Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ორსულობის პერიოდში ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტების შესახებ ჯერ კიდევ უამრავი მცდარი წარმოდგენა არსებობს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ კეთილისმსურველები გირჩევენ მასზე უარის თქმას. მართალია, რომ ნაყოფისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები ადვილად აითვისება ხორციდან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან.  თუმცა, თქვენ შეგიძლიათ სხვა საკვებიდან მიიღოთ საკმარისი რაოდენობის ვიტამინები. 

რომელი საკვები ნივთიერებების მიღება დამჭირდება დამატებით ვეგანური ან ვეგეტარიანული დიეტის დროს ორსულობისას?

ცილები

რატომ: ორსულობის დროს იმაზე მეტი ცილები გჭირდებათ, ვიდრე ოდესმე. რადგან, ისინი ხელს უწყობენ უჯრედების შენებას და ჰორმონების შექმნას თქვენი პატარასთვის, რომელიც სულ უფრო იზრდება საშვილოსნოში. თუ თქვენ ხართ ვეგეტარიანელი, იღებთ რძის პროდუქტებს და კვერცხს, შესაძლოა უკვე იღებდეთ საკმარის ცილებს (უფრო მეტად გინდებათ ომლეტი ან მაწონი?). თუ ხართ ვეგანი, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს მენიუში ბოსტნეულისგან მიღებული ცილები.

რამდენი: 75 გრამი დღეში

ცილების წყაროები ვეგანებისთვის და ვეგეტარიანელებისთვის ორსულობის დროს: პარკოსნები, დაუცეხვავი მარცვლეული, სოიო, თხილეული და მარცვლეული, კონკრეტულად შემდეგი პროდუქტები:

  • ბარდა
  • მუხუდო
  • ლობიო
  • ქინოა
  • ბულგური, წიწიბურა და კუსკუსი
  • შვრია
  • დაუცეხვავი ხორბლის პასტა, ბურღულეული და პური
  • თხილეული და თხილეულის კარაქი
  • სოიოს რძე
  • ტოფუ

კალციუმი

რატომ: ორსულობის დროს კალციუმი მნიშვნელოვანია თქვენი პატარას ძვლების, კუნთების, გულისა და ნერვების ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. ის ისეთი აუცილებელია, რომ იმის მიუხედავად რას ჭამთ, ნაყოფი მაინც მიიღებს თქვენი ძვლებიდან, რაც შემდგომში შეგიქმნით ოსტეოპოროზის რისკს.

საბედნიეროდ, რძის პროდუქტები არ არის კალციუმის ერთადერთი წყარო. თუმცა, თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ კალციუმის დანამატებიც.

რამდენი: 1000 მგ დღეში

კალციუმის წყაროები ვეგანებისთვის და ვეგეტარიანელებისთვის ორსულობის დროს:

  • იოგურტი
  • რძე
  • ყველი
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
  • სოიოს რძე
  • ტოფუ
  • კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი

რკინა

რატომ: თქვენი სისხლის მოძრაობა ორსულობის დროს იზრდება დაახლოებით 50%-ით. ამ დროს რკინა მნიშვნელოვანია, რათა გაზარდოს სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების რაოდენობა. რკინის ნაკლებობა ანემიის რისკია და დროულად მკურნალობის გარეშე შეიძლება ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის მცირე წონა გამოიწვიოს.

არა მხოლოდ ვეგანები და ვეგეტარიანელები განიცდიან რკინის დეფიციტს ორსულობის დროს. ისინიც კი, რომლებიც წითელ ხორცს მიირთმევენ, შეიძლება დადგნენ ანემიის რისკის წინაშე.

ზემოაღნიშნულის თავიდან ასარიდებლად, შეგიძლიათ ექიმს ჰკითხოთ, ხომ არ დანიშნავს 20 კვირიდან (ან უფრო ადრე, თუ ანალიზის მიხედვით გჭირდებათ) რკინის შემცველ პრეპარატს.

