რა არის ოვულაცია?
თვეში ერთხელ, მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოიდევნება საკვერცხიდან, ხვდება ფალოპის მილში და მზადაა გასანაყოფიერებლად. 12-24 საათის განმავლობაში თუ არ მოხდა განაყოფიერება, გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი მენსტრუაციის დროს გამოიდევნება. ოვულაცია მენსტრუალური ციკლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ხდება და მისი ზუსტი თარიღის ცოდნა დაგეხმარებათ დაორსულებაში.
მტკივნეული ოვულაცია
ქალების 50% -მდე ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ოვულაციის ტკივილს, დაახლოებით 20% კი – ყოველთვე. ეს ნორმალურია, თუ ტკივილი ძლიერი არ არის.
ოვულაციური ტკივილის კიდევ ერთი ტერმინია mittelschmerz, რაც გერმანულიდან ითარგმნება, როგორც “საშუალო ტკივილი”. ის შეიძლება იგრძნოთ კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ან მის შემდეგ.
როგორია ოვულაციის ტკივილი?
ქალების უმეტესობა განიცდის ყრუ ტკივილს, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათის ან თუნდაც ორი დღის განმავლობაში. ზოგიერთი კი – მოულოდნელ, მწვავე, 1 წუთიან ტკივილს.
იშვიათად, ტკივილი ისეთი მწვავეა, რომ ქალებს ბრმანაწლავის შეტევა ჰგონიათ.
თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ უფრო ხშირად ერთ მხარეს გტკივათ. არ არის სიმართლე, რომ საკვერცხეები “ოვულაციას მორიგეობით ახდენენ”. ნორმალურია ერთი მხარის ოვულაცია უფრო ხშირად, ვიდრე მეორის.
რა იწვევს ოვულაციის ტკივილს?
ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ოვულაციის ტკივილს, მაგრამ არსებობს რამდენიმე თეორია:
- ფოლიკულის შეშუპება ან გამოთავისუფლება.
- თავად კვერცხუჯრედი.
- საშვილოსნოს მილების ან საშვილოსნოს სპაზმები ოვულაციის მოახლოების გამო.
რა იწვევს ოვულაციის მწვავე ტკივილს?
ინტენსიური ან გახანგრძლივებული ტკივილი მენჯის არეში შეიძლება იყოს ენდომეტრიოზის ან ანთების სიმპტომი. თუ ტკივილი ხელს გიშლით სექსში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაძლოა ის ოვულაციით არ იყოს გამოწვეული.
ენდომეტრიოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მენჯის არეში ნებისმიერ დროს, მაგრამ ის შეიძლება იყოს უფრო ძლიერი მენსტრუაციის და ოვულაციის პერიოდში. ოვულაციის პერიოდში ენდომეტრიოზის გამო ტკივილი ხელს უშლის ზოგიერთ ქალს კომფორტულად იგრძნონ თავი სექსის დროს, რაც ართულებს დაორსულებისთვის ხელსაყრელი დროის გამოყენებას.
ენდომეტრიოზის გარდა ოვულაციის დროს მწვავე ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს:
- საშვილოსნოს მილების ინფექციამ;
- მიომამ და საკვერცხის ცისტამ;
- საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომმა, რომელიც გავრცელებულია ქალებში, რომლებიც იღებენ უშვილობის სამკურნალო წამლებს.
როგორ ვუმკურნალოთ ოვულაციის ტკივილს?
შეგიძლიათ მიიღოთ იბუპროფენისა და აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) შემცველი წამლები. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ტკივილგამაყუჩებლების მიღება დაორსულების მცდელობისას, სცადეთ თბილი აბაზანა, დასვენება ან სათბურის დადება მტკივნეულ ადგილას.
როდის მივმართოთ ექიმს?
დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ:
- გაქვთ ძლიერი ტკივილი;
- აღებინებთ ან გაქვთ ძლიერი ფაღარათი;
- გიჭირთ სუნთქვა.
წყარო: www.verywellfamily.com