Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველასთვის ცნობილია კითხვის დადებითი გავლენა ბავშვის განვითარების თითოეულ ეტაპზე. მშობლებს სურთ შეაყვარონ ბავშვებს წიგნები, მაგრამ ზოგჯერ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. იმისათვის, რომ აღვზარდოთ კარგი მკითხველი, არსებობს ხალისიანი და სასარგებლო მეთოდები.

მიეცით მაგალითი. გამონახეთ დრო და ადგილი წიგნის საკუთარი თავისთვის და ბავშვისთვის წასაკითხად. თუ გსურთ, აღზარდოთ მკითხველი, იყავით მკითხველი.

თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ წიგნები საჭირო არ არის, მანამ სანამ ბავშვი დაჯდომას არ შეძლებს, მაგრამ ასე არ არის. ახალშობილებიც კი იღებენ სასარგებლო გამოცდილებას  მოსმენილი ისტორიებით. ასე რომ:

იკითხეთ ყოველ დღე, ხმამაღლა, ნებისმიერი წიგნი, სამზარეულოს რეცეპტებით დაწყებული ბავშვის მოვლაზე წიგნებით დასრულებული. შინაარსი ახალშობილისთვის უმნიშვნელოა. მნიშვნელოვანია მხოლოდ თქვენი ხმის ტონი, ტექსტის რიტმი და სიტყვები. კვლევების მიხედვით ბავშვის მეტყველების განვითარებასა  და ლექსიკურ მარაგზე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენ სიტყვას ისმენს. აღსანიშნავია, რომ აქ იგულისხმება ადამიანების მიერ უშუალოდ მისთვის ნათქვამი სიტყვები. აუდიოწიგნი ან ტელევიზორი არ ითვლება.  კითხვის დროს ჩახედეთ თვალებში. შეიძლება ისე ჩანს, რომ ის არ გისმენთ, მაგრამ ამ დროს მიღებული რუტინა და ჩვევები გაყვება მოზრდილობაშიც.

როგორ წავუკითხოთ ახლად ფეხადგმულებს?

ლექსიკა და ენის სტრუქტურა, რიცხვები და მათემატიკური ცნებები, ფერები, ფორმები, ცხოველები, საპირისპირო ცნებები, მანერები და ყველა სახის სასარგებლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სამყარო – ამ ყველაფერს იგებენ ახლად ფეხადგმული ბავშვები კითხვის დროს.  უფრო მეტიც, როდესაც ხმამაღლა კითხულობთ, თქვენი შვილები წიგნებს აკავშირებენ თქვენი ხმის ნაცნობ, საყვარელ ჟღერადობასთან და ფიზიკურ სიახლოვესთან, რომელსაც ამ პროცესის დროს გრძნობენ. ამით თქვენ წიგნებთან პოზიტიურ ასოციაციას უქმნით, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება.

იკითხეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. კითხვა ძალიან კარგი ძილისწინა რუტინაა მშობლებისთვისაც და ახლადფეხადგმული ბავშვებისთვისაც, რადგან ეხმარება მოდუნებაში. დარწმუნდით, რომ მშვიდი ატმოსფეროა ოთახში და არსად გეჩქარებათ, წაუკითხეთ წიგნები, რომლებიც ბედნიერად სრულდება ან ბავშვებზე, რომლებიც ძილისგან გაქცევას ცდილობენ. უკითხეთ დღის განმავლობაშიც. ზოგჯერ ეს ერთადერთი გზა იქნება მათ ერთ ადგილას გასაჩერებლად.

თქვენს შვილს უკვე ექნება საკუთარი გემოვნება და მოსაზრებები. შეიძლება ფერიებით ან მოლაპარაკე სატვირთო მანქანებით სულაც არ იყოთ აღფრთოვანებული, მაგრამ წაახალისეთ ბავშვები გამოთქვან ის, რაც მოსწონთ თავიანთ წიგნებში, და იპოვეთ მეტი მსგავსი წიგნი. ამავე დროს, აქტიურად შესთავაზეთ სხვა თემატიკის ამბებიც.

ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, წაიკითხოს წიგნები, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციები და ოჯახის სტრუქტურები, რომლებიც თანაარსებობენ ჩვენს თემებში. ეს  მათ მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრებისთვის მოამზადებს.

წყარო: www.nytimes.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5