Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყველა ბავშვს თავისი სუპერგმირი ჰყავს, მაგრამ ერთი პრობლემაა – ისინი  მულტფილმებში ცხოვრობენ.  თუმცა, ჯერ ალბათ ბავშვებს არ გაუგიათ, რომ  სუპერგმირები ჩვენთანაც გამოჩნდნენ და გადაწყვიტეს იმ  ბავშვების დასახმარებლად  გაერთიანდნენ, რომლებსაც მათი ყურადღება და დახმარება სჭირდება. სუპერგმირების  სუპერძალა ის კეთილშობილური მიზნებია, რის გამოც ისინი მზად არიან გაუმკლავდნენ ყველანაირ დაბრკოლებას  ბავშვების გამო და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.  

Supergmiri.ge ასე ჰქვია საქველმოქმედო პლატფორმას, რომელიც პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს შეიქმნა. სუპერგმირების პლატფორმა  ადამიანებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ პირდაპირ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ბავშვებს, რომლებსაც სუპერგმირების არსებობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პლატფორმა ითვალისწინებს ყოველთვიური სპონსორობის 100 ლარიან პაკეტს, რომელშიც გაერთიანებულია ბავშვის ასაკის შესაბამისი საჭიროების პროდუქტები.  სუპერგმირს საშუალება ეძლევა დაამყაროს ინდივიდუალური ურთიერთობა ბავშვთან, გაცვალოს მასთან წერილები, ნივთები და გარკვეული პერიოდულობით შეხვდეს კიდევაც მას.  სუპერგმირს თვეში ერთხელ ეჭრება თანხა, შემდეგ სუპერგმირის  გუნდი ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ყუთს აკომპლექტებს და აგზავნის. სუპერგმირი იღებს დეტალურ რეპორტს ყუთში მოთავსებული პროდუქტების შესახებ.  

პროექტის დამფუძნებლები  ანტრეპრენერი წყვილი მარიტა გენებაშვილი და ლეკო შათირიშვილი არიან, რომელიც ასევე სხვა პროექტების: www.inebe.ge-ს და www.microgreen.ge-ს ავტორებიც არიან. Supergmiri.ge-ს  დიზაინზე იმუშავა ვანო საღინაშვილმა, ვებ- დეველოპმენტი გააკეთა ზურა გაბიევმა. ხოლო ლონჩის მარკეტინგულ სტრატეგიაში და აღსრულებაში წყვილს  უფასოდ დაეხმარა ციფრული სააგენტო “ელიოტ ვებერი”. 

“პროექტზე ფიქრი თითქმის ერთი წლის წინ დავიწყეთ. ერთ-ერთი ბავშვის ისტორიამ ძალიან იმოქმედა ჩვენზე და მოგვინდა რამე გაგვეკეთებინა ისეთი, რაც ბავშვების ცხოვრებას სულ ოდნავ მაინც შეცვლიდა უკეთესობისკენ. მალევე მივხვდით, რომ მარტო ჩვენ დიდს ვერაფერს გავხდებოდით, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეერთიანებინა ბევრი ადამიანი რაღაც ერთი იდეის ქვეშ, ერთ ციფრულ სივრცეში. რაღაც საერთო იდეალის ძებნისას გაგვახსენდა, რომ ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით სუპერ ძალაზე, ზოგი ჯადოსნურ ჯოხზე, ზოგიც ჯადოსნურ მოსასხამზე… და გადავწყვიტეთ ჩვენი ბავშვობის ოცნებების ახდენა, რომელიც სინამდვილეში სხვა ბავშვების ოცნებების ახდენას ნიშნავს. ასე გაჩნდა პლატფორმა www.supergmiri.ge,”- გვიყვება პლატფორმის დამფუძნებელი მარიტა გენებაშვილი.

ვის სჭირდება სუპერგმირების არსებობა? – ბავშვებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და ძალიან ხშირად მათი სულ პატარა სურვილებიც აუსრულებელი რჩება. დიდებს, ვისაც ბავშვობის ნატვრა აუსრულებელი დაგვრჩა და ახლა გვაქვს შანსი მართლა სუპერგმირები გავხდეთ. 

სპონსორობის გარდა სუპერგმირს საშუალება ექნება პირადად გაიცნოს მისი რჩეული, გახდეს მისი მეგობარი და სწორი რჩევებით დაეხმაროს სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევების დროს, იქნება ეს სწავლასთან დაკავშირებული რჩევები თუ მეგობრული საუბრები. 

პლატფორმის  დამფუძნებლები გეგმავენ, რომ სულ მალე დაამატონ ახალი ფუნქციონალი, რაც საშუალებს მისცემს სუპერგმირებს, თავიანთი ნივთები გაუგზავნონ ბავშვებს პირადად.

ვინ შეიძლება იყოს სუპერგმირი? – ყველა, ვინც თავის სუპერძალას იყენებს ბავშვის დასახმარებლად.  ის, ვინც ხდება ბავშვის მეგობარი. ის, ვინც ხდება ბავშვის მენტორი. ის, ვინც რჩევებს აძლევს და იზიარებს ბავშვის  ემოციებს და ყველაზე მთავარი, ის ვინც ბავშვის მომავალს ცვლის. თუ ასეთი, საუცხოო ნიშნების ერთობლიობა შენიშნეთ საკუთარ თავში ან სხვა ადამიანებში,  აუცილებლად მოუყევით ამ პლატფორმის შესახებ და მოუხმეთ სხვა მომავალ გმირებსაც. რა იცით, ერთად რა სიკეთის დატრიალება შეგიძლიათ?!…

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5