჟელე, მარმელადი ჩირი და ზეფირი შეიძლება ბავშვს ყელში გაეჭედოს. წელვადი, მდნარი ყველი ასევე შეიძლება შეიცავდეს გადაცდენის საფრთხეს.

თხილეულის კარაქი: მიწისთხილის ან სხვა თხილეულის კარაქის წებოვანი კონსისტენცია შესაძლებელია რთული იყოს ბავშვისათვის გადასაყლაპად. ამიტომ თხლად წაუსვით პურზე ან კრეკერზე. ან გაათხელეთ წყლით ან ვაშლის სოუსით.

საკვების ალერგია

ადრე ექიმები მშობლებს ურჩევდნენ წლამდე დალოდებას, სანამ ბავშვებს გაასინჯებდნენ ალერგიულად მიჩნეულ პროდუქტებს, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ გასინჯვის გადავადებას არ შეუძლია ალერგიის პრევენცია და შესაძლოა, გაზარდოს კიდეც მისი გამოვლენის ალბათობა.  

შესაძლოა, ექიმმა გირჩიოთ, რომ პირველად მხოლოდ 1 ახალი საკვები გაასინჯოთ ბავშვს და დააკვირდეთ 3-5 დღის განმავლობაში ალერგიულ რეაქციას. ან რამდენიმე პროდუქტი ერთად დაუმატოთ. თუ თქვენ თვლით, რომ პატარა მიდრეკილია საკვების ალერგიისადმი, მაგალითად ოჯახში გაქვთ მსგავსი შემთხვევები ან ბავშვს აქვს ატოპიური დერმატიტი – აუცილებლად გაესაუბრეთ პედიატრს, რათა გირჩიოთ ალერგიული საკვების დამატების საუკეთესო სტრატეგია, მათ შორის კვერცხის, რძის, მიწისთხილის, ხორბლის, სოიოს, თხილეულის, თევზის და მოლუსკების.

წყარო: https://www.babycenter.com/