Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის” – ს ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე. 

ადიქცია  განიხილება, როგორც ადამიანის  მიჯაჭვულობა მავნე საქმიანობისადმი. შეიძლება თუ არა ადიქციად განვიხილოთ მოზარდის მიჯაჭვულობა ტექნოლოგიებზე, ვიდეოთამაშებზე და რა გავლენას ახდენს მსგავსი დამოკიდებულება მოზარდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე

ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ვიტყოდი, რომ არამხოლოდ მოზარდები, არამედ ზრდასრულებიც არიან დამოკიდებულნი ეკრანზე. თუმცა, დღეს ვისაუბროთ მოზარდებზე. 

ეს იმდენად ძლიერი დამოკიდებულებაა, რომ მათ ჩვეულებრივ უვითარდებათ ფსიქოლოგიური „ლომკა“, როდესაც არ აქვთ მუდმივი წვდომა სმარტფონზე. ახალგაზრდები ხდებიან გაღიზიანებულები და ეწყებათ პანიკა. გარდა ამისა, ეკრანზე დამოკიდებულების დროს, ძალიან რთულია დროის გაკონტროლება.“შევამოწმებ მესიჯი ხომ არ მოვიდა“ – ამ განზრახვით შეიძლება აიღონ ტელეფონი ხელში და მერე აღმოაჩინონ, რომ რამდენიმე საათი სრულიად გაუაზრებლად გასულა. მოზარდების მიერ სმარტფონების უკონტროლო გამოყენება იწვევს  სტრესს და დეპრესიულ აშლილობას, შფოთვას, შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევებიც  და ცუდი აკადემიური მოსწრება. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მიზეზია კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რასაც ეს დამოკიდებულება იწვევს. ფიზიკურ განვითარებას რაც შეეხება, სამედიცინო სფეროში გაჩნდა ტერმინები „ კისრის sms სინდრომი“ და “ცერა თითის sms სინდრომი“. ბავშვები და მოზარდები მუდმივ რეჟიმში არასწორ პოზიციაში მჯდომარენი ატარებენ დროს ეკრანთან, რაც თავისთავად იწვევს სქოლიოზს, ძალიან მომრავლებულია მხედველობის პრობლემებიც…. 

გვესაუბრეთ იმ ნიშნებზე, რომლითაც უნდა ივარაუდოს მშობელმა, რომ მისი შვილი დამოკიდებულია ვიდეოთამაშებზე. გარდა გარეგნული ნიშნებისა, რ ფსიქოლოგიური თავისებურებები ახასიათებს ასეთ დროს მოზარდს?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთ დროს მოზარდები არიან ძალიან გაღიზიანებულები, აგრესიულები, აწუხებთ შფოთვა და დეპრესია.  ჯანსაღი სოციალური უნარები უკან-უკან მიდის. ცოცხალი ურთიერთობა ჩაანაცვლა ვირტუალურმა, მაშინაც კი, როცა ბავშვები ერთად იკრიბებიან, ყველა ტელეფონში იყურება. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა ადამიანი ვირტუალურ სამყაროში თავის ცხოვრებას იმაზე უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. მათთვის თითქოს მთავარია, სხვების თვალში გამოჩნდნენ მხიარულები, ფინანსურად შეძლებულები, ლაღები, სხვადასხვა თავგადასავლებში მყოფები… სინამდვილეში კი, დეპრესიით და შფოთვით იტანჯებიან. 

როგორ და რა სტრატეგიით უნდა გავუმკლავდეთ მშობლები ამ გამოწვევას? როგორი მიდგომა ჭრის ასეთ დროს და რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის

ზოგადად, როდესაც დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, იქნება ეს ეკრანი, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები თუ ნარკოტიკული საშუალებები, ჩნდება კითხვა: რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში? და აღმოჩნდება, რომ ის გარკვეულ ცხოვრებისეულ პრობლემებს ამ არაჯანსაღი საშუალებებით გაურბის. 

მოზარდის ეკრანზე დამოკიდებულების მიზეზი ხდება  ის გარემო, რომელშიც უწევს ცხოვრება. მისთვის არსებული რეალობა არამიმზიდველია, უინტერესოა და ნეგატივითაა სავსე. ამიტომ, ქმნის ალტერნატიულ რეალობას, რომელსაც თავად განაგებს, რომელშიც ბევრი მრავალფეროვნება და ბევრი ემოციაა. 

მობილური ტელეფონის გამოყენების ან ვიდეოთამაშების  აკრძალვით პრობლემას ნაკლებად ეშველება.

მოზარდებს და მშობლებს არ აქვთ ახლო, მეგობრული ურთიერთობა. პირველ რიგში ესაა გამოსასწორებელი. ზრდასრულები მუდმივად მათ ნაკლს უსვამენ ხაზს, მათ დაბალ ქულებს სკოლაში, კიცხავენ სამოსის ან თმის ვარცხნილობის გამო და ა.შ.  სინამდვილეში კი

მათ უბრალოდ მეგობრობა და გაგება სჭირდებათ. ყველაფერს შეიძლება მივაღწიოთ, მთავარია სწორი კომუნიკაცია. 

მშობლებს ვურჩევდი, გაატარონ მათ შვილებთან მეტი დრო, დაინტერესდნენ მათი ცხოვრებით, შესთავაზონ ბევრი აქტივობა, რომელსაც ერთად განახორციელებენ, რათა მოზარდის ცხოვრება გახდეს მხიარული და მრავალფეროვანი. ასევე, როდესაც მშობლები წუხან, რომ მათი შვილი საერთოდ არ ისმენს მათ რჩევა-დარიგებებს, ყოველთვის ვეკითხები ამას: თქვენ თუ ეკითხებით ხოლმე მას რჩევებს?  და აქაც აღმოჩნდება, რომ არა, მოზარდს თითქოს არ თვლიან საკმარისად კომპეტენტურ და სერიოზულ პირად, რომელსაც შესაძლოა ძალიან კარგი და სწორი აზრები ჰქონდეს თავში. ამიტომ, მიმართეთ მათ რჩევებისთვის, ჩართეთ ბევრ საქმეში, აგრძნობინეთ, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია, გაერთეთ მათთან ერთად, აჰყევით ბევრ „სიგიჟეში“ და ნახავთ, როგორ გაუმჯობესდება ყველაფერი – მოზარდობა ბევრად ხალისიანი და მარტივად გადასალახი იქნება, მშობლებს განწყობა გამოუკეთდებათ და ეს ცხოვრების ხარისხზეც იქონიებს გავლენას და რაც მთავარია, მოზარდს აღარ ექნება სურვილი ასეთი არაჩვეულებრივი რეალობიდან ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლოს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5