ორსულობის დროს ვაგინალური სისხლდენა შეიძლება იყოს შემაშფოთებელი. თუმცა, ეს ყოველთვის არ არის ცუდი ამბის ნიშანი. ქალების უმეტესობა, რომლებსაც სისხლდენა აღენიშნებათ ორსულობის პერიოდში, ჯანმრთელ ჩვილებს მშობიარობენ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია სერიოზულად მიიღოთ ეს სიმპტომი, რადგან ზოგჯერ სისხლიანი გამონადენი მიუთითებს მუცლის მოშლაზე ან მდგომარეობაზე, რომელსაც სწრაფი გამოკვლევა მკურნალობა სჭირდება. ორსულობის დროს ვაგინალური სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზების გაცნობით, თქვენ გეცოდინებათ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როდის მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ.
ორსულობის დროს ვაგინალურ სისხლდენას მრავალი მიზეზი აქვს. ზოგი სერიოზულია და ბევრი – არა.
პირველი ტრიმესტრი
პირველი ტრიმესტრის ვაგინალური სისხლდენის შესაძლო მიზეზებში შედის:
- საშვილოსნოსგარე ორსულობა (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმპლანტირდება და იზრდება საშვილოსნოს გარეთ, მაგალითად ფალოპის მილში);
- იმპლანტაციის სისხლდენა (ჩასახვიდან დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მიემაგრება საშვილოსნოს ყელს);
- მუცლის მოშლა (ორსულობის სპონტანური შეწყვეტა მე -20 კვირამდე);
- მოლარული ორსულობა (იშვიათი შემთხვევა, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ემბრიონის ნაცვლად პათოლოგიურ ქსოვილებად იქცევა);
- საშვილოსნოს ყელის პრობლემები, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის ინფექცია, საშვილოსნოს ყელის ანთება ან წანაზარდები საშვილოსნოს ყელში.
მეორე და მესამე ტრიმესტრი
- საშვილოსნოს ყელის უკმარისობა (საშვილოსნოს ყელის ნაადრევი გახსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა);
- მუცლის მოშლა (მე -20 კვირამდე) ან ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი;
- პლაცენტის ნაადრევად აშრევება (როდესაც პლაცენტა, რომელიც ბავშვს აწვდის საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს, მთლიანად ან ნაწილობრივ გამოეყოფა საშვილოსნოს კედლის შიდა ნაწილს);
- ნაადრევი მშობიარობა (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი სისხლდენა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს შეკუმშვები, ზურგის ტკივილი ან მენჯის არეში დაწოლის შეგრძნება);
- საშვილოსნოს ყელის პრობლემები, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის ინფექცია, საშვილოსნოს ყელის ანთება ან წანაზარდები საშვილოსნოს ყელში;
- საშვილოსნოს გახევა, იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში მოვლენაა, როდესაც ორსულს გადატანილი საკეისრო კვეთის ნაწიბური ეხსნება.
ნორმალური ვაგინალური სისხლდენა ორსულობის ბოლოს
ორსულობის ბოლოს მსუბუქი სისხლდენა (ხშირად ლორწოშერეული) შეიძლება იყოს მშობიარობის დაწყების ნიშანი. ეს ვაგინალური გამონადენი არის ვარდისფერი ან სისხლიანი და ცნობილია, როგორც „სისხლიანი შოუ“.
როდის მივმართოთ ექიმს?
მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის დროს ვაგინალური სისხლდენის შესახებ შეატყობინოთ თქვენს ექიმს. იყავით მზად იმის აღსაწერად, რამდენი სისხლი დაკარგეთ და შეიცავდა თუ არა ის სისხლის კოლტებსა და ქსოვილებს.
ორსულობის 12 კვირის ვადამდე:
- შეატყობინეთ ექიმს თუნდაც მცირე რაოდენობით სისხლოვანი გამონადენის შესახებ, რომელიც გაგრძელდა 1 დღე მაინც
- დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს, თუ აღგენიშნათ საშუალო ან ჭარბი რაოდენობით სისხლდენა, კოლტები, რასაც თან ახლავს ტკივილი მუცლის არეში, ჭინთვები, ცხელება და შემცივნება
მეორე ტრიმესტრი – ორსულობის 13-24 კვირა:
- შეატყობინეთ ექიმს თუნდაც მცირე რაოდენობით გამონადენის შესახებ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შეჩერდა რამდენიმე საათში.
- აუცილებლად მიდით ექიმთან, თუ გაქვთ საშუალო ან ჭარბი როდენობით სისხლდენა ვაგინიდან, თუ ის გრძელდება ერთ დღეზე მეტხანს ან ამავდროულად გრძნობთ ტკივილს მუცლის არეში, ცხელებას, გულისრევას და საშვილოსნოს შეკუმშვებს.
მესამე ტრიმესტრი – 25 კვირიდან 40 კვირა:
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი სახის ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში.
გახსოვდეთ, რომ ორსულობის ბოლო კვირებში ვარდისფერი ან სისხლოვანი/სისხლნარევი ვაგინალური გამონადენი წარმოადგენს მშობიარობის დაწყების ნორმალურ სიმპტომს.
წყარო: www.mayoclinic.org