თქვენი შვილი დაიბადა 100 მილიარდი ტვინის უჯრედით. 3 წლამდე ასაკში კი თითოეული უჯრედი იღებს და აგზავნის ელექტრულ სიგნალებს და ქმნის კავშირს მათ შორის. გამეორების გზით, ეს კავშირები გადაიქცევა ქსელებად, რომლებიც თქვენს შვილს საშუალებას აძლევს იფიქროს და ისწავლოს.
ბავშვის ცხოვრების პირველი 3 წელი ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის, რადგან ყველაფერი, რასაც ის თქვენთან ერთად აკეთებს – თამაში, ჭამა, გასეირნება, სიმღერა, კითხვა – ეხმარება მის ტვინს ამუშავებაში. 3 წლის ასაკში მისი ტვინი 1000 ტრილიონ კავშირამდე გაიზრდება.
როდესაც თქვენს ახალშობილს სიახლეებს აწვდით, მის გონებას უფრო დიდ, უფრო საინტერესო სამყაროს უხსნით. და როდესაც მასთან იყენებთ ფანტაზიას – “აი, მე ვეფხვი ვარ ჯუნგლებში!” ან “მოდი, ვითომ ბებიის სახლთან მივდივართ” – თქვენ უბიძგებთ მის ტვინს საკუთარი “წარმოსახვის გზების” შექმნისკენ.
როგორ მუშაობს თქვენი შვილის წარმოსახვა?
იმის გამო, რომ თქვენი ბავშვი ლაპარაკს ახლა სწავლობს, ძნელია იმის ზუსტად გაგება, თუ რას ფიქრობს იგი. მაგრამ თქვენ ხედავთ, როგორ ბაძავს იმას, რასაც ხედავს გარშემო (ქცევა, რომელიც ჩნდება დაახლოებით 18-20 თვის ასაკში). თქვენმა პატარამ შეიძლება გაიმეოროს თქვენი ქცევები ან საკუთარი ყოველდღიურობა გადაიტანოს თამაშში და აჭამოს დათუნიას, ისე როგორც თავად ჭამს ან დააძინოს.
რა უნარებს ავითარებს წარმოსახვა?
კომუნიკაცია: ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ წარმოსახვით თამაშებს ან უსმენენ უამრავ ზღაპარს, წიგნს ან გარშემომყოფების მიერ მოყოლილ ამბებს, უკეთ განვითარებული კომუნიკაციური უნარები აქვთ. თქვენ შეიძლება ვერ ხედავდეთ ამ საქმიანობის ნაყოფს, სანამ მათი ლექსიკური მარაგი არ გაიზრდება, მაგრამ ახლა მას საფუძველს ჩაუყრით.
თვითკონტროლი: წარმოსახვითი თამაშები საშუალებას აძლევს თქვენს ბავშვს იყოს ის, ვინც სურს, შეისწავლოს ნეგატიური ემოციები და მოაგვაროს სიტუაციები საკუთარი სურვილის მიხედვით. მოთხრობები, რომელშიც სამი პატარა გოჭი ამარცხებს დიდ ცუდ მგელს, თქვენს შვილს აგრძნობინებს, რომ ის შეიძლება იყოს ძლიერი და შეეძლოს საკუთარი თავის კონტროლი, თუნდაც უცნობ ან საშიშ სიტუაციებში.
პრობლემების გადაჭრა: წარმოსახვითი თამაშები ასწავლის თქვენს შვილს შემოქმედებით აზროვნებას, რაც შეიძლება იყოს პრობლემის გადაჭრის უნარის საფუძველი.
როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის ფანტაზიას?
წაიკითხეთ წიგნები. ერთად კითხვა შესანიშნავი საშუალებაა თქვენი პატარას წარმოსახვის გასამდიდრებლად. შეარჩიეთ წიგნები უამრავი დიდი, ფერადი ნახატით და ისიამოვნეთ იმით, რომ ახლა – სანამ თქვენი შვილი დაჟინებით მოითხოვს მკაცრად დაიცვათ ტექსტი – შეგიძლიათ წაუკითხოთ ისე, როგორც გსურთ. აჩვენეთ მას სურათები, გაახმოვანეთ ცხოველები და მანქანები, ალაპარაკეთ პერსონაჟები სხვადასხვა ხმით.
გაუზიარეთ ისტორიები. თქვენ მიერ შედგენილი ამბების მოყოლა ისეთივე კარგია თქვენი შვილისთვის, როგორც ერთად წიგნის კითხვა. თქვენი შვილის მთავარ პერსონაჟად გამოყვანა შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ მან გააფართოვოს მისი თვითგანცდა. მალე თქვენი ბავშვი დაიწყებს საკუთარი ისტორიებისა და თავგადასავლების მოყოლას.
გამოიყენეთ მუსიკა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბავშვი მზად არ არის სტრუქტურირებული მუსიკის გაკვეთილებისთვის, თქვენ შეგიძლიათ მუსიკით აავსოთ მისი სამყარო. ერთად მოუსმინეთ სხვადასხვა ჰანგებს და წაახალისეთ იმღეროს, იცეკვოს და დაუკრას სხვადასხვა ინსტრუმენტზე, მათ შორის ქვაბებსა და ტაფებზე.
შეზღუდეთ საეკრანო დრო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის პედიატრთა აკადემია არ უწევენ რეკომენდაციას 2 წლამდე ასაკის ბავშვების ეკრანთან დროის გატარებას.
წაახალისეთ წარმოსახვითი თამაში. ეს დაეხმარება მათ ემოციების გადამუშავებაში, სოციალური და ენობრივი უნარების განვითარებაში.
მოუმზადეთ რეკვიზიტები. მუყაოს ყუთი შეიძლება გახდეს მანქანა, კარავი ან ნავი.
მიიღეთ მისი წარმოსახვითი მეგობარი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ წარმოსახვითი მეგობრის ყოლა ნიშნავს შემოქმედებით და სოციალურ შვილს, რომელმაც იპოვა თავისი შიშების ან პრობლემების მართვის გზა.
წყარო: www.babycenter.com