|
მოუსმინეთ სტატიას აუდიო ფორმატში
Getting your Trinity Audio player ready...
|

ცივი სეზონის დადგომასთან ერთად რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები იმატებს. მშობლები ხშირად კითხულობენ: „გრიპი უკვე დაიწყო?“, „როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან?“ და „როგორ მოვუაროთ ბავშვს სახლის პირობებში?“
ამ პერიოდში სხვადასხვა რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთა სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ჰგავს. ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერება დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს უზიარებს ინფორმაცია იმ ვირუსების შესახებ, რომლებიც ბავშვებში ყველაზე ხშირად ხვდებათ და ურჩევს როგორ მოიქცნენ ინფექციის დროს.
რა ვითარებაა ცივ სეზონზე?
ცივი სეზონის განმავლობაში ბავშვებში ძირითადად რამდენიმე რესპირაციული ვირუსი გვხვდება:
რინოვირუსი – ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რესპირაციული ვირუსია, რომელიც უმეტესად იწვევს სურდოს, ცხვირის გაჭედვას, ცემინებასა და ხველას.
ადენოვირუსი – ხშირად მიმდინარეობს ცხელებით, ყელის ტკივილით, კონიუნქტივიტით, ზოგჯერ კი დიარეითაც.
პარაგრიპის ვირუსი – განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ლარინგიტი და ცრუ კრუპი.
რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (RSV) – ჩვილებში შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქიოლიტი, ხიხინი და სუნთქვის გაძნელება.
კორონავირუსი – კვლავ ცირკულირებს და შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მსუბუქი გაციებით, ისე უფრო გამოხატული რესპირაციული სიმპტომებით.
გვხვდება თუ არა გრიპი?
სეზონის დასაწყისში A ტიპის გრიპის ცალკეული შემთხვევები შეიძლება დაფიქსირდეს, თუმცა მისი აქტიური გავრცელება ზამთრის მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი.
მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ გრიპის დამახასიათებელი ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.
როგორ ამოვიცნოთ გრიპი?
გრიპისთვის უფრო დამახასიათებელია დაავადების უეცარი დასაწყისი, მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და მშრალი ხველა.
ჩვეულებრივი გაციების დროს კი ხშირად წამყვანია სურდო, ცემინება, ყელის დისკომფორტი და შედარებით მსუბუქი საერთო მდგომარეობა.
თუმცა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ვირუსის ზუსტი იდენტიფიცირება ყოველთვის შეუძლებელია.
როგორ მოვუაროთ ბავშვს სახლის პირობებში?
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ აღენიშნება საგანგაშო ნიშნები, შესაძლებელია მისი მოვლა სახლის პირობებში.
ამ დროს გირჩევთ:
- მიეცით ბავშვს საკმარისი სითხე. ჩვილებში გააგრძელეთ ძუძუთი კვება ან ფორმულით კვება.
- უზრუნველყავით დასვენება, ოთახის განიავება და კომფორტული ტემპერატურა.
- ცხვირის გაჭედვისას გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი.
- ცხელებისა და დისკომფორტის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან, 6 თვის ასაკიდან, იბუპროფენი ასაკისა და წონის შესაბამისი დოზით.
- 1 წელზე უფროს ბავშვებში ხველის შესამსუბუქებლად შეიძლება თაფლის გამოყენება.
რა არ უნდა გავაკეთოთ?
ვირუსული ინფექციების დროს მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ თვითნებურ მკურნალობას.
არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე – ის ვირუსებზე არ მოქმედებს.
ასევე, არ არის რეკომენდებული ბავშვებში ასპირინის გამოყენება და ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატების თვითნებურად მიცემა.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტუჩების სილურჯე, გამოხატული მოდუნება, გაუწყლოების ნიშნები, კრუნჩხვა ან მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო შეფასება.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 3 თვემდე ასაკის ჩვილებს – 38°C ან მეტი ტემპერატურა დაუყოვნებელი სამედიცინო შეფასების საფუძველია.
როგორ დავიცვათ ბავშვები?
გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი სპეციფიკური საშუალებაა ყოველწლიური ვაქცინაცია, რომელიც რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან.
ასევე მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა, დახურული სივრცეების განიავება, ავადმყოფ ადამიანებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა და სიმპტომების მქონე ბავშვის სახლში დატოვება.
ცივი სეზონის განმავლობაში რესპირაციული ინფექციები ხშირია, თუმცა სწორი მოვლა, პრევენციული ღონისძიებები და საგანგაშო ნიშნების დროული ამოცნობა ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
ინგა მამუჩიშვილი
ექიმი, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
გთხოვთ გაითვალისწინოთ: dedamicis.ge-ზე განთავსებული სტატიები წარმოადგენს საინფორმაციო/საგანმანათლებლო კონტენტს და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას
მოუსმინეთ სტატიას ვიდეო ფორმატში:

