Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ქირურგი-ოტორინოლარინგოლოგი მარიამ ტაბატაძე პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება იმის შესახებ, თუ  რა შემთხვევაში არის საჭირო ბავშვს ჩაუტარდეს  გლანდების ოპერაცია და როგორ ამოვიცნოთ გლანდებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

რა დამცველობითი ფუნქცია აქვს გლანდებს ადამიანისთვის?

გლანდები წარმოადგენს ლიმფურ ქსოვილს, რომელიც მონაწილეობის ორგანიზმის იმუნურ დაცვაში, ე.წ. ბარიერია  პირის ღრუდან და ზემო სასუნთქი გზებიდან ქვემო სასუნთქ გზებსა და საჭმლის მომნებელ სისტემას შორის. 

რა ქრონიკული ინფექციები ახასიათებს გლანდებს? 

ქრონიკული ტონზილიტის ხანგრძლივმა მიმდინარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს  რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი, გულის სარქვლის დაზიანება.

რა არის ტონზილიტი და როდის მიიჩნევა ტონზილიტი გლანდების ამოკვეთის პირობად?

ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლების ანთება. ის შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკული.   მწვავე ტონზილიტის დროს საჭიროა მკურნალობა, ანტიბიოტიკოთერაპია და სიმპტომური მედიკამენტები. 

როდესაც პაციენტს  წელიწადში აღენიშნება ანგინის 4 და მეტი ეპიზოდი, იწყება სახსრების ტკივილი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, სუბფებრილური ტემპერატურა ( 37,0- 37,5 გრადუსი), არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, გულისცემის გახშირება უკვე სასურველია დაიგეგმოს ტონზილექტომიის ჩატარება. არის შემთხვევები, როცა ტონზილები ზომაში იმდენად იმატებს, რომ იწვევს სუნთქვის გაძნელებას, პირღია სუნთქვას, აპნოეს ეპიზოდებს. ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ტონზილექტომიის ჩატარება.

რა არის გლანდების ხილული და უხილავი სიმპტომები გლანდების?

ძირითადი სიმპტომებია ანგინის ხშირი ეპიზოდი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, სახსრების ტკივილი, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, სუბფებრილური ტემპერატურა, გულის აჩქარების ეპიზოდები. თუმცა, შესაძლოა არც ერთი სიმპტომი არ გამოვლინდეს და მიმდინარეობდეს ლატენტურად.

როგორი უნდა იყოს პოსტოპერაციული პერიოდი? 

პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და არც თუ ისე მარტივი. საშუალოდ რეაბილიტაციისათვის 2-3 კვირაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია კვება და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ექიმი გასცემს. 

სისხლდენის ეპიზოდის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ და უნდა მივმართოთ თუ არა ექიმს? 

სისხლდენის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოივლოთ პირის ღრუში ცივი წყალი,  დაიდოთ ყინულები  ქვედა ყბის ქვეშ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. 

როგორ უნდა იკვებონ ოპერაციის შემდგომ?

ოპერაციის შემდეგ  ინიშნება დიეტა, რომლის დაცვა სავალდებულოა. აკრძალულია უხეში, ცხელი, მჟავე, ცხარე საკვები. პირველ პერიოდში ყველაფერი უნდა იყოს დაბლენდერებული (ფაფისებური კონსისტენციის)  და ოთახის ტემპერატურის, შემდეგ პაციენტი გადადის რბილი საკვების მიღებაზე. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5