ექიმი-ალერგოლოგი თამთა კორინთელი გვესაუბრება ორსულობის დროს მიმდინარე ალერგიულ დაავადებებზე. ინტერვიუში წაიკითხავთ რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ორსულმა თუ ალერგიისკენ არის მიდრეკილი და ასევე, როგორ უნდა მართოს ორსულობის დროს ალერგია.
რა ალერგიული დაავადებები გვხვდება ორსულებში და რომელი ტრიმესტრია უფრო საყურადღებო ამ მხრივ?
ორსულობის დროს შესაძლებელია, როგორც ახალი ალერგიული დაავადებების გამოვლენა, ასევე, მანამდე არსებული ალერგიული დაავადებების გართულება, გაუმჯობესება ან იგივე დონეზე დარჩენა. ეს დაავადებებია: რინიტი, ურტიკარია, ანგიოშეშუპება, ატოპიური დერმატიტი და ა.შ. მათ სამართავად გამოიყენება ის მედიკამენტები, რომლებსაც ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) B კატეგორია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება ორსულებში უსაფრთხოა და მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს.
რაც შეეხება უშუალოდ ორსულობით გამოწვეულ ალერგიის მსგავს ჩივილებს, რომლის გამოც ორსული შესაძლოა ალერგოლოგთან მოხვდეს, ეს არის გამონაყარი, ქავილი და რინიტი.
ორსულობის დროს კანი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები, როგორებიცაა თმა, ფრჩხილები და ლორწოვანი ორსულობასთან ასოცირებულ ცვლილებებს განიცდიან.
ორსულთა 20%-ში, გამონაყარის გარეშე გამოვლენილი ქავილი შეიძლება ფიზიოლოგიური იყოს, რომელიც ძირითადად სკალპზე, ანუსზე, ვულვაზე, მესამე ტრიმესტრში კი მუცლის არეში გამოვლინდება. დამატენიანებელი აბაზანები, მზის აბაზანები და ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური მედიკამენტები სიმპტომებს ხსნის და მდგომარეობას აუმჯობესებს.
ორსულობასთან ასოცირებულ კანის დაავადებებთან, რომელიც კანზე გამონაყარითა და ქავილით მიმდინარეობს, საყურადღებოა, ორსულთა პოლიმორფული გამონაყარი, რომელიც როგორც წესი პირველი ორსულობის დროს, ბოლო კვირებში, 160-300 ორსულიდან 1-ს გამოუვლინდება. არსებობს ვარაუდი, რომ მას დედის ორგანიზმში ნაყოფის ანტიგენების (ალერგიის გამომწვევის ფაქტორის) ცირკულაცია იწვევს. ახასიათებს გამონაყარი სტრიების გასწვრივ, რომელსაც თან ახლავს ძლიერ შემაწუხებელი ქავილი. გამონაყარი ყველაზე ხშირად მუცლის სტრიებიდან იწყება, შემდეგ გადადის ბარძაყებზე, გულ-მკერდზე და ზურგზე. სახე, მტევნები და ტერფები, როგორც წესი დაუზიანებელია. მკურნალობის მთავარი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ამიტომ გამოიყენება ადგილობრივი კრემები და ანტიჰისტამინური მედიკამენტები. ის როგორც წესი 4-დან 6 კვირამდე გრძელდება და მშობიარობიდან 2 კვირაში გაივლის.
ორსულთა ატოპიური გამონაყარი – იმ პაციენტებში გამოვლინდება, რომლებსაც ანამნეზში (ისტორიაში) ატოპიური დერმატიტი აქვთ. ის, სავარაუდოდ, ორსულში მიმდინარე იმუნოლოგიური ძვრების შედეგია. იგი პირველ ან მეორე ტრიმესტრში იწყება, 20 პროცენტში კი მანამდე არსებული ატოპიური დერმატიტის გამწვავებას წარმოადგენს. კლასიკური ატოპიური დერმატიტის მსგავსად გამონაყარი მოიცავს სახეს, კისერს, კიდურების მომხრელ ზედაპირებს. ამ შემთხვევაში, გარდა ფარმაკოლოგიური მკურნალობისა, კანის ინტენსიური დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია.
ალერგიულ დააავადებებს არ მიეკუთვნება, თუმცა მინდა გამოვყო ორსულობასთან ასოცირებული ღვიძლშიდა ნაღვლის დაგროვება, რომელიც ხელის და ფეხის გულების ძალიან ძლიერი, შემაწუხებელი ქავილით გამოვლინდება და ნელ-ნელა პროგრესირებს. შესაძლოა თან ახლდეს სიყვითლე. მნიშვნელოვანია ექიმისთვის დროული მიმართვა, რადგან ის ნაყოფისმიერ რისკებთანაა დაკავშირებული.