რამდენი: 27 მგ დღეში

რკინის წყაროები ვეგანებისთვის და ვეგეტარიანელებისთვის ორსულობის დროს:

  • პარკოსნები
  • სოიოს პროდუქტები
  • შვრიის ქატო
  • ქერი
  • ქინოა
  • ბულგური
  • გოგრის თესლები
  • ჩირი
  • ისპანახი
  • კომბოსტო
  • წყალმცენარეები

ვიტამინი B12

რატომ: ვიტამინი B12 ფოლიუმის მჟავასთან ერთად ეხმარება ნაყოფის ტვინის განვითარებას. ის ასევე მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების და გენეტიკური მასალის შესაქმნელად. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამიწვის ნერვული მილის დეფექტები და გაზარდოს ნაადრევი მშობიარობის რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ  B12-ის ნაკლებობა იშვიათია, ვეგეტარიანელები და ვეგანები ხშირად დგებიან ამ ვიტამინის დეფიციტის წინაშე, რადგან ის მხოლოდ ცხოველურ საკვებშია. ჰკითხეთ ექიმს, იღებთ თუ არა საკმარის რაოდენობას პრენატალური ვიტამინებით.

რამდენი: 2.6 მკგ დღეში

B12-ის წყაროები ვეგანებისთვის და ვეგეტარიანელებისთვის ორსულობის დროს:

B12-ით გამდიდრებული სოის რძე, მარცვლეული და ხორცის შემცვლელები

D ვიტამინი

ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანსაღი კბილებისა და ძვლების ჩამოყალიბებაში. დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი რაქიტი ან ძვლების მოტეხილობები ახალშობილებში.

რამდენი: 600 IU დღეში

D ვიტამინის წყაროები ვეგანებისთვის და ვეგეტარიანელებისთვის ორსულობის დროს:

  • გამდიდრებული სოიოს რძე
  • პური
  • სტაფილო
  • ნუში
  • მარცვლეული

მაგრამ ეს მენიუ თითქმის არასდროსაა საკმარისი, ამიტომ ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ არის საჭირო ანალიზით D ვიტამინის დონის გაგება და დანამატის დანიშვნა.

როგორ იმოქმედებს ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტა ჩემს ბავშვზე?

თქვენ გექნებათ ჯანმრთელი ორსულობა და ჯანმრთელი ბავშვი, თუ დაიცავთ შემდეგ წესებს:

  • მიჰყვებით ბალანსირებულ კვებას
  • რეგულარულად მიიღებთ ორსულობის ვიტამინებს
  • ივლით რეგულარულად ექიმთან და არ მოგერიდებათ მოუყვეთ, თუ რამე გაწუხებთ.

რა მოხდება, თუ ხორცი მომინდება ორსულობის დროს?

ჰორმონების ცვლილებების გამო, შეიძლება მოგინდეთ ხორცის ჭამაც კი. შეგიძლიათ დაუშვათ გამონაკლისი და მიირთვათ ორსულობის დროს, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი დაუბრუნდეთ ცხოვრების ძველ წესს. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ მენიუში თევზი, რძის პროდუქტები და კვერცხი, თუმცა ამის აუცილებლობა არ დადგება, თუ ზემოაღნიშნული პროდუქტებით დააბალანსებთ კვებას.

შეიძლება ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა ძუძუთი კვების დროს?

დიახ. თუმცა, თუ B12-ის, რკინის ან კალციუმის ნაკლებობა აღმოგაჩნდათ ან ბავშვი დაიბადა ნაადრევად ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ექიმი დაგინიშნავთ ვიტამინების დანამატებს.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, ბავშვიც ვეგეტარიანულ ან ვეგანურ დიეტაზე გყავდეთ, მყარი კვების დაწყების შემდეგ, დარწმუნდით, რომ ის იღებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას.

წყარო: https://www.whattoexpect.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5