Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ სახლში ცხოველი გყავთ ან ახლო მომავალში გეგმავთ რომ გყავდეთ, არის რამდენიმე წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. ექიმი-ალერგოლოგი და პედიატრი ნინო მჭედლიშვილი “დედამიცისთან” საუბრობს რა იწვევს ალერგიას შინაური ცხოველის მიმართ  და რა წესები უნდა დავიცვათ მისი ყოლის შემთხვევაში.

რა იწვევს ალერგიას შინაური ცხოველების მიმართ?

შინაური ცხოველის მიმართ ალერგიის მიზეზია სხვადასხვა ცილებზე მომატებული მგრძნობელობა, რომელიც გვხვდება ცხოველის კანში ან ქერტლში, ნერწყვსა და შარდში. 

რომელი ცხოველის მიმართ შესაძლოა განუვითარდეს ბავშვს ალერგია?

ყველაზე ხშირად ალერგია ვლინდება კატის ან ძაღლის მიმართ, თუმცა მიზეზი შეიძლება იყოს ვირთხა, თაგვი, ზღვის გოჭი, ზაზუნა, შინაური ფრინველი, ცხენი,  ძროხა და ა.შ. კატის და ძაღლის ალერგენები ძირითადად აღმოჩენილია მათ ქერტლში, ბეწვსა და ნერწყვში. ქერტლი ძალიან მცირე ზომის ნაწილაკია, რის გამოც ჰაერში შეწონილი დიდხანს რჩება ცირკულაციაში. ასევე, ეწებება ტანსაცმელს და გროვდება ავეჯის რბილ ქსოვილზე. შინაური ცხოველის ნერწყვი რჩება ხალიჩაზე, საწოლზე,  ტანსაცმელზე. კურდღლის ალერგენებს შეიცავს მისი  ქერტლი, ბეწვი და ნერწყვი, მღრნელების – ქერტლის, ბეწვის, ნერწყვის გარდა –  მათი შარდიც. ნერწყვის და შარდის გაშრობის შემდეგ წარმოიქმნება წვრილი ნაწილაკები, რომელიც ერევა ჰაერს და აღწევს ადამიანის ორგანიზმში. ადამიანებს შესაძლოა ალერგია ჰქონდეთ ცხოველის, ან უფრო ხშირად ფრინველის ექსკრემენტებზეც. შინაური ცხოველის ალერგენების გადამტანები შესაძლოა იყვნენ თავად  ადამიანები, ამიტომ ხშირად მსგავს ალერგენებს პოულობენ საკლასო ოთახშიც.

ნაკლებად ალერგიულია ბეწვის ან ბუმბულის არმქონე ცხოველები, მაგალითად როგორიცაა რეპტილიები, კუ, თევზი, თუმცა გასათვალისწინებელია თევზის საკვები და აკვარიუმი. 

რა სიმპტომებს მოიცავს ცხოველის მიმართ ალერგია?

შინაურ ცხოველზე ალერგიის ძირითადი სიმპტომებია:  ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა, თვალების ქავილი, ზოგჯერ ხველა, მსტვინავი, გაძნელებული სუნთქვაც კი. შესაძლოა განვითარდეს ატოპიური დერმატიტიც – კანზე ქავილი, აქერცვლა, სიწითლე . 

თუ გაქვთ შინაურ ცხოველზე ალერგია უნდა მოერიდოთ მასთან კონტაქტს, ზოგიერთ შემთხვევაში თუ ეს გარდაუვალია, სტანდარტული მკურნალობის გარდა შესაძლოა განხილულ იქნას ალერგენსპეციფიური იმუნოთერაპია ( „ანტიალერგიული აცრა“) . თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებებით უფრო სიღრმისეულად ვადგენთ, მაგალითად ადამიანს  ძაღლის ალერგენის რომელ კომპონენტზე აქვს  მომატებული მგრძნობელობა,  (თუ  ვლინდება მხოლოდ Can f 5 -ზე ) ამის გათვალისწინებით  შესაძლოა მდედრობითი სქესის, ან კასტრირებული ძაღლის მიმართ არ გამოუვლინდეს ალერგიული სიმპტომები. 

სანამ ცხოველს სახლში მოვიყვანთ, როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს ცხოველის მიმართ ალერგია არ აქვს?

იმისთვის, რომ დავადასტუროთ ნამდვილად გვაქვს თუ არა შინაური ცხოველის, ან ფრინველის მიმართ ალერგია, შესაძლებელია ჩატარდეს კანის პრიკ ტესტირება, რომელიც კვლევის ყველაზე იაფი და მარტივი მეთოდია, ასევე   სისხლში სპეციფიური IgE -ის განსაზღვრა, კონკრეტული ცხოველის ან ფრინველის მიმართ. თუ უფრო დეტალური კვლევაა საჭირო, ტარდება მულტიალერგენული იმუნოლოგიური ტესტი თანამედროვე ბიოჩიპის მეთოდით (ISAC), რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ რომელ კომპონენტზეა მგრძნობელობა მომატებული და ამის მიხედვით დავგეგმოთ მკურნალობა.

წლების განმავლობაში უამრავი  კვლევის ურთიერთგამომრიცხავი შედეგები  დაგროვდა შინაური ცხოველის მიმართ ალერგიის განვითარების რისკ- ფაქტორებზე, ამჟამინდელი მონაცემებით გამოიკვეთა, რომ ადრეულ ასაკში შინაურ ცხოველთან კონტაქტი გვიცავს  შემდგომში ალერგიული დაავადებების განვითარებისგან, ხოლო სასკოლო ასაკის პერიოდში შინაური ცხოველის ყოლა პირიქით ზრდის ალერგიის განვითარების რისკს, განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც სხვა ფაქტორებზე აქვს მომატებული მგრძნობელობა, ან მათ  მშობლებს აქვთ შინაური ცხოველის მიმართ ალერგია.

რა წესები უნდა დავიცვათ შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში?

შინაური ცხოველი დღის განმავლობაში მცირე დროითაც თუ იყო სახლში შესაძლოა ალერგენები გავრცელდეს ჰაერით.  უნდა მოხდეს ხალიჩების, რბილი ავეჯის, ფარდების, ქვეშაგების  წმენდა, თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც შესაძლებელია თვეობით დარჩეს ალერგენები სახლში, შინაური ცხოველის  გასხვისების მერეც, ალერგიულ ადამიანს მკურნალობის გარეშე აღენიშნება ალერგიული სიმპტომების გახანგრძლივება.

თუ შინაურ ცხოველი სახლში რჩება გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი „ჰეპა „ ფილტრი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის ამცირებს  მხოლოდ ჰაერში შეწონილ ალერგენებს. 

შეამცირეთ ისეთი ნივთები, სადაც ალერგენები ვრცელდება, მაგალითად ხალიჩები, რბილი ავეჯი ქსოვილის ზედაპირით, ფარდაგები. უმჯობესია იქონიოთ ისეთი ავეჯი, რომელიც  გაიწმინდება სველი წესით, ფანჯრებზე გამოიყენოთ ადვილად წმენდადი ჟალუზები.

ასევე, უმჯობესია გამოიყენოთ მტვერსასრუტი „ჰეპა“ ფილტრით.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5