ორსულობაში გამოვლენილი ცხვირისმიერი სიმპტომები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ არიან:
- ორსულთა რინიტი
- ალერგიული რინიტი
- მედიკამენტური რინიტი
- სინუსიტი
ორსულობა ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და სისხლმოდინების მომატებას იწვევს. ორსულთა 20-30%-ს ე.წ ორსულთა რინიტი უვითარდებათ, რაც ცხვირის გაჭედვით, ცხვირით სუნთქვის გაძნელებით გამოიხატება, 6 კვირა ან მეტი გრძელდება და სიმპტომები მშობიარობიდან 2 კვირაში გაივლის. ცხვირის გაჭედვას პირით სუნთქვამდე და ძილის ხარისხის დარღვევამდე მივყავართ. ორსულთა რინიტის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, სავარაუდოდ ის ორსულში ჰორმონული ცვლილებების შედგია. მწეველობა და მტვრის ტკიპებზე ალერგია რისკ ფაქტორებია. როგორც წესი, ის მკურნალობას არც საჭიროებს და ცუდადადც ემორჩილება მას, მართვისთვის არაფარმაკოლოგიური მეთოდები გამოიყენება:
- ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის ღრუს ლოროწოვანის გამოვლება – სპრეების ან რინოდუშის საშუალებით, რომელიც ძალიან კარგად ასუფთავებს ცხვირის ღრუს ლორწოვანს. საჭიროა, თითო ნესტოში არაუმცირეს 200 მლ-ის გამოვლება. ამ პროცედურის გამეორება შეიძლება როგორც ყოველდღიურად, ასევე საჭიროებისამებრ.
- ვარჯიში – რეგულარული ფიზიკური აქტივობა ცხვირის სისხლძარღვების ფიზიოლოგიურ შევიწროვებას იწვევს და რინიტის სიმპტომებს აუმჯობესებს.
- ცხვირის გამაფართოვებლები – წებოვანი სტრიპი, რომელიც ცხვირის სარქველებს მექანიკურად ტოვებს ღიას. იყიდება ურეცეპტოდ და ღამით მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია.
- ძილის დროს თავის აწევა 30-45 გრადუსზე – საწოლის ფეხების ქვეშ აგურის ან რაიმე საგნის მოთავსება უფრო ეფექტურია, ვიდრე დამატებითი ბალიში.
რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ორსულმა, თუ ალერგიისკენ არის მიდრეკილი?
თუ პაციენტს აქვს ალერგიული დაავადებები, ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დადგომამდე დასტაბილურდეს სიმპტომები, რადგან ორსულობას უსიმპტომოდ შეხვდეს და მინიმალური მედიკამენტური ჩარევა გახდეს საჭირო. თუ ქალს სეზონური ალერგია აქვს, უმჯობესია ორსულობის პერიოდი მცენარეთა ყვავილობის დროს არ დამეთხვეს, თუმცა ეს ხშირად რთულად განსახორციელებელია, რადგან ორსულობა ხანგრძლივი პროცესია.
ალერგიული დაავადების მართვაში, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ალერგენის მოცილებაა. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორსულობაში იძენს, რადგან სისტემური მოქმედების მედიკამენტების გამოყენება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
ქალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ალერგიული დაავადებები აქვთ, საჭიროა იდეალურად, დეტალურად იქნან გამოკვლეული ორსულობამდე. ეს შეიძლება იყოს კანის სინჯები, პროვოკაციული ტესტები და ა.შ
ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ქალებისთვის, რომლებსაც:
- ისტორიაში იმ მედიკამენტების მიმართ აღენიშნებათ ალერგია, რომელთა გამოყენებაც ორსულობის დროს შეიძლება გახდეს საჭირო, მაგალითად ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები ან ზოგადი ანესთეზიის დროს გამოყენებული მედიკამენტები.
- ალერგიები, რომელთა მკურნალობაც არსებობს. მაგალითად, ალერგია შხამიანი მწერების მიმართ, რომლის სამკურნალოდ იმუნოთერაპია გამოიყენება, ის ხანგრძლივია და შესაძლოა ორსულობის პერიოდშიც გაგრძელდეს, თუმცა მისი ორსულობაში დაწყება უკუნაჩვენებია.
- ქალი, რომელსაც ისტორიაში ანაფილაქსიური, სისტემური რეაქცია, აღენიშნება. აღნიშნული რეაქცია ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და შეიძლება როგორც დედა, ასევე ნაყოფიც დააზიანოს.
თუ მომავალი დედა ალერგიულია, შესაძლოა თუ არა ალერგია ბავშვსაც აღმოაჩნდეს?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ალერგიული დაავადებების განვითარებისთვის სამი ფაქტორია საჭირო: გენეტიკური წინაპირობა, ალერგენთან (ალერგიის გამომწვევი ფაქტორი) კონტაქტი და გარემო ფაქტორები.
„მაღალ რისკ ჯგუფს“ მიეკუთვნებიან ისინი, რომელთან 1 პირველი რიგის ნათესავი მაინც ალერგიულია . ესენია დედა, მამა და და-ძმა.
სპეციფიკური საკვების თავიდან აცილება ლაქტაციისა და ორსულობის დროს, იმ მიზნით, რომ შთამომავლობას კვებითი ალერგია ან სხვა ალერგიული დაავადებები არ გამოუვლინდეს, მოწოდებული არ არის.
რა გავლენას ახდენს ორსულობის დროს დამდგარი ალერგია ნაყოფზე?
ალერგია, როგორც პროცესი ნაყოფზე გავლენას არ ახდენს, თუმცა მისგან გამოწვეულმა შედეგებმა და ფარმაკოლოგიურმა მკურნალობამ შესაძლოა მასზე იქონიოს გავლენა.
მაგალითად, ხანგრძლივად მიმდინარე, უკონტროლო ალერგიული რინიტის დროს, როდესაც ცხვირის ლორწოვანი შეშუპებულია, სუნთქვა კი გაძნელებული და ორსული მუდმივ უჰაერობის მდგომარეობაშია, არასასურველია, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია არაფარმაკოლოგიური მკურნალობის ჩატარება, რომელზეც უკვე ვისაუბრე და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მედიკამენტების გამოყენება, რომელთა უსაფრთხოება მრავალგზის გამოცდილი და დადასტურებულია სარწმუნო კვლევებით.