თუ ორსულობის დროს ძუძუსთავებიდან გამონადენს შენიშნავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული ჰორმონების წყალობით ემზადება ბავშვის გამოსაკვებად. ეს სითხე არის ხსენი, იდეალური პირველი საკვები თქვენი ახალშობილისთვის. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ მისი წვეთები თქვენს ბიუსტჰალტერში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში.
რა არის ხსენი?
ხსენი ცილებითა და ანტისხეულებით მდიდარი სითხეა, რომელსაც თქვენი ორგანიზმი აწარმოებს ახალშობილისთვის.
- ის იცავს პატარას ინფექციებისგან;
- ბავშვის პატარა კუჭ-ნაწლავი მას იოლად გადაამუშავებს;
- ის არის საფაღარათო საშუალება, რომელიც ეხმარება ჩვილის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ბავშვის პირველი განავლის – მეკონიუმისგან გათავისუფლებაში (ეს ამცირებს სიყვითლის რისკსაც);
- ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის ჩამოყალიბებას.
როგორ გამოიყურება ხსენი?
ხსენი შეიძლება იყოს გამჭვირვალე, კრემისებრი თეთრი, ყვითელი ან თუნდაც ნარინჯისფერ სითხე. ის, როგორც წესი, სქელია, თუმცა შეიძლება იყოს თხელი და ზოგჯერ ოდნავ წებოვანიც.
ხსენი დაახლოებით 3-5 დღის შემდეგ თეთრ ან მოთეთრო-მოცისფრო შეფერილობას იღებს და გარდაიქმნება რძედ.
როდის იწყებს ორსულის ორგანიზმი ხსენის გამომუშავებას?
ორსული დედები ხსენის მცირე რაოდენობით გამომუშავებას დაახლოებით 3-4 თვისთვის იწყებენ.
ნორმალურია ორსულობის დროს ხსენის გამოყოფა?
სავსებით. ბავშვის დაბადებამდე ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი შეგიშლით ხელს რძის აქტიურად წარმოებაში. მაგრამ ამავე დროს, ჰორმონი პროლაქტინი აქტიურდება, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში. ის ეხმარება თქვენს ორგანიზმს რძის გამომუშავებაში.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ
- ხსენი დიდი რაოდენობით ჟონავს;
- ხსენში სისხლია;
- ხსენი სქელია.
არცერთი ზემოხსენებული არ არის აუცილებლად შემაშფოთებელი, მაგრამ კარგი იდეაა ექიმთან კონსულტაცია, რადგან ეს შეიძლება იყოს რძის სადინარის ჩაკეტვის ნიშნები.
ნორმალურია, თუ ორსულობის დროს ხსენი არ გამოიყოფა?
სავსებით. ეს არ ნიშნავს, რომ მშობიარობის შემდეგ ხსენი ან რძე არ გექნებათ.
როგორ გავუმკლავდეთ ორსულობის დროს ხსენის გამოყოფას?
თუ გაწუხებთ ხსენის გაჟონვა, ისარგებლეთ მკერდის საფენებით და თავი შეიკავეთ ძუძუსთავების სტიმულაციისგან.
წყარო: www.babycenter.com