რა არის ზრდის ტკივილები?
სკოლამდელ და თინეიჯერობამდელ ასაკში ბავშვები ხშირად უჩივიან ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილს. ის, როგორც წესი, გვიან ნაშუადღევს ან საღამოს იწყება და შეიძლება მთელი ღამე გასტანოს, დილით კი გაიაროს.
რა არის ზრდის ტკივილების მიზეზი?
დანამდვილებით არავინ იცის ზრდის ტკივილების მიზეზების შესახებ, თუმცა ექსპერტებს აქვთ რამდენიმე ვარაუდი:
ზეაქტიურობა. ბევრი მშობელის დაკვირვებით, ზრდის ტკივილები ბავშვებს უჩვეულოდ აქტიური დღის შემდეგ ეწყებათ.
ჰიპერმობილობა. ეს გენეტიკურად განპირობებული თავისებურებაა, რომელიც ცვლის სახსართა მოძრაობის უნარს და ამ დროს ზრდის ტკივილების რისკი უფრო ხშირად აწუხებთ.
ზრდის ტკივილების სიმპტომები:
- ტკივილი წვივის, ბარძაყების, თეძოების და მუხლის უკანა არეში.
- ხანგრძლივი ან გამჭოლი ტკივილი ნაშუადღევის,საღამოს ან ღამის საათებში.
- ტკივილი სხეულის ორივე მხარეს ერთდროულად.
- ტკივილი ქრება დილით.
3 წლის ბავშვმა შეიძლება აღწეროს მისი ზრდის ტკივილები იმით, რომ იგი “ვერ გრძნობს თავის ფეხებს” ან “მათში ობობებია”.
ზრდის ტკივილების სიმძიმე და ხანგრძლივობა ბავშვიდან ბავშვამდე განსხვავდება. ზოგჯერ ისინი რამდენიმე წუთს გასტანს, ზოგიერთ ბავშვს (და მათ მშობლებს) ასე არ უმართლებს და ტკივილი რამდენიმე საათს გრძელდება. ის შეიძლება მსუბუქად არასასიამოვნო იყოს ან ტირილამდე მიიყვანოს პატარა. რთულ შემთხვევებში შეიძლება ყოველდღე იგრძნონ ტკივილი.
როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს ზრდის ტკივილები?
თქვენი გამხნევება და სიყვარული დაეხმარება მას იმის გაგებაში, რომ ზრდის ტკივილები სამუდამოდ არ გაგრძელდება. ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ დისკომფორტის შემცირებაში:
დაუმასაჟეთ მტკივნეული ადგილი. სცადეთ მისი კუნთების დაჭიმვა.
ჩააწვინეთ თბილ აბაზანაში. წყლით თამაში ყურადღებას გადაატანინებს ახლად ფეხადგმულ ბავშვს ზრდის ტკივილებისგან.
მიეცით ტკივილგამაყუჩებელი. თუ ტკივილი არ იკლებს, შეგიძლიათ მისცეთ იბუპროფენის ან პარაცეტამოლის ჯგუფის წამლები. იმისათვის, რომ დოზას არ გადააჭარბოთ, წაიკითხეთ წამლის ანოტაცია.
როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია?
თუ ტკივილი მუდმივად გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თან ახლავს სხვა სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, შეშუპება, მუქი შარდი, კუნთებთან კანის სიწითლე და სიმხურვალე).
ტკივილი მხოლოდ ერთი ადგილიდან მოდის – ერთი თეძო, ბარძაყი ან მუხლი. ექიმმა უნდა გამორიცხოს სხვა მიზეზები, როგორიცაა მოტეხილობა ან ინფექცია.
ბავშვი ტკივილის გამო კოჭლობს.
შეგვიძლია ზრდის ტკივილების თავიდან არიდება?
მართალია, ამ ტკივილის თავიდან აცილების საშუალება არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამორიცხოთ სხვა მიზეზები და და დარწმუნდეთ, რომ თქვენი შვილი:
ატარებს შესაბამის ფეხსაცმელს. ბრტყელი ტერფის მქონე ბავშვებმა შესაძლობა უფრო მწვავედ იგრძნონ ზრდის ტკივილები.
სვამს საკმარისი რაოდენობის წყალს. გაუწყლოვანებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი.
იკვებება ჯანსაღად. ბალანსირებული კვება უზრუნველყოფს, რომ ბავშვმა მიიღოს ყველა ის მინერალი და ვიტამინი, რომელიც საჭიროა მისი ზრდისა და განვითარებისთვის.
წყარო: www.whattoexpect.com