თხელი, გამჭვირვალე ან თეთრი ვაგინალური გამონადენი, როგორც წესი, ნორმალურია ყველა ქალისთვის. ორსულობის დროს ის შეიძლება უფრო გასქელდეს და რაოდენობამაც მოიმატოს. მაგრამ ორსულების ღელვის ერთ-ერთი მიზეზი ყავისფერი გამონადენია, ალბათ იმიტომ, რომ ეს ფერი ძალიან ახლოს არის სისხლთან. კარგი ამბავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ის ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ თქვენ ან თქვენს პატარას რამე პრობლემა გაქვთ.
რა იწვევს ორსულობის დროს ყავისფერ გამონადენს საშოდან?
ყავისფერი გამონადენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გაღიზიანებაა. ორსულობის დროს ჰორმონების მომატება და სისხლის ნაკადის გაზრდა მთელს სხეულში საშვილოსნოს ყელს უფრო მგრძნობიარეს ხდის, სექსმა ან მენჯის გამოკვლევამ შეიძლება გაამძაფროს ეს და გამოიწვიოს მოყავისფრო გამონადენი.
თუ ბოლო ტრიმესტრში ხართ, ყავისფერი გამონადენი ასევე შეიძლება იყოს მშობიარობის მოახლოების ნიშანი.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ყავისფერი გამონადენი შეიძლება იყოს უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანი – მუცლის მოშლის საფრთხე, საშვილოსნოსგარე ორსულობა, პლაცენტასთან დაკავშირებული პრობლემები ან საშვილოსნოს ყელის ან საშვილოსნოს ინფექციის ნიშანი. ამ მდგომარეობებს ჩვეულებრივ თან ახლავს სხვა სიმპტომები.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
- გამონადენი კაშკაშა წითელი ფერისაა ან სისხლდენა გაქვთ;
- გამონადენი ნაცრისფერია;
- გტკივათ მუცელი ან გაქვთ ჭინთვები;
- გტკივათ წელი.
მიუხედავად იმისა, რომ ყავისფერი გამონადენი ყოველთვის არ არის საგანგაშო, აჯობებს, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ და შეატყობინებთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია, მან გაგიკეთოთ ექოსკოპია, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია (ანუ, ნაყოფი ნორმალურად ვითარდება და ინფექციის ნიშნები არ არის).
წყარო: www.whattoexpect.com